ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები
(ფქოდ)
ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებებს - შემოკლებით ფქოდ, ერთ-ერთი “საპატიო" ადგილი უჭირავს მსოფლიოს მოსახლეობის ავადობის გამომწვევ მიზეზთა შორის. ის განსაკუთრებით გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში.

რას ნიშნავს ფქოდ?

ფილტვები სასუნთქი სისტემის ცენტრალური, მთავარი ორგანოა. შედგება ჰაერგამტარი გზების, ანუ ბრონქებისაგან, რომლებიც ხესავით იტოტება და უწვრილესი ტოტები, ანუ ბრონქიოლები ბოლოვდება საჰაერო ტომსიკებით - ალვეოლებით. ალვეოლებს გარს ბადესავით ეკვრის უწვრილესი სისხლძარღვები - კაპილარები. ჩასუნთქული ჰაერიდან ჟანგბადი სწორედ ალვეოლების გავლით ხვდება სისხლში, რომლის მეშვეობითაც აღწევს ყოველ უჯრედამდე. სურ.1

ქრონიკულია დაავადება, თუ ის გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში და ბოლომდე არ იკურნება. ეს ტერმინი გამოხატავს არა დაავადების სიმძიმეს, არამედ მის ხანგრძლივობას. ადამიანს ქრონიკული დაავადების ფონზე შეუძლია შრომის უნარის შენარჩუნება, თუ მუდმივად მართებულად “უვლის" და აკონტროლებს თავის ჯანმრთელობას.

ობსტრუქცია ნიშნავს შეფერხებას, დაბრკოლებას. ამ ტერმინში იგულისხმება გამტარ გზებში ჰაერის მოძრაობის გარკვეული მიზეზებით შეფერხება.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები აერთიანებს რამდენიმე დაავადებას: ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ფილტვების ემფიზემა.

ქრონიკული ბრონქიტი ვითარდება ბრონქების კედლის ქრონიკული შეუქცევადი დაზიანების ფონზე და ახასიათებს ნახველიანი ხველა, რაც წლის განმავლობაში, ჯამში, მინიმუმ 3 თვეს გრძელდება. დაავადება უვითარდება უპირატესად მამაკაცებს და, როგორც წესი, შუახნის ასაკის მერე ვლინდება.

ბრონქული ასთმა ძირითადად ალერგიული წარმოშობის დაავადებაა. ხასიათდება ასთმური შეტევებით, რაც ბრონქების ლორწოვან გარსზე გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებაზე ორგანიზმის გადაჭარბებული პასუხია (უფრო დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ).

ფილტვების ემფიზემა ყალიბდება სხვადასხვა მიზეზის გამო წვრილი ბრონქების - ბრონქიოლების, და საჰაერო ბუშტუკების პათოლოგიური გაფართოების შედეგად.

ამ დაავადებების პროგრესირებასთან ერთად ჰაერგამტარი გზები შეუქცევადად ზიანდება, მათში ჰაერის ნაკადი ფერხდება, მცირდება ფილტვების მიერ ჟანგბადის შეთვისების უნარი. ეს, თავის მხრივ, იწვევს სასიცოცხლო ორგანოების ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობას - ჰიპოქსიას, ანუ “ჟანგბადურ შიმშილს".

სუნთქვის და ჟანგბადის ქრონიკული უკმარისობა ყველაზე მეტად გულს აზიანებს და დროთა განმავლობაში ყალიბდება ფქოდ-ის მძიმე გართულება - ფილტვ-გულის უკმარისობა, რომლის მკურნალობა მთელ მსოფლიოში დღესაც დიდი პრობლემაა.

როგორ ვსუნთქავთ?

ჩასუნთქვისას ჰაერი შედის ცხვირიდან ან პირიდან, და ქვემო სასუნთქი გზების გავლით ხვდება ფილტვების საჰაერო ბუშტებში - ალვეოლებში. ალვეოლებიდან ჟანგბადს სისხლი შეითვისებს და მიაქვს ორგანიზმის ყოველ უჯრედამდე. ამოსუნთქვისას ფილტვებიდან ამონასუნთქი ჰაერი ტოვებს ფილტვებს საწინააღმდეგო თანმიმდევრობით.

