"გენეზისის" საქველმოქმედო საქმიანობის მოკლე ისტორია
1996 წელს “გენეზისმა" პროექტის “ექიმები ბორბლებზე" ("Doctors on Wheels") ფარგლებში დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოს ბავშვთა სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრებისა და ინტერნატებისათვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებისა და სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
1996-1998 წლებში “გენეზისის" ხელშეწყობით კვლევა და ხანგრძლივი მკურნალობა ჩაუტარდა ეპილეფსიით და ძვალ-სახსართა თანდაყოლილი ანომალიებით დაავადებულ ინვალიდ ობლებს (კასპის ინვალიდ ბავშვთა ფსიქო-ნერვოლოგიური პანსიონატი).
1998 წლიდან “გენეზისმა" დაიწყო მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ობლებისათვის საქველმოქმედო კლინიკის აწყობა, რომელიც 2001 წლის ოქტომბერში გაიხსნა და ფუნქციონირებდა თბილისში, დიდუბის რაიონში.
კლინიკა უფასო სამედიცინო დახმარებას (პედიატრის, გინეკოლოგის, ქირურგის კონსულტაციები, ლაბორატორიული და ინსტრუმენ-ტული კვლევა, პირველადი გადაუდებელი და ამბულატორიული ქირურგიული მომსახურება) უწევდა მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და ეგრეთ წოდებულ “ქუჩის ბავშვებს".
მიზნობრივი საქველმოქმედო ჯგუფი:
”გენეზისის” საქველმოქმედო საქმიანობის პერიოდში(1996-2010წ.) საქართველოს სარეაბილიტაციო ცენტრებსა და ინტერნატებში დაახლოებით 5500 ბავშვი იზრდებოდა. 2500 ბავშვი ღია ცის ქვეშ მუშაობდა ან/და ცხოვრობდა. ასოციაცია “გენეზისი" მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 1000-მდე ბავშვს ეხმარებოდა, მათ შორის რეგულარულ სამედიცინო მომსახურებას უწევდა დაახლოებით 700-მდე
ბავშვს, რომლებიც ცხრა სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრში, საბავშვო სახლში ან ქუჩაში ცხოვრობდნენ. დამატებით 236 ბავშვი “გენეზისი"-საგან იღებდა ნაკლებად რეგულარულ სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას.
- თბილისი, #1 საბავშვო სახლი (დიდუბის რაიონი)
- ახალგორის (შიდა ქართლის რეგიონი) საბავშვო სახლი
- ბოდბის (სიღნაღი, კახეთის რეგიონი) სპეციალიზებული სკოლა-ინტერნატი
- ასპინძის (სამცხე-ჯავახეთი) საბავშვო სახლი
ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრები:
- "ბეღურები" - არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო", თბილისი
- "ცისარტყელა";- დღის თავშესაფარი, "ბავშვი და გარემო", თბილისი
- "მომავლის სახლი", თბილისი
- "სათნოება", თბილისი
- "ლამპიონი", თბილისი.
გენეზისის საქველმოქმედო სამედიცინო საქმიანობა:
2001 წლიდან 2010 წლამდე მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის “გენეზისის" მიერ განხორციელდა:
- 7551 სამედიცინო კონსულტაცია
- 3815 ლაბორატორიული კვლევა
- 1019 ინსტრუმენტული კვლევა
- 1447 დასრულებული მკურნალობა
- 34 გეგმიური ქირურგიული ოპერაცია
"გენეზისის" საქველმოქმედო სამედიცინო საქმიანობა:
ჯანმრთელობის რეაბილიტაციის პროგრამა “გენეზისის" მიზნობრივი ბავშვთა სახლებისა და სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის:
- გენეზისის და სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან მოწვეული ექიმების მიერ ადგილზე სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი;
- ბავშვების შემდგომი გამოკვლევები და მკურნალობა თბილისში, გენეზისის საქველმოქმედო კლინიკაში;
- საჭიროების შემთხვევაში ღრმა ჰოსპიტალური კვლევა და მკურნალობა სხვა კლინიკებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში;
- სამედიცინო რეკომენდაციები, საჭირო მკურნალობის ორგანიზება და მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
- ბავშვების განმეორებითი გამოკვლევა მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.
