მ ა ლ ა რ ი ა

რა უნდა ვიცოდეთ მისგან თავის დასაცავად

რა არის მალარია?

მალარია არის გადამდები, ხშირად მძიმედ მიმდინარე დაავადება, რომელიც ხასიათდება ხანგამოშვებითი, მაღალი ცხელებით, ძლიერი შემცივნებით და ოფლიანობით.

მისი გამომწვევია პარაზიტი, მალარიის პლაზმოდიუმი - უმარტივესი (ერთუჯრედიანი) მიკროორგანიზმი.

აღმოჩენილია ადამიანის მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმის 4 სახეობა: P.falciparum, P.ovale, P.vivax, P.malarie, რომლებიც დაავადების განსხვავებულ მიმდინარეობას განაპირობებს.

დაავადება გადადის ტრანსმისიული გზით, ე.ი. პარაზიტი ავადმყოფიდან ჯანმრთელ ადამიანთან გადააქვს ე.წ. შუამავალს, ამ შემთხვევაში მდედრ კოღო “ანოფელესს". მისი გამოცნობა შესაძლებელია, ჰგავს ჩვეულებრივ კოღოს, მაგრამ ჰორიზონტალურ ზედაპირთან ზის კუთხით, სხეულის უკანა ნაწილი აწეული აქვს.

ანოფელესი პარაზიტის შუალედურ მასპინძლად გვევლინება. ეს ნიშნავს, რომ პარაზიტი კოღოს ორგანიზმში განვითარების გარკვეულ ეტაპს გადის.

მალარია უძველესი დაავადებაა, მისი ეპიდემია ჯერ კიდევ აფრიკელ ანთროპოიდებს შორის მძვინვარებდა. ის “ერთგულად" მოჰყვება კაცობრიობის განვითარების ისტორიას და დღემდე მსოფლიო მედიცინის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

პირველი დოკუმენტირებული ცნობა მალარიის შესახებ აღმოჩენილია ეგვიპტეში: ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1600 წლით დათარიღებულ პაპირუსში. ჩვ.წ.აღ - მდე IV საუკუნეში ჰიპოკრატემ პირველად აღწერა დაავადების კლინიკური სურათი: “სიფერმკრთალით მიმდინარე ხანგამოშვებითი ცხელება, რომელსაც კლასიკური ტრიადა შემცივნება-ცხელება-ოფლიანობა ახასიათებს გარკვეული პერიოდულობით: ყოველ მე-3, ან მე-4 დღეს".

დაავადების გეოგრაფიული გავრცელება დედამიწაზე

მალარია ფართოდ გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. შიდსისა და ტუბერკულოზის მსგავსად, ეს უღარიბესი ქვეყნების ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა.

მალარიის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სარწმუნო მონაცემების საფუძველზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯამო) ვარაუდობს, რომ მსოფლიო მოსახლეობაში მალარიით ავადობა წლის განმავლობაში 500 მილიონს აღწევს, ხოლო სიკვდილიანობა - 2,7 მილიონს, რომელთა სამი მეოთხედი 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

დაავადება მკვეთრად ენდემური ხასიათისაა, ანუ იმ გეოგრაფიულ ზონებშია გავრცელებული, სადაც გავრცელებულია კოღო ანოფელესი. ეს ზონები ძირითადად ტროპიკული და სუბტროპიკულია, ტენიანი და ცხელი კლიმატით. იხილეთ რუქა.

მალარია საქართველოში

საქართველო თბილი ქვეყანაა და მოიცავს წყალსატევებით მდიდარ სუბტროპიკულ ზონას, ამიტომ ეს დაავადება ჩვენთანაც ოდითგანვე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. საქართველოშ დაავადება ცნობილი იყო “ციების“ სახელწოდებით და მის სამკურნალოდ იყენებდნენ ქინაქინას, რომელიც მალარიის სამკურნალო თანამედროვე წამლების წინაპარია.