რა იწვევს სუნთქვის გაძნელებას?

სუნთქვის გაძნელებას იწვევს საჰაერო გზების დაზიანება, რის შედეგადაც მათი სანათური ვიწროვდება და ჰაერის ნაკადი ფერხდება. ამას საფუძვლად რამდენიმე პროცესი უდევს:

სასუნთქი გზების, ანუ ბრონქების ლორწოვანი გარსის დაზიანება და შეშუპება, რასაც მისი მუდმივი გაღიზიანება და ანთება იწვევს;

ბრონქების ირგვლივი კუნთების შეკუმშვა - სარტყლისებურად უჭერს ბრონქის კედელს და ავიწროვებს მის სანათურს;

ბრონქის სანათურში ჭარბი ნახველის დაგროვება.

რა იწვევს საჰაერო გზების დაზიანებას?

ბრონქების ლორწოვან გარსზე დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ნივთიერების გამღიზიანებელი ზემოქმედება. ასეთებია:

  • თამბაქოს ბოლი - ყველაზე აქტიური და გავრცელებული "დამნაშავე";
  • საწარმოო მტვერი: ლითონის, ქვის, ხის, საამშენებლო მასალების (ცემენტი, გაჯი, თაბაშირი) და სხვა.
  • დაბინძურებული ჰაერი: საწვავის გამონაბოლქვი, შეშის ბოლი;
  • მკვეთრი სუნის ნივთიერებები: სუნამოები, საღებავები და მათი გამხსნელები, და სხვა;
  • ალერგიული ბუნების გამღიზიანებლები: მცენარეების მტვერი, ოთახის მტვერი, რომელიც ტკიპებს შეიცავს, შინაური ცხოველების ქერტლი, ან ბეწვის და ბუმბულის ნაწილაკები, მედიკამენტები და სხვა.

სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები: "გაცივება", გრიპი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, მწვავე ბრონქიტი და სხვა.

"ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა" ხელს უწყობს ბრონქების დაზიანებას. ეს არის სასუნთქი გზების ლორწოვანის მიდრეკილება ზედმეტად აქტიურად უპასუხოს გარეშე გამღიზიანებლის ზემოქმედებას, რაც გამოიხატება ლორწოვანი გარსის შეშუპებით, ხველით, ნახველის გამოყოფით, ბრონქების შევიწროებით.

თუ ზემოაღნიშნულს სხვა რისკ-ფაქტორებიც დაემატა, როგორიცაა:

ჭარბი წონა;

ცხოვრების უმოძრაო წესი;

ალერგია;

მემკვიდრული განწყობა ალერგიისა და ფილტვების დაავადებებისადმი.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.

რით ვლინდება ფქოდ?

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები: ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ფილტვების ემფიზემა სხვადასხვანაირად იწყება. დროთა განმავლობაში, დაავადების პროგრესირებასთან ერთად ყალიბდება ფქოდ-ს საერთო კლინიკური სურათი:

სუნთქვის გაძნელება (უფრო ნიშანდობლივია ამოსუნთქვის გაძნელება. შეგრძნება ისეთია, თითქოს ფილტვები გაბერილია, რადგან იქიდან ჰაერს გამოსვლა უჭირს);

ქოშინი (გახშირებული სუნთქვა);

პერიოდულად მოხრჩობის შეტევები;

ხველა;

ნახველის გამოყოფა;

ხიხინი, ხმაურიანი სუნთქვა (ხანდახან, როგორც წესი, ამოსუნთქვის ფაზაში თვითონ ავადმყოფს და ხანდახან გარშემომყოფებსაც ესმის სტვენა და ხიხინი).

როგორც ყველა ქრონიკული დაავადება, ფქოდ გამწვავებების და სიმშვიდის, ე.წ. "რემისიის" პერიოდების მონაცვლეობით მიმდინარეობს.

გამწვავების პერიოდის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ასთმური შეტევა, რაც ასთმის და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის აუცილებელი სიმპტომია და სხვა დაავადებების დროს შეიძლება არც იყოს.