აღნიშნული მომსახურების ღირებულებას, უცხოელი დონორების მიერ შემოწირული თანხებით, ფარავდა “გენეზისი".
ბავშვთა პროფილაქტიკურ-დიაგნოსტიკური სკრინინგი
2003-2005 წლებში “გენეზისმა" თბილისის ქუჩის ბავშვებისათვის, “ბავშვი და გარემოს", “სათნოება", “ლამპიონის" და ბოდბის საბავშვო სახლებისათვის, სულ 140 ბავშვი, ჩაატარა პროფილაქტიკურ-დიაგნოსტიკური სკრინინგი/გამოკვლევები: შიდსის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების გამოსავლენად.
2005 წელს საქართველოს ბავშვთა მთავარ ფტიზიატრ ბატონ თენგიზ გვასალიასთან ერთად, ბავშვთა ოთხ სარეაბილიტაციო ცენტრსა და ინტერნატში მცხოვრებ 500 ბავშვს ჩაუტარდა სკრინინგი ტუბერკულოზზე.
ყოველდღიური სამედიცინო მომსახურება გენეზისის" საქველმოქმედო კლინიკაში სარეაბილიტაციო ცენტრებსა და საბავშვო სახლებში მყოფი და ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვებისათვის (1000-მდე ბავშვი)
ქუჩის და საბავშვო სახლების ბავშვები ინდივიდუალურად ან პატარა ჯგუფებად ყოველდღიურად აკითხავდნენ “გენეზისის" კლინიკას გადაუდებელი თუ გეგმიური სამედიცინო პრობლემებით. “გენეზისის" კლინიკა უზრუნველყოფდა მათ ზოგადი პრაქტიკის ექიმისა და გინეკოლოგის კონსულტაციებით, მცირე ქირურგიული და სასწრაფო სამედიცინო დახმარებით და აუცილებელი სადიაგნოსტიკო კვლევებით.
სამედიცინო საგანმანათლებლო ტრენინგი და სემინარები სკოლის მოსწავლეებისთვის, ობლებისთვის და სარეაბილიტაციო ცენტრების პერსონალისთვის
პერიოდული სამედიცინო-პოპულარული საგანმანათლებლო სემინარები ტარდებოდა სკოლებში, სარეაბილიტაციო ცენტრებში, ინტერნატებში ან გენეზისის ოფისში და მოიცავდა შემდეგ თემებს:
- პირველადი სამედიცინო დახმარება;
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები აივ/შიდსი;
- ალკოჰოლიზმი და ნარკომანია
- კანის დაავადებები და აუცილებელი ჰიგიენა მათი პროფილაქტიკისათვის;
- ფიზიკური ვარჯიში ბავშვებისათვის ხერხემლის დეფორმაციების დროს;
- როგორ ავიცილოთ თავიდან სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებები და დიარეა;
- ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
საზოგადოების სხვა დაუცველი ფენების საქველმოქმედო სამედიცინო მომსახურება
"გენეზისის" პირველადი ჯანდაცვის სამი ცენტრი ახორციელებდა უფასო სამედიცინო მომსახურებას იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავდათ ოთხი ან მეტი შვილი და მიეკუთვნებოდა საზოგადოების უკიდურესად გაჭირვებული ფენას.
