The GENESIS Assosiation ჩვილ ბავშვთა კვება

თუ ამ ბროშურამ დაგაინტერესათ, ე.ი. თქვენს ოჯახს ახალი წევრი შეემატა. გილოცავთ! თქვენს პატარას ვუსურვებთ ჯანმრთელ მომავალს.

დედის ორგანიზმიდან გარე სამყაროში მოხვედრილი ბავშვი მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშე დგება, რადგან მისი ნაზი ორგანოები და სისტემები ფუნქციონირებას იწყებენ სრულიად განსხვავებულ გარემოში, ვიდრე ისინი მანამდე იმყოფებოდნენ.

ამ რთული ადაპტაციური პროცესების ნორმალურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესია სწორი კვება.

არსებობს 6 თვემდე ასაკის ბავშვთა კვების სამი სახე:

1. ბუნებრივი კვება – როდესაც ბავშვი მხოლოდ დედის რძით იკვებება;

2. უპირატესად ძუძუთი – შერეული კვება – როდესაც ბავშვს დედის რძესთან ერთად ეძლევა ხელოვნური საკვები;

3. ხელოვნური კვება – როდესაც ბავშვი იღებს მხოლოდ ხელოვნურ საკვებს;

ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს 6 თვიდან, ხოლო ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს 5 თვიდან აუცილებლად ენიშნებათ დამატებითი კვება.

  • ბუნებრივი კვება
  • შერეული კვება
  • ხელოვნური კვება
  • დამატებითი კვება

გახსოვდეთ: ძუძუთი კვება საუკეთესოა თქვენი შვილისათვის!

რა უპირატესობა აქვს ძუძუთი კვებას:

    დედის რძე სპეციფიურია, ე.ი. ისეთი, რომელიც შეესაბამება მზარდი ორგანიზმის თავისებურებებს, იგი ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას;

    ქალის რძეს ბავშვი ადვილად ითვისებს, ვინაიდან მასში შემავალი ნივთიერებების გადამუშავებისათვის საკმარისია იმ ფერმენტების რაოდენობა, რომელიც ჩვილის კუჭ-ნაწლავში გამოიყოფა; უფრო მეტიც, თვით რძე შეიცავს ისეთ ფერმენტებს, რომლებიც ეხმარება ბავშვს საკვების მონელებაში.

    დედის რძე შეიცავს ინფექციის საწინააღმდეგო ფაქტორებს, რაც ბავშვს ინფექციებისაგან იცავს და ასევე, ეხმარება ახალშობილს საკუთარი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში;

    ძუძუთი კვების დროს მცირდება ალერგიის განვითარების შესაძლებლობა;

    ძუძუთი კვება ხელს უწყობს ენისა და სახის კუნთოვანი აპარატის ჩამოყალიბებას, რაც განსაზღვრავს შემდგომში ბავშვის სწორ მეტყველებას;

    ძუძუთი კვებისას ბავშვსა და დედას შორის არის მჭიდრო კონტაქტი, ბავშვი ბუნებრივად იღებს დედის სიყვარულსა და სითბოს, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს მომავალში ბავშვის ემოციურ სფეროს.

    ძუძუთი კვება დედის ჯანმრთელობის საწინდარია. იგი ხელს უწყობს მშობიარობის შემდგომ სისხლდენის სწრაფ შეწყვეტას.

    ძუძუთი კვება უსაფრთხო და მოსახერხებელია, არ მოითხოვს რძის ადუღებასა და შეთბობას.

    ძუძუთი კვება ეკონომიურია ოჯახის ბიუჯეტისათვის.

დედის სურვილი – საკუთარი ძუძუთი კვებოს ბავშვი – უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ნორმალური ლაქტაციისათვის (რძის წარმოქმნისათვის), ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მეძუძური ქალისათვის დადებით ემოციებს, მეუღლეებს შორის დამოკიდებულებას, რაც განსაზღვრავს რძის გამოყოფის თავისებურებებს და რძის შემადგენლობასაც კი.