დაავადების ადრეულ სტადიაზე, სიმშვიდის პერიოდში ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს, გამწვავებები იშვიათია, უხშირესად სასუნთქი გზების ინფექციის ფონზე იწყება და ადვილად ემორჩილება მკურნალობას.

შორსწასულ შემთხვევებში, ფილტვ-გულის უკმარისობა იჩენს თავს და ზემოჩამოთვლილი ჩივილები უკვე ფიზიკური დატვირთვის დროს იწყება:

თავიდან ქოშინი ვითარდება ზომიერ ფიზიკურ დატვირთვაზე - 3-4 სართულზე ასვლისას, ცოტა სირბილის დროს;

შემდეგ ჩივილების "გამოსაწვევად" სულ უფრო ნაკლები ფიზიკური დატვირთვაა საჭირო: ავადმყოფს რამდენიმე ასეული მეტრის დაფარვაც უჭირს, ის ზღუდავს ფიზიკურ აქტივობას ქოშინის შესამცირებლად;

ბოლოს ავადმყოფს ქოშინი მცირე მოძრაობაზე (ჩაცმა, ბანაობა), და მოსვენებულ მდგომარეობაშიც ეწყება: უჭირს წოლა, იმაღლებს სასთუმალს. ეს, სამწუხაროდ, უკვე ფილტვ-გულის მძიმე უკმარისობის გამოვლინებაა.

როგორ ისმება დიაგნოზი?

მოსახლეობა, სამწუხაროდ, საკმარისად არაა ინფორმირებული ფილტვების დაავადებების შესახებ. ფქოდ არაა ისეთი “პოპულარული", როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამიტომ ავადმყოფი ექიმს უხშირესად გვიან, უკვე გულის დაზიანების ნიშნების გამოვლენის შემდეგ მიმართავს.

ამ დაავადებების დიაგნოზის დასასმელად ყველაზე მნიშვნელოვანი ექიმის მიერ ავადმყოფის დაწვრილებითი გამოკითხვა და ავადმყოფის გასინჯვაა. ექიმივე ნიშნავს შემდგომ ინსტრუმენტულ თუ ლაბორატორიულ გამოკვლევებს დიაგნოზის დაზუსტების და მკურნალობის შერჩევის მიზნით, მაგალითად:

სისხლის, ნახველის საერთო ლაბორატორიული და მიკრობიოლოგიური ანალიზი;

გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;

ფილტვების სასუნთქი ფუნქციის გამოკვლევა: სპირომეტრია, სპიროგრაფია, ფლოუმეტრია;

ბრონქოსკოპია - ბრონქების ენდოსკოპიური გამოკვლევა, ანუ მათი შიდა ზედაპირის დათვალიერება სპეციალური აპარატით;

გულის მდგომარეობის გამოკვლევა: ეკგ, ექოსკოპია

და სხვა.

გახსოვდეთ, სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ძვირადღირებული გამოკვლევის შედეგს მხოლოდ მკურნალი ექიმის ხელში აქვს ფასი. ამიტომ თქვენით ნუ დაინიშნავთ გამოკვლევებს. ჯერ ექიმს, ამ შემთხვევაში თერაპევტს ან პულმონოლოგს (ფილტვების სპეციალისტს) მიმართეთ. ეს დაგიზოგავთ ჯანმრთელობას, დროს და ბიუჯეტს.

იკურნება თუ არა ფქოდ?

ფილტვების ქრონიკული დაავადებების განკურნება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ დროული და სწორი მკურნალობით შეიძლება ფქოდ-ს პროგრესირების შენელება და გამწვავებების თავიდან აცილება. საჭიროა ადრეულ ეტაპზე მიმართოთ ექიმს და ზუსტად შეასრულოთ მისი რჩევები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება მალე დამძიმდება.