XX საუკუნის შუა წლებში მალარიით ავადობამ მკვეთრად იკლო, რადგან საბჭოთა პერიოდში განხორციელდა კოლხეთის ჭაობების დაშრობის გრანდიოზული პროექტი, რასაც ანოფელისის გავრცელების არეალის მკვეთრი შემცირება მოჰყვა.

ბოლო წლებში, სოციალურ-ეკონომიკური პირობების და მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფის გაუარესების ფონზე, მალარიამ კვლავ იჩინა თავი.

დღეს საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მალარიის რისკის ერთ-ერთ აქტიურ ზონად ითვლება. Mმალარიის შემთხვევები ჩვენთან 1998 წლიდან ფიქსირდება და მათი რიცხვი ყოველ წელს საგრძნობლად მატულობს: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით: 1998წ. დაფიქსირდა 12 შემთხვევა; 1999წ. – 35; 2000წ. – 164; 2001წ. – 438; 2002წ.-ს ივლისამდე დაფიქსირებულია 233 შემთხვევა. მალარიის გავრცელების ძირითადი რეგიონებია:

რისკის ზონა: კახეთი - ენდემური კერაა ლაგოდეხი, რამდენიმე ათეული შემთხვევაა სიღნაღში, შედარებით ნაკლებია დედოფლისწყაროში, საგარეჯოსა და ყვარელში.
უმნიშვნელო რისკის ზონა: ქვემო ქართლი: ადიგენი, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი; აგრეთვე ჭიათურა და ოზურგეთი. მაღალმთიანი რეგიონების გარდა, თითქმის ყველგანაა დაფიქსირებული მალარიის ერთეული შემთხვევები.

საქართველოში მალარიის ყველა შემთხვევა P.vivax-ითაა გამოწვეული, ის არ არის პლაზმოდიუმთაგან ყველაზე "ავი", როგორც, მაგალითად, აფრიკული მალარიის გამომწვევი- P.falciparum, და მის მიერ გამოწვეული მალარია ძირითადად ექვემდებარება მკურნალობას, ამიტომ მართებული და დროული ღონისძიებები ბევრ პრობლემას აგვაცილებს თავიდან.

როგორ გამოვიცნოთ მალარია?

მიუხედავად პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და, მით უმეტეს მათ გარეშე, მალარიით დასნებოვნების შანსი მაინც რჩება.

როგორც ბევრ ინფექციურ დაავადებას, მალარიასაც ახასიათებს ე.წ. ინკუბაციური პერიოდი, ანუ პერიოდი ორგანიზმში პარაზიტის შეჭრიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლინებამდე. ეს პერიოდი საშუალოდ 8-30 დღეს შეადგენს.

დაავადების პირველი ნიშნები არასპეციფიურია: საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, ხველა, თავის ტკივილი. ამიტომ ამ სიმპტომებს ხშირად ვირუსული დაავადების გამოვლინებად მიიჩნევენ.

რამდენიმე დღეში ვითარდება უკვე დამახასიათებელი სურათი:

მალარიის მარტივი შეტევა, ე.წ. "კლასიკური ტრიადა":

ძლიერი შემცივნება, კანკალი, რომელსაც მაღალი ცხელება მოჰყვება (40C0 -მდე და ზევით). ტემპერატურა რამდენიმე საათში დაბლა იწევს და ამას ერთვის ძლიერი ოფლიანობა. შეტევებს შორის პერიოდში ავადმყოფი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. დროთა განმავლობაში საერთო სისუსტე და სიფერმკრთალე მატულობს.