ნორმალური ლაქტაციისა და ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარების აუცილებელი პირობები მეძუძური ქალისათვის ცხოვრების სწორი რეჟიმის დაცვა და საკვები პროდუქტების სწორი შერჩევაა: შეეცადეთ დაისვენოთ იმ დროს, როცა თქვენს პატარას სძინავს; უნდა გეძინოთ დღე-ღამეში სულ ცოტა 6-8 საათი; მიიღეთ საკვები დღეში 3-4-ჯერ და სითხე იმ რაოდენობით, რომ წყურვილის შეგრძნებამ არ შეგაწუხოთ. მეძუძურმა დედამ უნდა მიიღოს 500 კილოკალორიით (შეესაბამება დაახლოებით ორ ჭიქა მაწონს ან რძეს) მეტი საკვები.

ჭარბი კვება და დიდი რაოდენობით სითხის მიღება რძის წარმოქმნის გაძლიერებას არ განაპირობებს.

ბავშვის დაბადებისთანავე, პირველივე წუთებში, მკერდში რძე არის ხსენის სახით.

გახსოვდეთ! მაღალი კალორიულობა, ადვილად შეწოვის უნარი, ქიმიური შემადგენლობით მისი მსგავსება ბავშვის ქსოვილებთან, მაღალი იმუნური თვისებები _ ყოველივე ამის გამო ხსენი შეუცვლელი საკვებია ბავშვის დაბადების პირველ დღეებში.

ძუძუთი კვების დაწყება მიზანშეწონილია ბავშვის დაბადებიდან 0,5-1 საათის განმავლობაში. ამ პერიოდში ბავშვი იღებს პირველ რძეს – ხსენს – რომელიც ორჯერ უფრო კალორიულია, ვიდრე ჩამოყალიბებული შემადგენლობის რძე. ხსენი მოყვითალო ფერისაა, ის ორი კვირის განმავლობაში თანდათან ღიავდება და მოთეთრო ან, ხშირად, მოცისფო ფერს იღებს. გამოწველილი რძე გაყინვისას ყვითელი ფერის ხდება.

გახსოვდეთ! ქალის რძის ფერი არ არის მისი ცხიმიანობისა და კვებითი ღირებულების მაჩვენებელი. ყველა ქალის რძის შედგენილობა მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, რძის შემადგენლობის შემოწმება აზრს კარგავს, რადგან თქვენ გაქვთ სწორედ ის რძე, რომელიც თქვენს პატარას სჭირდება.

ძუძუს წოვისას რძის პირველ ნაკადში წყლის შემცველობა უფრო მეტია, თუმცა მასში ბავშვის ინფექციისგან დამცავი ნივთიერებებიც დიდი რაოდენობებითაა. ბოლო ნაკადი უფრო მდიდარია ცხიმით. ბავშვისათვის აუცილებელია ძუძუში დაგროვებული რძის მიღება სრული მოცულობით. თუ მას უჭირს ძუძუს დაცლა, ბოლომდე გამოიწველეთ რძე და ისე მიეცით, რომ ბავშვი არ დარჩეს რძის ცხიმის გარეშე.

გამოწველილი რძე შეგიძლიათ შეინახოთ თავდახურულ გასტერილებულ ჭურჭელში. იგი ვარგისია ოთახის ტემპერატურაზე 3-4 საათის განმავლობაში, მაცივარში - 24 საათი. Gგამოყენების წინ საჭიროა რძის შეთბობა და არა ადუღება.Gგამოწველილი რძე ბავშვს უნდა მიეცეს კოვზით ან ჭიქით და არა საწოვარიანი ბოთლით, რადგან საწოვარათი წოვა ადვილია და შეიძლება ბავშვი ძუძუს წოვას გადაეჩვიოს, “გაზარმაცდეს~.

ახალშობილი თავდაპირველად მოთხოვნილების მიხედვით იკვებება _ 10-12-ჯერ დღე-ღამეში, დაახლოებით 2-2,5 საათიანი ინტერვალით. შემდგომში ის თავად აყალიბებს კვების რეჟიმს. თუ ბავშვს დიდხანს სძინავს, დღის განმავლობაში ის კვებისთვის ყოველ 3 საათში ერთხელ უნდა გააღვიძოთ.