ფქოდ: თქვენ და ექიმი

მკურნალობა წარმატებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი და პაციენტი შეთანხმებულად მოქმედებენ:

როგორც კი ექიმი გადაწყვეტს, რომ თქვენ გაქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება, მან თქვენთან ერთად უნდა დაიწყოს დაავადებასთან ბრძოლა. იწყება მკურნალობა, რაც პირველ რიგში მოიცავს თქვენთვის ცხოვრების ინდივიდუალური რეჟიმის და მკურნალობის ადექვატური სქემის შერჩევას;

საჭიროა ექიმის რეგულარული მეთვალყურეობა დიაგნოზის დასმიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში და არა მხოლოდ მაშინ, როცა მდგომარეობა უარესდება. მკურნალობის სქემა მუდმივ დახვეწას და თქვენს მდგომარეობასთან მორგებას საჭიროებს;

ზუსტად შეასრულეთ ექიმის დანიშნულება, მაშინაც კი, როცა თავს კარგად გრძნობთ. ეს დაავადების გამწვავების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა;

მიიღეთ საკმარისი ინფორმაცია თქვენი დაავადების შესახებ. ისწავლეთ, როგორ უნდა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

ექიმმა აუცილებლად და დროულად უნდა იცოდეს შემდეგი:

რასთან დაკავშირებით და რამდენად ხშირად გეწყებათ გამწვავებები და ჩივილები;

როგორ გძინავთ, გაქვთ თუ არა სუნთქვის გაძნელება ღამით;

გიზღუდავთ თუ არა დაავადება ჩვეულ საქმიანობას დღის განმავლობაში;

იღებთ თუ არა ექიმის დანიშნულების გარდა დამატებით მედიკამენტებს მდგომარეობის გაუარესების, ან სხვა დაავადების გამო.

გახსოვდეთ! ფილტვების ქრონიკული დაავადებების მკურნალობა შედეგიანია, თუ მას მუდმივად იტარებთ როგორც გამწვავების, ისე რემისიის ანუ “სიმშვიდის ფაზაში". მკურნალობის ყოველი ეტაპი ექიმთან უნდა შეათანხმოთ. თვითმკურნალობა დაუშვებელია!

ფქოდ მკურნალობაში წამყვანი როლი ცხოვრების ჯანმრთელ წესს ენიჭება:

შეწყვიტეთ თამბაქოს წევა!!!
მიეცით თავს უკეთესი ცხოვრების რეალური შანსი. სამწუხაროდ, მწეველთა უმრავლესობას არ სჯერა, ან არ უნდა დაიჯეროს, რომ სიგარეტი დიდად ვნებს მათ ჯანმრთელობას. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით თამბაქოს წევა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების გამომწვევ მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა. თუ თამბაქოს წევის გადაჩვევა გიჭირთ, მიმართეთ სპეციალისტებს თამბაქოს საწინააღმდეგო ცენტრებში.

იყავით ფიზიკურად აქტიური!
ვარჯიში და მოძრაობა სასარგებლოა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე. უმოძრაობა აზარმაცებს და ადუნებს კუნთებს, ზრდის მათ მოთხოვნილებას ჟანგბადზე, ანუ ერთი და იგივე მოძრაობის შესასრულებლად უვარჯიშებელ კუნთს ნავარჯიშებთან შედარებით მეტი ჟანგბადი სჭირდება; გახსოვდეთ, რომ ფიზიკური ვარჯიშისა და დატვირთვის სახეობა და ხარისხი აუცილებლად ექიმმა უნდა შეგირჩიოთ.

მოერიდეთ სასუნთქი გზების ინფექციებს!
სასუნთქი გზების ინფექციები ბევრად უფრო საშიშია მათთვის, ვისაც ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვს, ვიდრე დანარჩენებისათვის. ზედდართული ინფექციები ხდება დაავადების გამწვავების და/ან დამძიმების მიზეზი და ხანდახან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებსაც იწვევს.

იკვებეთ ჯანმრთელად!
მოერიდეთ როგორც წონის სიჭარბეს, ასევე მის დეფიციტს.

  • საკვები მიიღეთ მცირე პორციებით და ხშირად: 4-5-ჯერ დღეში;
  • მიირთვით ბევრი ბოსტნეული და ხილი;
  • მოერიდეთ ზედმეტად ცხიმიან, შებოლილ, კონსერვანტებიან, საღებავიან პროდუქტებს;
  • შეზღუდეთ შაქარი, მარილი;
  • მიიღეთ საკმარისი სითხე (მოზრდილი ჯანმრთელი ადამიანისთვის მისაღები სითხის დღიური ნორმაა 2-3 ლიტრი);
  • მოერიდეთ ალკოჰოლს, მაგარ ჩაის, ყავას, გაზიან სასმელებს.