გამაჯანსაღებელი საქმიანობა
მუდმივი სტრესი, არასაკმარისი და არასრულფასოვანი კვება, ცივ და ნესტიან პირობებში ცხოვრება იწვევს სასუნთქი, საშარდე და სასქესო სისტემის და ინფექციურ დაავადებებს. 2003-2004 წლებში, “გენეზისი"-ს ხელშეწყობით, 35 ბავშვი ახალგორის საბავშვო სახლიდან და 30 ბავშვი ქალაქის სარეაბილიტაციო ცენტრიდან “ლამპიონი", საზაფხულო
არდადეგებზე გაყვანილი იქნა მანგლისის სანატორიუმში. კურორტულმა მკურნალობამ გააძლიერა ბავშვების იმუნური სისტემა და გააუმჯობესა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამოიხატა წლიური ავადობის შემცირებაში.
"გენეზისი"-ს სხვა საქველმოქმედო საქმიანობა
გარე სამყაროს გაცნობა და გართობა
ჯანმრთელობის რეაბილიტაციის საქველმოქმედო პროგრამის ბოლოს, “გენეზისი" თბილისიდან დაცილებული ბავშვთა სახლების ბავშვებისათვის აწყობს ექსკურსიებს თბილისის ქუჩებში, მუზეუმებში, პარკებში, ზოოპარკში.
პერიოდული ჰუმანიტარული დახმარება
პერიოდულად, "გენეზისი" უცხოურ ჰუმანიტარულ ორგანი-ზაციებს/ინდივიდუალურ დონორებსა და თავის მიზნობრივ საქველმოქმედო ჯგუფს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს ასრულებდა.
1995-1997 წლებში, როცა საქართველოში დიფტერიის შემთხვევები დაფიქსირდა, “გენეზისმა" ქვეყანაში შემოიტანა დიფტერიის ვაქცინისა და ანატოქსინის დიდი რაოდენობა (საკმარისი თბილისის, სამეგრელოსა და აჭარის ბავშვების ასაცრელად), რომელიც გადასცა ჯანდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო უცხოურ ორგანიზაციებს გასანაწილებლად და ვაქცინაციის ჩასატარებლად. “გენეზისი" პერიოდულად აკონტროლებდა უფასო ვაქცინაციისა და ვაქცინების ხარჯვის პროცესს.
ამავე პერიოდში "გენეზისმა", ჰუმანიტარული დახმარება – სიცოცხლისათვის აუცილებელი დიეტური საკვების 2 წლის მარაგი გადასცა საქართველოს სამედიცინო გენეტიკის ცენტრს ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვებისათვის.
"გენეზისი"-ს დახმარებით, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ტრავმატოლოგიურმა და ორთოპედულმა განყოფილებამ /კლინიკამ მიიღო სამედიცინო თაბაშირი (150 ტონა).
2003 წელს შვეიცარიის ქალაქების, ბაზელის და შპიცის “ლომების კლუბების" და შვეიცარია-ბალტიისპირეთის შემწეობის კომიტეტის დახმარებით “გენეზისმა" ინტერნატებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში მცხოვრებ 900 ბავშვს დაურიგა ზამთრის თბილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.
2004-2005წწ. ამჟამად ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ქალბატონის ლალი ბეჟანიშვილის ინიციატივით და აქტიური მონაწილეობით, ავსტრიელი მოქალაქეების ჯგუფის შემოწირულობით ”გენეზისმა" შეიძინა და თბილისის (“სათნოება" და “ლამპიონი") და ასპინძის საბავშვო სახლების აღსაზრდელებს გადასცა საახალწლო საჩუქრები: სათამაშოები, ბავშვის თბილი საშინაო ფეხსაცმელი, ტკბილეულობა და სკოლის სახელმძღვანელოები.
ბავშვთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საბავშვო სახლებში და სარეაბილიტაციო ცენტრებში
ბოლო წლებში “გენეზისი" ბავშვთა სახლებს ეხმარება საცხოვრებელი პირობებოდა გაუმჯობესებაში და კოორდინაციას უწევს ისეთ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვთა სახლების რემონტს, გათბობას, თბილი წყლით მომარაგებას და ავეჯით აღჭურვას (ახალგორის საბავშვო სახლი და სარეაბილიტაციო ცენტრები: “ლამპიონი" და “სათნოება").