თუ ბავშვი ერთი ძუძუს დაცლის შემდეგ ითხოვს კვების გაგრძელებას, აუცილებლად გადაიყვანეთ ის მეორე ძუძუზე. შემდგომი კვება დაიწყეთ იმ ძუძუთი, რომლითაც დაამთავრეთ წინა კვება.

თუ ახალშობილი ერთ თვემდე ძუძუს წოვს და თქვენი რძის გარდა სხვა სითხეებს არ იღებს, დარწმუნდებით, რომ მას რძე ყოფნის, თუ:

  • შარდავს დღე-ღამეში 6-8-ჯერ;
  • აქვს ნაწლავთა მოქმედება დღე-ღამეში 1-2-ჯერ ან ყოველი კვების შემდეგ;
  • კვების შემდეგ ამჩნევთ, რომ დაკმაყოფილებულია;
  • წონის ნამატი კვირაში შეადგენს საშუალოდ 125-150 გრამს.

არსებობს ძუძუთი კვების სხვადასხვა პოზიცია. მათგან ყველაზე ხშირად გამოიყენება:

  • აკვნის პოზიცია
  • "ფეხბურთელის" პოზიცია
  • გვერდზე წოლის პოზიცია
  • ზურგზე წოლის პოზიცია (როცა დედა ზურგზე წევს და ჩვილი მუცლით აწევს ზემოდან). ეს პოზიცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა დედას რძე აქვს დიდი რაოდენობით.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის პოზიცია, რომელიც უფრო კომფორტულია თქვენთვის.

თუმცა, როგორ პოციზიაშიც არ უნდა აჭმევდეს დედა, თუ ბავშვი ძუძუს არასწორად მოეჭიდა, ის საჭირო რაოდენობის რძეს ვერ გამოსწოვს, დედას კი შეიძლება შეექმნას პრობლემები კერტის (ძუძუსთავის) დაზიანების, ნახეთქის, სარძევე ჯირკვლის გამკვრივების, მასტიტის (სარძევე ჯირკვლის ანთება) სახით და სხვა. ამიტომ აუცილებელია სწორი და არასწორი პოზიციის ნიშნების ცოდნა.

ძუძუთი კვებისას ზოგჯერ დედას უჩნდება პრობლემები: სარძევე ჯირკვლის გამკვრივება, დახეთქილი, მტკივნეული ძუძუსთავები, მასტიტი. ყველა ამ შემთხვევაში ძუძუთი კვების გაგრძელება არათუ უსაფრთხოა,

ძუძუთი კვებისას ზოგჯერ დედას უჩნდება პრობლემები: სარძევე ჯირკვლის გამკვრივება, დახეთქილი, მტკივნეული ძუძუსთავები, მასტიტი. ყველა ამშემთხვევაში ძუძუთი კვების გაგრძელება არათუ უსაფრთხოა, არამედ შველის კიდეც გაჩენილ პრობლემას: ყოველი კვების შემდეგ 1-2 წვეთი ძუძუს რძე წაისვით მტკივნეულ ძუძუსთავებზე და გაიშრეთ ჰაერზე. თუ კერტების დაზიანება ღრმაა და კვებებს შორის სამკურნალო მალამოს ხმარებაა აუცილებელი, საჭიროა წამლის ნარჩენის ჩამობანა ყოველი კვების წინ.

იმ შემთხვევაში, თუ დედას რძე არა აქვს საკმარისი რაოდენობით, საჭირო ხდება ბავშვმა 6 თვის ასაკამდე დედის რძესთან ერთად ადაპტირებული საკვებიც მიიღოს. შერეული კვების დროს ბავშვმა ყოველ კვებაზე ორივე ძუძუ ბოლომდე უნდა დაცალოს, შემდეგ კი მიიღოს ხელოვნური საკვები საჭირო რაოდენობით.

შერეულ კვებაზე ბავშვის გადაყვანა უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით, რომელიც შეგირჩევთ საკვების სახეს და რაოდენობას.

გახსოვდეთ! ყველაზე საუკეთესო ხელოვნური საკვებიც ვერ შეედრება დედის რძის უნიკალურ თვისებებს და ვერ ჩაითვლება დედის რძის სრულყოფილ შემცვლელად.