მიიღეთ მეტი დადებითი ემოცია!
ხშირად გაიღიმეთ, იყავით ოპტიმისტი, ხალისიანი, მიმტევებელი. გახსოვდეთ, რომ კარგი განწობა და ღიმილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

უფრო დაწვრილებით ბრონქული ასთმის შესახებ

ბრონქული ასთმა ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებათაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

დაავადების ტიპიური გამოვლინებაა ასთმური შეტევა, რომლის ძირითადი სიმპტომებია:

სუნთქვის (უფრო ამოსუნთქვის) გაძნელების, მოხრჩობის და მკერდში მოჭერის შეგრძნება;

ხიხინი და სტვენა სუნთქვისას;

ხველა: მშრალი, ან ძნელად ამოსაღები წებოვანი ნახველით;

ქოშინი.

არაა აუცილებელი, გქონდეთ ყველა ეს სიმპტომი. ზოგისათვის ასთმა მხოლოდ შეტევითი ხველით მჟღავნდება, ეს ძირითადად ღამე და ფიზიკური დატვირთვის დროს ხდება.

რა ხდება ასთმის შეტევის დროს?

ასთმის შეტევის გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად:

ჰაერგამტარი გზების გამომფენი ლორწოვანი გარსი შუპდება;

ბრონქში გამოიყოფა სქელი, წებოვანი ნახველი;

ბრონქის ირგვლივი კუნთები იკუმშება, სარტყლისებურად უჭერს მას და ავიწროვებს სანათურს.

ეს ცვლილებები აფერხებს ჰაერის თავისუფალ დინებას ბრონქებში და იწვევს სუნთქვის გაძნელებას. როცა იცით, თუ როგორ აზიანებს ასთმა სასუნთქ სისტემას, ადვილად გაიგებთ, თუ რაოდენ საჭიროა მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა, ხანდახან რამდენიმე პრეპარატითაც კი: ერთნი ამცირებენ ბრონქების ლორწოვანის შეშუპებას, მეორენი ხსნიან კუნთების სპაზმს, მესამენი ათხიერებენ ნახველს და აადვილებენ მათ ამოღებას.

რა ასაკში ვითარდება ბრონქული ასთმა?

ბრონქული ასთმა შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

ბევრი ავადმყოფი, რომელსაც ასთმა მოზრდილობის ასაკში გამოუმჟღავნდა, აღნიშნავს, რომ ბავშვობაშიც ჰქონდა სუნთქვის პრობლემები. თუმცა შეიძლება დაავადება შუახნის ასაკში მოულოდნელადაც გამოლინდეს.

ადრეულ ასაკში განვითარებული ასთმური მოვლენები, ხშირ შემთხვევაში, ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა ქრება, მაგრამ ზოგჯერ ის კვლავ იჩენს თავს ხანდაზმულობისას.

რა იწვევს ასთმურ შეტევებს?

1. ჭეშმარიტი ალერგენები:
მცენარეების მტვერი, ოთახის მტვერი, რომელიც ალერგიის გამომწვევ ტკიპებს შეიცავს, ობის სოკო, შინაური ცხოველების ქერტლი, ან ბეწვის და ბუმბულის ნაწილაკები, ტარაკნების ექსკრემენტები, ზოგიერთი მედიკამენტი, საკვები და სხვა;

2. არაალერგიული ბუნების გამღიზიანებლები:
თამბაქოს ბოლი, საწვავის გამონაბოლქვი, შეშის ბოლი, მკვეთრი სუნის ნივთიერებები: სუნამოები; საღებავები; არაადექვატური ფიზიკური დატვირთვა, მკვეთრი ემოცია: ტირილი, სიცილი, ყვირილი, შიში; კლიმატის და გარემოს ტემპერატურის მკვეთრი შეცვლა;

ასთმის დროული და კორექტული მკურნალობის შედეგად შესაძლებელია:

ასთმური შეტევების პროფილაქტიკა: გაიშვიათება ან თავიდან აცილება;