ეს კლინიკური სურათი საერთოა ძირითადად ყველა სახეობის პარაზიტისთვის, განსხვავებულია პერიოდულობა: P.vivax, P.ovale და P.malarie გამოწვეული დაავადება ძირითადად გაურთულებლად, კანონზომიერი პერიოდულობით (48 ან 72 საათი), მიმდინარეობს, ხოლო P.falciparum-ით გამოწვეული დაავადება უფრო ატიპიურად და მძიმედ მიმდინარეობს:

მალარიის ძლიერი შეტევა:

როგორც წესი, ახასიათებს მძიმე ფორმის, P.falciparum-ით გამოწვეულ მალარიას, თუმცა, იშვიათად, P. ვივახ-ის ფონზეც გვხვდება: უფრო ხანგძლივი და მაღალი ცხელება, სხვადასხვა ხარისხის გართულებები თავის ტვინის, ღვიძლის, თირკმელების მხრივ. ხშირია მძიმე ანემია (ჰემოგლობინის და ერითროციტების ნაკლებობა სისხლში), სისხლში გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითება. P.ფალციპარუმ-ით გამოწვეული მალარიის არა მხოლოდ დიაგნოსტიკა, არამედ, მკურნალობაც ძნელია, რადგან ხშირად წარმოიშობა მიკროორგანიზმების ე.წ. “რეზისტენტული", ანუ წამლისადმი მედეგი სახეობები.

ქრონიკული მალარია (კახექსიური - მძიმე სიგამხდრით მიმდინარე).

როგორც წესი, ესეც P.ფალციპარუმ-ით გამოწვეული, ხანდახან P.vivax-ით. ძირითადად უვითარდებათ ბავშვებს და ენდემურ კერაში მცხოვრებ ადამიანებს.

მალარიის დიაგნოსტიკა ხდება სისხლის ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

როგორ დავიცვათ თავი მალარიისაგან და როგორ ვებრძოლოთ მას?

ბრძოლა ორი მიმართულებით წარმოებს:

მალარიის პროფილაქტიკა

მალარიის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა

მალარიის პროფილაქტიკა აუცილებელია, როგორც ენდემურ კერებში მცხოვრებთათვის, ისე მოგზაურთათვის.

ცნობისათვის: მალარიის გავრცელების ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გამოყოფილია სახელმწიფო თუ საერთაშორისო დაფინანსებები. ეს ფუნქცია ძირითადად ორგანიზებულ სანიტარულ სამსახურებს აკისრია. სრული ინფორმაციისა და დახმარებისათვის მიმართეთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას და მის რეგიონულ სამსახურებს.

ბრძოლა მალარიის გადამტან კოღო ანოფელესთან.

კოღო ანოფელესის ჩვეული საარსებო გარემოა ნესტიანი, დაჭაობებული ტერიტორია, ამიტომ:

შეძლებისდაგვარად უნდა დამუშავდეს გარე დაჭაობებული ტერიტორია: გამრავლდეს ჭაობებში თევზი გამბუზია - კოღო ანოფელესის ბიოლოგიური მტერი.

შეძლებისდაგვარად უნდა აღიკვეთოს დაჭაობების გამომწვევი მიზეზები.

კოღო ანოფელესთან (როგორც კოღოს, ისე მისი მატლების წინააღმდეგ) საბრძოლველად ფართოდ გამოიყენება ეგრეთ წოდებული ინსექტიციდები: მწერსაწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებები.

საქართველოში გამოსაყენებლად რეკომენდებული და დაშვებულია შემდეგი ინსექტიციდები (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის #64/ N (19.03.02) ბრძანება “ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ". იხილეთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #29, 27.03.2002):

ინსექტიციდები კოღოების მატლების წინააღმდეგ საბრძოლველად:

  • ქლორპიროფოსი
  • დელტამეტრინი
  • დიფლუბენზურონი
  • ეტოფენპროქსი
  • ფენიტროტიონი
  • ფენტიონი
  • ზეთის საწვავი
  • მალატიონი
  • მეტოპრენი
  • პერმეტრინი
  • ფოქსიმი
  • პირიმფოს-მეთილი
  • პირიპროქსიფენი
  • თემოფოსი
  • ტრიფლუმურონი
  • პროპოქსური
  • სოლფაკ-10 *
ინსექტიციდები კოღოების წინააღმდეგ საბრძოლველად შენობის შიგნით (ზოგიერთი დაშვებულია ტანსაცმლის და ქვეშაგების დასამუშავებლადაც)
  • ალფა-ციპერმეტრინი
  • ბენდიოკარბი
  • კარბოსულფანი
  • ქლორპირიფოს-მეთილი
  • ციფლურინი
  • ციპერმეტრინი
  • DDთ
  • დელტამეტრინი
  • ეტოფენპროქსი
  • ფენიტროტინი
  • ლამბდა-ციქალოტრინი
  • მალათიონი
  • პერმეტრინი
  • პირიმფოს-მეთილი

ზემოაღნიშნული ქიმიური საშუალებები შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალურ მაღაზიებში და ვეტერინარულ აფთიაქებში. (ასეთი მაღაზიები, მაგალითად, მდებარეობს თბილისში, დიდუბის მეტროსთან “სამთოქიმიის" შენობაში).

*ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით საქართველოში ფართოდ გამოიყენება ინსექტიციდი “სოლფაკი", რომელიც ვრცელდება უფასოდ. ინფორმაციისთვის მიაკითხეთ მალარიის რისკის ზონაში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის რეგიონულ სამსახურებს.

გახსოვდეთ, ნებისმიერი მწერსაწინააღმდეგო ქიმიური საშუალება გამოიყენეთ მკაცრად, ინსტრუქცის მიხედვით.

შესაძლებელია თუ არა მალარიის საწინააღმდეგო აცრა?

ცნობილია, რომ გადამდები დაავადების ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკა (ანუ მისგან დაცვა) არის აცრა - ვაქცინაცია. რა მდგომარეობაა ამ მხრივ მალარიასთან დაკავშირებით? ჯერჯერობით მალარიის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია არ ხდება, რადგან აქამდე ვერ შეიქმნა ეფექტური ვაქცინა. თუმცა, ამ პრობლემაზე ბევრი სამეცნიერო დაწესებულება მუშაობს მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ბოლო პერიოდში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მალარიის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა, რომლის გამოცდაც ამჟამად მიმდინარეობს და უკვე მიღებულია საკმაოდ იმედისმომცემი შედეგები. იმედია, ახლო მომავალში მალარიის საწინააღმდეგო საყოველთაო აცრა მისი პროფილაქტიკის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მოგვევლინება.

პროფილაქტიკის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა კოღოს კბენისაგან ინდივიდუალური დაცვა:

თქვენი საცხოვრებელი ბინის ღიობები: კარი, ფანჯრები, მჭიდროდ უნდა იხურებოდეს და დაცული უნდა იყოს სპეციალური მწერსაწინააღმდეგო ბადეებით.

თუ მიაგნებთ, კარგად დაამუშავეთ ინსექტიციდით კოღოების ბუდეებიც.

უმჯობესია, გეცვათ ღია ფერის, მკვრივი ქსოვილის ფართო ტანსაცმელი (კოღოებს მზის სხივები და ნათელი ფერი აშინებს, აქტიურდებიან შებინდებისას და ეტანებიან მუქ ფერს), რომელიც მაქსიმალურად უნდა ფარავდეს სხეულს: გრძელსახელოიანი პერანგი ან ქურთუკი და გრძელტოტიანი შარვალი.

დამატებითი რჩევები მათ, ვინც აპირებს მალარიის რისკის ზონაში გამგზავრებას.

მალარია სერიოზული დაავადებაა, ყველა ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს მალარია, თუმცა მისი პრევენცია, ანუ თავიდან აცილება შესაძლებელია.

აფრიკასა და აზიაში ფართოდაა გავრცელებული მალარიის ყველაზე საშიში გამომწვევის P.falciparum-ის სტანდარტული ანტიმალარიული მკურნალობის მიმართ რეზისტენტული (გამძლე) სახეობები.

ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ამა თუ იმ მიზნით უწევს ამ ზონებში მოგზაურობა და გარკვეული დროით ცხოვრება.

იმისათვის, რომ ისიამოვნოთ მოგზაურობით, არ დაგავიწყდეთ რამდენიმე მარტივი წესი. ეს თქვენ და თქვენს ოჯახს მალარიისაგან დაგიცავთ:

I. გააცნობიერეთ თქვენი ინდივიდუალური რისკი. მალარიით დასნებოვნების რისკის შესაფასებლად საჭიროა:

  • გქონდეთ ინფორმაცია სამიზნე რეგიონის მალარიის ეპიდემიოლოგური სიტუაციის შესახებ : მოიცავს თუ არა ამ ადგილს P.ფალციპარუმ-ის რეზისტენტული სახეობების დაფარვის ზონა. (იხილეთ რუქები).
  • კარგად გაეცანით იმ რეგიონში მალარიის გავრცელების დღევანდელ სიტუაციას.
  • რა დროს და რა პირობებში (ქალაქის ტიპის დასახლებაში, თუ ველზე) უნდა იცხოვროთ და ხომ არ მოგიწევთ ღამის ღია ცის ქვეშ გათევა?
  • მაღალი ხარისხის რისკის მქონეთ: მცირეწლოვან ბავშვებს, მოხუცებს, ფეხმძიმე ქალებს, ადამიანებს ქრონიკული დაავადებებით და დასუსტებული იმუნური სისტემით, ვურჩევთ მაქსიმალურად აარიდონ თავი მალარიის რისკის ზონაში გამგზავრებას.

II. მკაცრად დაიცავით კოღოს კბენისაგან ინდივიდუალური დაცვის წესები:

  • წინასწარ განსაზღვრეთ, სად მოგიწევთ ღამის გათევა, რადგან კოღო ანოფელესის აქტიურობის პერიოდი მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე გრძელდება.
  • თუ გაქვთ საშუალება, უმჯობესია, საცხოვრებლად შეარჩიოთ ბინა, ან სადგომი, რომელსაც კარგად აქვს დაცული ღიობები: ფანჯრები, კარები, არის მათზე მწერსაწინააღმდეგო ბადის დამაგრების საშუალება.
  • დაიძინეთ ოთახში კოღოების სრული განადგურების შემდეგ. ოთახის მწერებისაგან გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ კოღოს საწინააღმდეგო ინდუქტორები.
  • თუ მხოლოდ შენობა ვერ გიცავთ, ან ღამის გათევა საველე პირობებში გიწევთ, დაიძინეთ ე.წ. მწერსაწინააღმდეგო ბადის ქვეშ.
  • ერიდეთ ღამე გარეთ გამოსვლას და თუ ეს მაინც გიწევთ, უმჯობესია ჩაიცვათ გრძელსახელოიანი და გრძელტოტიანი ღია ფერის ტანსაცმელი, რომელიც სასურველია გაიჟღინთოს ინსექტიციდით.

III. ინახულეთ თქვენი ექიმი გამგზავრებამდე 4-6 კვირით ადრე, მასთან ერთად შეარჩიეთ ანტიმალარიული პროფილაქტიკური მედიკამენტი თქვენთვის და თქვენი თანმხლებლებისათვის.

გაითვალისწინეთ:

  • გექნებათ თუ არა სამედიცინო დახმარების საშუალება (გადაუდებელი დიაგნოსტიკა და მკურნალობა) მალარიის სიმპტომების გამოჩენიდან უახლოეს 48 საათში.
  • ხომ არ გაქვთ საპროფილაქტიკო მედიკამენტების მიღების წინააღმდეგ ჩვენება.
  • მოიმარაგეთ ყველაფერი, რასაც გირჩევთ ექიმი.