ბავშვის ნაადრევი გადაყვანა ხელოვნურ კვებაზე შეიძლება გახდეს დედასა და შვილს შორის მჭიდრო კონტაქტის ნაკლებობის და, ამის გამო, მოგვიანებით ასაკში, ბავშვის ფსიქომოტორული დარღვევების საფუძველი. ამიტომ, დ ე დ ე ბ ო, რომლებმაც რაიმე მიზეზის გამო გადაწყვიტეთ ძუძუს მოწყვიტოთ თქვენი შვილი, ჯერ კარგად დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგით ეს ნაბიჯი და ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი არ არის! იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გაქვთ თუნდაც “1-2 წვეთი~ რძე, აუცილებლად ყველა კვების წინ უნდა ჩაუდოთ ბავშვს ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ძუძუ და ამის შემდეგ მისცეთ ხელოვნური საკვები. რძის უკმარისობის წამალი ძუძუს ხშირი და ხანგრძლივი კვებაა, რადგან სარძევე ჯირკვლის ხშირი დაცლა ხელს უწყობს რძის გამომუშავებას.

გაითვალისწინეთ! ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები ადვილად ხდებიან ავად და დაავადებაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მათში ხშირია ალერგიული გამოვლინებები, რაქიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები.

თუ დარწმუნდით, რომ ბავშვს დედის რძე არ ყოფნის, დასამატებლად შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური საკვები ანუ დედის რძესთან მიახლოებული ადაპტირებული ნარევები. საქართველოში გავრცელებული ადაპტირებული ნარევებია: მალიუტკა, ჰუმანა, ნანი, ნუტრილონი, ნუტრილაკი, ლაქტოფიდუსი, ჰიპი და სხვა. ყველა სახის ადაპტირებული ნარევი ორ ჯგუფად იყოფა: 0-დან - 6 თვემდე გამოსაყენებელ და 6-დან - 12 თვემდე გამოსაყენებელ ნარევად.

გარდა ამისა, არსებობს სამკურნალო ნარევები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული პრობლემების დროს. მაგალითად, ანტირეგურგიტივა - ღებინების და ხშირი წამოქაფების დროს; სოიოს რძეზე დამზადებული ნარევები - რძის კომპონენტებზე (რძის ცილა, რძის შაქარი) ალერგიის დროს და სხვა.

ხელოვნური კვებისას აუცილებელია მკაცრი საათობრივი რეჟიმის დაცვა ღამის 6-6,5 საათიანი ინტერვალით:

იშვიათად, მაგრამ დღესაც შეიძლება შეგვხვდეს ისეთი მდგომარეობა, როცა დედას რძე არა აქვს და ხელოვნური ადაპტირებული საკვებიც არ არის ხელმისაწვდომი. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას არაადაპტირებული საკვები, მაგალითად მაწონი.

მაწონი შეიცავს ბუნებრივ, სასარგებლო ბაქტერიებს – ლაქტობაქტერიებს და აქვს მჟავე რეაქცია, რის გამოც ხელს უშლის ნაწლავებში მავნე ბაქტერიების ზრდას და აუმჯობესებს ცხიმის შეთვისებას.

ბინის პირობებში მაწვნის დამზადებისას აუცილებლად უნდა დაიცვათ მისი მომზადების წესი: მაწვნის “დედა~ გაგლისეთ 20 გრადუსამდე გამთბარ თბილ რძეში, შეურიეთ სუფთა ქილაში წინასწარ ჩასხმულ ანადუღარ და 38-40 გრადუსამდე შეგრილებულ რძეში და მოურიეთ. ქილა შეფუთეთ და დადგით ჯერ თბილ ადგილას 3 საათის განმავლობაში, შემდეგ კი, ნახევარი საათით, გრილ ადგილას, რის შემდეგაც გაგრილებული მაწონი უნდა მოათავსოთ მაცივარში 8-10 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, მაწონი მზადაა და ბავშვისთვის საკვებად ვარგისია 24 საათის მანძილზე. ‘მაწვნის დედად~ უნდა გამოვიყენოთ წინა დღის მაწვნის "ნაწილი".