მშვიდი ძილი ასთმის სიმპტომების გარეშე;

გადაუდებელი დახმარების ცენტრებში მიმართვის და საავადმყოფოში მოთავსების სიხშირის შემცირება;

ასთმის სამკურნალო პრეპარატების რაოდენობის და დოზის შემცირება, რაც მათ გვერდით მოვლენებსაც აგვაცილებს თავიდან;

შრომისუნარიანობის აღდგენა და შენარჩუნება;

ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობის შეუზღუდავად შენარჩუნება: სპორტის და მძიმე ფიზიკური დატვირთვის ჩათვლით;

სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.

თუ თქვენს ბავშვს აქვს ასთმა

ბავშვის ფილტვები ისე ეფექტურად ვერ ფუნქციონირებს, როგორც მოზრდილის, ამიტომ ასთმის შეტევას ადვილად შეიძლება მოჰყვეს სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

ზედმიწევნით დაიცავით თქვენი ბავშვის მოვლის და მკურნალობის ექიმის მიერ შედგენილი განრიგი.

თუ გაქვთ ასთმა და ხართ ფეხმძიმედ

გაითვალისწინეთ, რომ:

ფეხმძიმობისას ასთმა უმწვავდება დაავადებულ ქალთა მხოლოდ ერთ მესამედს.

ასთმის სიმპტომები ხშირდება ორსულობის 29-დან 36-ე კვირამდე.

უმკურნალებელმა ასთმამ შეიძლება ავნოს როგორც თქვენს, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას.

როგორ მოვიქცეთ?

აუცილებლად დროულად აცნობეთ თქვენს ექიმს (გინეკოლოგს, მეანს), ექთანს ან ბებიაქალს იმის შესახებ, რომ გაქვთ ასთმა. შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში (ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო) წარადგინეთ სრული ინფორმაცია დაავადების მიმდინარეობის შესახებ: ამონაწერები ავადმყოფობის ამბულატორული და სტაციონარული ისტორიებიდან, ექიმების დანიშნულებები და სხვა.

მთელი ორსულობის განმავლობაში რეგულარულად, მათი დანიშნულებისამებრ, იარეთ ექიმებთან: თერაპევტთან ან ალერგოლოგთან და გინეკოლოგთან, რათა გააკონტროლოთ როგორც თქვენი, ისე ნაყოფის ჯანმრთელობა.

შეათანხმეთ ასთმის გამო დანიშნული სამკურნალო საშუალებები თქვენს გინეკოლოგთან, რათა თავიდან აიცილოთ ნაყოფზე მათი მავნე გავლენა.

ასთმის სამკურნალო მედიკამენტების უმრავლესობა ნაყოფისათვის უვნებელია, თუ მათ ექიმის დანიშნულებისამებრ იღებთ.

დაიმახსოვრეთ!

უმკურნალებელი ან ცუდად ნამკურნალევი ასთმის ფონზე თქვენი ფილტვები ვერ აწვდის ნაყოფს საკმარის ჟანგბადს და ეს მისთვის გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

ეცადეთ არ მიიღოთ ფეხმძიმობის დროს შემდეგი პრეპარატები:

  1. "გაცივების" და სურდოს საწინააღმდეგო (ე.წ. დეკონგესტანტები): ეფედრინი და ფსევდოეფედრინი, რომლებიც ამცირებენ ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.
  2. ზოგიერთი ანტიბიოტიკი, მაგალითად ტეტრაციკლინი,
  3. ცოცხალი ვირუსის ვაქცინა,

თავიდან აიცილეთ ასთმური შეტევის გამომწვევ ფაქტორებთან კონტაქტი.

ნუ გეშინიათ! მშობიარობის დროს შეტევა, როგორც წესი, იშვიათია, მით უმეტეს, თუ გაითვალისწინებთ ქვემოთ აღნიშნულ რჩევებს.

