რამ განაპირობა პროექტის საჭიროება?


სკოლის შემდგომი ფორმალური განათლების სისტემაში უფასო ან შეღავათიანი სწავლების თეორიული უფლება შეზღუდული რაოდენობის ზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდებისათვის პრაქტიკულად არახელმისაწვდომია, რადგან არ არსებობს მათი საცხოვრებელი ადგილით, სასწავლო სტიპენდიით, მგზავრობის, კვების, სასწავლო სახელმძღვანელობით უზრუნველყოფის პარალელური პროგრამები და დასაქმების და სოციალური ინტეგრაციის უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკა და განხორციელების ფორმები. აქტუალურია ზრუნვიდან გამოსული მოზარდებისა და ახალგაზრდების სტიგმა-დისკრიმინაციის პრობლემაც, რომელიც თავის წილ ნეგატიური გავლენაა ახდენს მათი დასაქმების პერსპექტივებზე

როგორც ცნობილია, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის შედეგად, ბავშვები და მოზარდები, რომლებიც დიდი ზომის ბავშვთა სახლებში იმყოფებოდნენ, გადავიდნენ ოჯახებში ან ოჯახის ტიპის მზრუნველობაში, რაც, უდაოდ, ბავშვზე ზრუნვის ფორმის გაუმჯობესებაა. ოჯახის ტიპის სახლებში მოხვედრილი ბავშვთა რაოდენობა დეინსტიტიუციონალიზაციის პროცესამდე არსებული ზრუნვის ქვეშ მყოფი აღსაზრდელების საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 5%-ს შეადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ დეინსტიტუციონალიზაციის დაწყებამდე, ბავშვთა დაწესებულებებში აღსაზრდელების 80-85% მათი ოჯახების/მზრუნველების სოციალურად მძიმე მდგომარეობისა და შესაბამისი სახელმწიფო რესურსების ნაკლებობის გამო იმყოფებოდნენ, მათი ნაწილის ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრაციამ, შესაბამისი სახლმწიფო სააგენტოების მიერ ამ ოჯახებთან სოციალური მუშაობის ჩატარების მიუხედავად, მხოლოდ შეამცირა მათი ადექვატური განათლების, დასაქმების და სრულფასოვანი ეკონომიური და სოციალური ჩართულობის პერსპექტივები. უკიდურესად მძიმე სიატუაციაში აღმოჩნდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც, ზრდასრული ასაკის მიღწევის გამო ავტომატიურად, მათი გადარჩენის შესაძლებლობების შეფასების გარეშე, აღმოჩნდნენ ყველანაირი სოციალური დახმარების გარეშე და, ხშირ შემთხვევებში, ქუჩას შეაფარეს თავი.

პროექტის მოსარგებლენი:

პროექტის სამოდელო სერვისების პირდაპირი ბენეფიციარები არიან 16-დან 23 წლამდე მოზარდები და ახალგაზრდები, რომლებმაც დატოვეს ან დაამთავრეს ბავშვზე ზრუნვის სხვადასხვა ინსტიტუციები – წელიწადში 30 ახალგაზრდა.

პროექტის ადვოკატირება-ლობირების აქტივობების პოტენციური მოსარგებლეა ყველა ის ახალგაზრდა, რომელმაც თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი გაატარა ან ჯერ კიდევ იმყოფება ბავშვთა ზრუნვის მიმწოდებელ სხვადასხვა სახის დაწესებულებაში.

პროექტის მიზანი

  • პროექტის გძელვადიანი მიზანი
    პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ინსტიტუციებიდან გამოსული (დეინსტიტუციონალიზებული და კურსდამთავრებული) ბავშვების და ახალგაზრდების სიღარიბის დონის შემცირება და მათი სოციალური უფლებების გაუმჯობესება.

  • პროექტის მთავარი მიზანია:
    ზრუნვიდან გამოსული მოზარდებისა და ახლგაზრდების დასაქმების, ფინანსური დამოუკიდებლობის და მათი საზოგადოებაში ეკონომიურ-სოციალური ჩართულობის გაუმჯობესება.

როგორ მოხდება პროექტის მთავარი მიზნის მიღწევა?

პროექტის ძირითადი მიმართულებებია:

  1. ზრუნვიდან გამოსული მოზარდების და ახალგაზრდების ძირითი სამუშაო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება;
  2. მათი სოციალური ურთიერთობის უნარების დახვეწა და სოციალური ჩართულობის გაზრდა;
  3. პოტენციური დამსაქმებლების, დაფინანსების სააგენტოების და ფართო საზოგადოების აქტიური ინფორმირება და მოტივირება ზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმების ხელშესაწყობად;
  4. ზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და სხვა სოციო-ეკონომიური უფლებების და შეღავათების ადვოკატირება. საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და ზრუნვის მიმწოდებელ დაწესებულებებთან თანამშრომლობით, არსებულ საკანონმდებლო ბაზაში შესატანი აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების და დამატებების შემუშავება და მათი გათვალისწინება-დაკანონებისთვის ლობირება.