თავდაპირველად, სასურველია, მაწონი განაზავოთ ბურღულეულის (ბრინჯი, შვრია-"ჰერკულესი~) ნახარშებით. მაწვნის ნარევის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 წილი მაწონი და 1 წილი ბურღულეულის ნახარში.

ნახარშის მომზადება: 10 გრ. ბურღულეული გარეცხეთ, დაასხით 160 მლ. წყალი და გააჩერეთ 1-2 საათი დასალბობად. შემდეგ კარგად მოხარშეთ და ბოლოს გახეხეთ ხის კოვზით დოლბანდჩაფენილ საცერში. მიღებული მასა შეავსეთ ანადუღარი წყლით 100 მილილიტრამდე და წამოადუღეთ. ნახარში შეინახეთ გრილ ადგილას.

ნახარშის რაოდენობა ნარევში შეამცირეთ თანდათანობით და დაახლოებით ორ კვირაში შეიძლება ჩვილისათვის სუფთა მაწვნის მიცემა.

თუ სხვა არჩევანი არ გაქვთ, შეიძლება ჩვილის საკვებად ნაღებმოხდილი თხის რძეც გამოიყენოთ, ვინაიდან შემადგენლობით თხის რძე ძალიან ჰგავს ქალის რძეს.

    ერთ თვემდე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილი, სასურველია, იკვებებოდეს 7-ჯერ დღეში ანუ 3 საათში ერთხელ.

    1-დან 4 თვემდე - 6-ჯერ ანუ ყოველ 3,5 საათში ერთხელ.

    4 თვის შემდეგ - 1 წლამდე - 5-ჯერ ანუ ყოველ 4 საათში ერთხელ.

ხელოვნური საკვების მიღებისას, აუცილებელია, კარგად და დაკვირვებით წაიკითხოთ და მკაცრად დაიცვათ კოლოფზე მინიშნებული საკვების მომზადების წესი!

    საკვები მოამზადეთ სუფთა და სტერილურ ბოთლში: ბოთლი მოათავსეთ ცხელ წყალში, გარეცხეთ ჯაგრისით და გაავლეთ სუფთა გამდინარე წყალში. ბოთლის სტერილიზაცია ხორციელდება დუღილით 10 წთ-ის განმავლობაში. საწოვარა უნდა გარეცხოთ გამდინარე წყლით, შემდეგ გადაავლოთ მდუღარე წყალი და გაასტერილოთ დუღილით 10-15 წუთის განმავლობაში.

    ყოველი კვებისას გამოიყენეთ ახლად მომზადებული საკვები. კვების დროს საკვები უნდა იყოს სხეულის ტემპერატურის (ანუ 370ჩ-მდე), რისი შემოწმებაც შეგიძლიათ მაჯის შიდა ზედაპირზე საკვების წვეთების დასხმით.E

    კვებისას ბოთლი დაიჭირეთ დახრილ მდგომარეობაში ისე, რომ საკვები ავსებდეს ბოთლის ყელს და საწოვარას, რათა ბავშვმა ჰაერი არ ჩაყლაპოს.

    საწოვარას ნახვრეტი უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ რძე გადმოდიოდეს წვეთობით (1 წვეთი 2-3 წამში) და არა ნაკადით. საწოვარა უნდა იყოს მკვრივი.

    კვების ხანგრძლივობა უნდა იყოს 15-30 წუთი.

    აუცილებელია საკვები მომზადდეს უშუალოდ კვების წინ! ბოთლში დარჩენილი საკვების ხელმეორედ გაცხელება არ შეიძლება, ის უნდა გადაიღვაროს!

    კვების დროს ბავშვი აიყვანეთ ხელში და დაიჭირეთ ნახევრად ვერტიკალურ მდგომარეობაში, საწოლში კვება დაუშვებელია.