2005 წლის ბოლოს შვეიცარიელი მოქალაქეების და “ლომების კლუბის" წევრების ხელშეწყობით "გენეზისმა" დაიწყო სარეაბილიტაციო ცენტრი - “ლამპიონის" ავეჯით, რბილი ინვენტარით და საოჯახო ელექტრო ტექნიკით აღჭურვა.
"გენეზისი"-ს დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკაშირებით, ორგანიზაციამ, ასპინძის საბავშვო სახლის აღსაზრდელი სამი უდედმამო და-ძმისათვის შეიძინა ბინა ასპინძაში, და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, განახორციელა ამ ბავშვების ოჯახში რეინტეგრაციის პროცესი.
ბავშვთა სახლების შემოსავლის გაზრდის და დასაქმების მცირე პროექტები
ბევრ სარეაბილიტაციო ცენტრს და ინტერნატს აქვს პატარა სახელოსნო ბავშვთა პროფესიული უნარ-ჩვევების (ტანსაცმლის კერვა, დურგლობა, აბრეშუმის მოხატვა, ქარგვა და ა.შ) განვითარებისათვის. მათი უმრავლესობა ტექნიკურად არასაკმარისად იყო აღჭურვილი. “გენეზისი" სახელოსნოებს პერიოდულად ამარაგებდა საჭირო სამუშაო მასალით კერვისა და ქარგვისათვის, საქარგი ნიმუშების წიგნებით, საღებავებითა და ქსოვილით (ასპინძის საბავშვო სახლი, სარეაბილიტაციო ცენტრი “ლამპიონი", სარეაბილიტაციო ცენტრი “მომავლის სახლი").
ბავშვთა სახლების შემოსავლის, ბავშვებში შრომისადმი ინტერესისა და ამ ბავშვებისადმი სახელმწიფო მოხელეების ყურადღების გაზრდის მიზნით, 2003 წლის აპრილში, “გენეზისმა"
პარლამენტის ჰოლში მოაწყო ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. აქციაში მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა რვა დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა. მთელი შემოსავალი მიმართული იქნა ბავშვთა ინდივიდუალური და სახელოსნოების საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
მსგავსი გამოფენა მოეწყო “გენეზისი"-ს დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადაც საკუთარი ნამუშევრებით ცხრა ბავშვთა სახლი წარსდგა.
სემინარი/დიალოგები ბავშვთა უფლებების შესახებ
საქართველოში ხშირია მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დარღვევის შემთხვევები მშობლების, პოლიციელების, მასწავლებლების და სხვათა მხრიდან.
"გენეზისმა" თავისი ცხრაწლიანი მუშაობის შედეგად ნათლად დაინახა, რომ ბავშვების დაცულობის გაზრდის მიზნით აუცილებელია ბავშვების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ, რაც შესაძლებელი გახდა “გენეზისის" თანამშრომლობით არასამთავრობო ორგანიზაცია - “კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და მის დამფუძნებელ - ქალბატონ ლია მუხაშავრიასთან.
2004 წლის ბოლოდან 2005 წლის ოქტომბრამდე, ქ-ნ ლია მუხაშავრიასა და “გენეზისის" საქველმოქმედო ჯგუფის მიერ რვა სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრში, ინტერნატსა და ბავშვთა სახლში 548 ბავშვი გაეცნო ბავშვთა უფლებებს. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ უფასო იურიდიული კონსულტაცია მიეღოთ მათთვის მტკივნეულ საკითხებზე.
ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ სემინარი გაიმართა “გენეზისის" ოფისშიც ეგრეთ წოდებული ქუჩის 13 ბავშვისათვის, რომლებიც, ძირითადად, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ.
მშობელთა მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის საქველმოქმედო დახმარების პროცესში “გენეზისი" თანამშრომლობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროსა და ქ.თბილისის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამახურთან.
|