მალარიის მედიკამენტური პროფილაქტიკა (ქიმიოპროფილაქტიკა) – სასურველია და რიგ შემთხვევებში აუცილებელიც, განსაკუთრებით, მალარიის რისკის ზონაში წამსვლელთათვის:

ქიმიოპროფილაქტიკის საჭიროება და სქემა ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს! მით უმეტეს, თუ არსებობს დამატებითი არახელსაყრელი ფაქტორები: ჩვილობის, ან მოხუცებულობის (განსაკუთრებით ქალებისათვის) ასაკი, ამოკვეთილი ელენთა, ფეხმძიმობა, დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე მიმდინარე დაავადებები.
ქიმიოპროფილაქტიკის აუცილებლობა განისაზღვრება ზონაში მალარიის რისკის ხარისხით და ინდივიდუალური რისკის შეფასებით.
ქიმიოპროფილაქტიკური საშუალებების ეფექტურობასთან ერთად აუცილებელია მათი ჯანმრთელობისათვის შესაძლო მავნეობის გათვალისწინება. ქიმიური პრეპარატების არასწორად მიღებამ და დოზის გადაჭარბებამ შეიძლება დამატებითი პრობლემები შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.

მალარიის საპროფილაქტიკო (დაავადების თავიდან ასაცილებლად განკუთვნილი) მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, შემდეგია:

1. დელაგილი, პლაკვენილი (ჰიდროქსიქლოროქინი):

2. პრიმაქინი: ძირითადად გამოიყენება P. ვივახ-ით გამოწვეული მალარიის გამწვავების თავიდან ასაცილებლად:

მედიკამენტების დოზა და მიღების წესი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს, მითუმეტეს - ბავშვებში

მალარიის საპროფილაქტიკო მედიკამენტების გვერდითი მოვლენები :

დელაგილისა და პლაკვენილის შემთხვევაში: ფაღარათი, გულისრევა, თავის ტკივილი, თავბრუ, მხედველობის დაბინდვა, ქავილი, შეიძლება გაამწვავოს ფსორიაზი.

პრიმაქინის შემთხვევაში: გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის სხვა აშლილობები, ანემია.

ეს მოვლენები საკმაოდ იშვიათია, მაგრამ, თუ მაინც განვითარდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

გარდა ზემოაღნიშნულისა, მთელ მსოფლიოში გამოიყენება მალარიის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებიც, მალარიის გამომწვევის სახეობის, მათი წამლების მიმართ გამძლეობისა და გავრცელების ზონის გათვალისწინებით.

მაგალითად:
ქლოროქინი,
მეფლოკინი,
დოქსიციკლინი,
მარალონი და სხვა

მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება იგივე მედიკამენტები, რაც პროფილაქტიკისათვის, მხოლოდ სხვა რეჟიმით და დოზირებით.

ყურადღება: ამ პრეპარატების საჭიროების განსაზღვრის და დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ სპეციალისტს. ნუ შეეცდებით თვითმკურნალობას - ეს სახიფათოა!

მალარიის რისკის ზონიდან დაბრუნების შემდეგ აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევა, ეს დაგეხმარებათ მალარიის გამორიცხვაში ან დროულ დიაგნოსტიკაში.

მალარიის გავრცელების ზონაში ყოფნისას, ან ამ ზონიდან დაბრუნების შემდეგ, ნებისმიერი ცხელების და “გრიპისმაგვარი" სიმპტომების : ცხელება, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, აგრეთვე გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, გაჩენისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

გახსოვდეთ:

შეიძლება მალარიის სიმპტომატიკა არ შეესაბამებოდეს კლასიკურ სურათს, ამიტომ ყველა შემთხვევაში, თუ ხართ მალარიის რისკის რომელიმე ჯგუფში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მალარიის თვითმკურნალობა რისკთანაა დაკავშირებული, რადგან მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების არასწორმა მიღებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს.

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების
თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.

მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2003 The GENESIS Association