    კვების დასრულების შემდეგ ბავშვს მიეხმარეთ რძესთან ერთად ჩაყლაპული ჰაერის ამოქარვებაში (იხილე სურათები).
    ერთ თვემდე, სასურველია, ბავშვს კვების პროცესში რამდენჯერმე ამოაქარვებინოთ. ეს შეიძლება საჭირო გახდეს ერთი თვის ასაკის შემდეგაც, თუ ბავშვი, სხვადასხვა მიზეზის გამო, საკვებთან ერთად ჭარბად ყლაპავს ჰაერს.

დამატებითი კვება ენიშნებათ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს 6 თვიდან, ხოლო ხელოვნური კვების დროს 5 თვიდან.

ამ ასაკში უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ რძიდან მიღებული საკვების ნივთიერებების რაოდენობა, გაზრდილია მოთხოვნილება რკინას, თუთიას და სხვა ელემენტებზე. დამატებითი კვება ხელს უწყობს საკვები ნივთიერებებისადმი ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების შევსებას. გარდა ამისა, ხდება ბავშვის თანდათანობით შეგუება მოზრდილებისათვის ჩვეულებრივი საკვების მიმართ. დამატებითი საკვები კი არ ენაცვლება დედის რძეს, არამედ ემატება მას. დედის რძე მაინც რჩება ჩვილი ბავშვისათვის ენერგიის, ცილების, მიკროელემენტების შეუცვლელ წყაროდ.

გახსოვდეთ! აუცილებელია თქვენს პედიატრთან კონსულტაცია. ის გირჩევთ, თუ რომელი საკვებითაა მიზანშეწონილი თქვენი ბავშვისათვის დამატებითი კვების დაწყება, ვინაიდან პირველი დამატებითი საკვების არჩევა ბავშვის ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით ხდება.

გახსოვდეთ! დამატებითი კვება უნდა დაიწყოთ ერთი სახეობის საკვებით. ახალ საკვებს ბავშვი უნდა მიეჩვიოს თანდათანობით – 1-2 ჩაის კოვზიდან, წვენების მიცემა უნდა დაიწყოთ 5-6 წვეთიდან. ახალ საკვებთან შესაგუებლად შეიძლება 15-20 დღეც კი დაგჭირდეთ, თავდაპირველად ბავშვის მიერ ახალ საკვებზე უარის თქმა ნორმალური მოვლენაა და არ ნიშნავს, რომ ამ საკვებს საერთოდ არ მიიღებს

დამატებითი საკვები ბავშვს უნდა მიეწოდოს კოვზით და არა ბოთლით. ეს ხელს შეუწყობს ენის კუნთების განვითარებას და შესაბამისად სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას.

დამატებით საკვებად, უპირატესად, გამოიყენება ბურღულეულის ფაფები, ბოსტნეულის პიურე, ხილის წვენები, ხილფაფები.

ფაფის მოსამზადებლად გამოიყენება ძირითადად წიწიბურა, შვრია - "ჰერკულესი", სიმინდის ფქვილი, ბრინჯი. მანანას ბურღულის (“მანის") ფაფის გამოყენება 3 წლამდე რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ახასიათებს გამოხატული “რაქიტოგენული~ ეფექტი, ანუ ხელს უწყობს რაქიტის ჩამოყალიბებას.

ფაფები თავიდან უნდა დაამზადოთ თხელი – კისელის კონსისტენციის, იხარშება წყალზე და ემატება დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი თანდათან უნდა გაასქელოთ. სასურველია, ფაფები მომზადდეს უშუალოდ კვების წინ და ბავშვს მიეცეს დღის პირველ ნახევარში. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება, ფაფა გამოყენებულ იქნეს დღეში ორჯერ.

ამავე ასაკიდან, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბოსტნეულის პიურე, რომელიც უნდა მიეცეს ჩვილს მესამე კვებაზე, დაახლოებით შუადღისას 2-დან 5 საათამდე. თუ ბავშვი უარს აცხადებს ბოსტნეულის პიურეს მიღებაზე, საკვებს შეიძლება დაემატოს დედის რძე, ან ის ხელოვნური ნარევი, რითაც ბავშვი ძირითადად იკვებება.

მომზადების წინ ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხეთ სუფთა ჯაგრისით გამდინარე ცივ წყალში.