ათი პრაქტიკული რჩევა ალერგიულ ადამიანებს:

  1. ნუ მოსწევთ თამბაქოს, მოერიდეთ მტვრიან და გაბოლილ გარემოს - ბუხრიან ოთახს, კოცონს... ბოლი აღიზიანებს ბრონქების ლორწოვან გარსს, რომელიც იმუნური სისტემის ერთ-ერთ კარიბჭედ ითვლება. სიგარეტის ბოლმა ასთმის შეტევა და ასთმური სტატუსიც (ძალიან ხანგრძლივი მძიმე შეტევა) კი შეიძლება გამოიწვიოს;
  2. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას მტვრიან გარემოში, ცივ და/ან ქარიან ამინდში;
  3. ერიდეთ სასუნთქი გზების ვირუსულ ("გაცივება", გრიპი) და სხვა ინფექციებს;
  4. გახსოვდეთ, რომ ასთმიანი ადამიანისათვის ღამე კრიტიკული პერიოდია: ასთმის სიმპტომები დაღამებიდან გათენებამდე მწვავდება;
  5. თუ ხმარობთ საინჰალაციო, ანუ ბრონქების გამაფართოებელ შესასუნთქ საშუალებებს, ზუსტად დაითვალეთ, წამალს დღეში რამდენჯერ შეისუნთქავთ;
  6. რეგულარულად გამოიკვლიეთ სუნთქვის ფუნქციები, უმჯობესია შეიძინოთ ჯიბის ინდივიდუალური პიკფლოუმეტრი;
  7. ყოველთვის თან იქონიეთ თქვენი ექიმის კოორდინატები, როგორც კი იგრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას, დაუყოვნებლად დაუკავშირდით მას;
  8. შეინახეთ ის რეცეპტი, რომელზეც ექიმმა მედიკამენტები გამოგიწერათ;
  9. ერიდეთ გარეთ გასვლას მცენარეთა ყვავილობის პერიოდში, განსაკუთრებით დილის 5-დან 10 საათამდე, როცა ჰაერში ყვავილების მტვრის კონცენტრაცია მაქსიმალურია;
  10. ატარეთ რაიმე ნიშნული (სამაჯური, ყელსაბამი, გულსაბნევი...), რაზეც იქნება აღნიშნული, რომ ავად ხართ, და მითითებულია, თუ რაზე გაქვთ ალერგია. ამაში არაფერია სათაკილო. გაითვალისწინეთ, რომ ეს ხელს შეუწყობს გარშემომყოფებს სწრაფად და საჭიროებისამებრ დაგეხმარონ.

მიმართეთ სპეციალისტს

ასთმის დიაგნოზი, სასურველია, დასვას ან დაადასტუროს სპეციალისტმა - ალერგოლოგმა. მისი მეთვალყურეობით მკურნალობა, ცხადია, უფრო ეფექტური იქნება.

სპეციალისტის მეთვალყურეობა არა მხოლოდ აუმჯობესებს თითოეული პაციენტის მკურნალობის შედეგს, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს ასთმის მკურნალობის ღირებულებას.

მაშ ასე, ნუ მიუშვებთ ასთმას თავის ნებაზე: გაეცანით მას, მოუარეთ, არ შეაწუხებინოთ თავი და ისუნთქეთ თავისუფლად. თუ ამას შეძლებთ, შეგიძლიათ იცხოვროთ მშვიდად და ჯანმრთელად.

მართალია ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მოვიშველიებთ ფაქტებს:

აი, ასთმით დაავადებული რამდენიმე გამოჩენილი ადამიანი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა ან ცოცხლობს საინტერესო და სისხლსავსე ცხოვრებით: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, თეოდორ რუზველტი, ანტონიო ვივალდი, ელიზაბეტ ტეილორი, ლიზა მინელი და მრვალი სხვა.

მაგალითად, 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადაში მონაწილე 117 ათლეტს ჰქონდა ბრონქული ასთმა. ბევრმა მათგანმა წარმატებით იასპარეზა და მედლებიც მოიპოვა!

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) - ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, მიმდინარეობა დიდადაა დამოკიდებული თვითონ ავადმყოფზე, მის ნებისყოფასა და გონიერებაზე.

გახსოვდეთ, რომ დროული და სწორი მკურნალობით შეიძლება ჯანმრთელობის და სიცოცხლის მაღალი ხარისხის ხანგრძლივად შენარჩუნება.

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2003 The GENESIS Association