გახსოვდეთ! საკვებს სუფრის მარილი და შაქარი დაამატეთ მცირე რაოდენობით, ხოლო ცხიმი (ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი) უნდა დაემატოს ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ.

6 თვემდე ბავშვის მოთხოვნილება წყალზე სრულიად კმაყოფილდება დედის რძით ან ადაპტირებული ნარევებით (ხელოვნური კვების დროს). 6 თვიდან წყალი უნდა მისცეთ ბავშვის სურვილისამებრ, სასურველია პატარა, თავდახურული ტუჩიანი ჭიქის გამოყენებით.

ხილის წვენებიდან და ხილფაფიდან, სასურველია, პირველად გამოყენებული იქნას ახლადგამოწურილი ვაშლის წვენი და პლასტმასის სახეხზე გახეხილი ვაშლის ხილფაფა (ვაშლი პრაქტიკულად არაალერგიული პროდუქტია). ჩვილებისათვის შეიძლება მსხლის, ქლიავის, გარგარის, ატმის, შეჩვევის შემდეგ კი, ალუბლის, შავი მოცხარის, ალუჩის წვენების გამოყენება, რომლებიც სასურველია განვაზავოთ წყლით. წლამდე თავი შეიკავეთ ციტრუსების წვენის მიცემისგან.

კბილების ამოჭრის შემდეგ ბავშვს მიეცით ვაშლის ნაჭერი, რომ მან თვითონ დაიწყოს კბილებით საკვების მოფხეკა. ახლადმომზადებულ წვენებში უფრო მეტია ვიტამინი ჩ, ხოლო მინერალური ნივთიერებები, პექტინები, უჯრედისი მეტია რბილობში. ამიტომ, აუცილებელია, ხილის მიღება გახეხილი სახითაც.

გახსოვდეთ! უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივ მცირე ზომის ხილს, რადგან ის ნაკლებად შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის, მითუმეტეს ჩვილისათვის, მავნე ქიმიურ ნივთიერებებს (პესტიციდებს და სასუქებს).

უახლესი მონაცემებით, ხაჭო და მაგრად მოხარშული კვერცხის გული ბავშვმა შეიძლება მიიღოს 7 თვის ასაკიდან რძეში, ფაფაში ან ბოსტნეულის პიურეში გასრესილი სახით. წლამდე ასაკის ბავშვების კვებაში კვერცხის ცილის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

7 თვის ასაკიდან სასურველია ბავშვს მისცეთ წიწილის თეთრი ხორცი, რომელიც სჯობს დაუმატოთ ბოსტნეულის პიურეს. ხოლო 8 თვიდან შეგიძლიათ მისცეთ ხბოს ხორცი. ხორცი მოხარშეთ ცალკე, დაჭერით წვრილად ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და 1-2 ჩაის კოვზი აურიეთ ბოსტნეულის პიურეში.

7-8 თვის ასაკში ბავშვის რაციონს ემატება მაწონი, ორცხობილა, ხორცისა და ძვლის ნახარშზე (პირველი ნახარში უნდა გადაიღვაროს) დამზადებული სუფები. მაწონი, სასურველია, დამზადებული იყოს რძის ფხვნილზე ქარხნული წესით, ორცხობილა დაამზადეთ შინ.

ძროხის რძის გამოყენება 9 თვემდე ასაკში რეკომენდებული არ არის.

8-9 თვიდან რაციონს ემატება მოხარშული თევზი, წითელი ლობიო, უმარილო ყველი.

10 თვიდან ბავშვმა შეიძლება მიიღოს საკვები საერთო სადილიდან. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის კვებისას არ უნდა გამოიყენოთ ცხარე, მლაშე საკვები, ტომატი, სანელებლები, ძლიერ ცხიმიანი კერძი.

ბროშურა მომზადებულია ასოციაცია “გენეზისი"-ს მიერ «NOVIB» – «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით

დამატებითი რჩევებისათვის მიმართეთ კლინიკას - “გენეზისი" შემდეგ მისამართებზე:

ასოციაცია "გენეზისი"-ს პუბლიკაციები


Copyright © 2001-2009 The GENESIS Association