მენოპაუზა

მენოპაუზა, ანუ “კლიმაქსი" ბუნებრივი პროცესია და არა დაავადება.

სიტყვა “მენოპაუზა" მენსტრუაციის სრულ გაქრობას გულისხმობს და ქალის შვილიერების (ნაყოფიერების) შეწყვეტას ნიშნავს.

მენოპაუზის პერიოდს გაივლის ყველა ქალი, რომელსაც მენსტრუალური ციკლი აქვს.

მენოპაუზა ზოგიერთისათვის სრულიად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. სხვები კი მენოპაუზის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამოვლინებებთან გასამკლავებლად გარკვეულ დახმარებას საჭიროებენ.

როდის იწყება მენოპაუზა?

მენოპაუზა იწყება მაშინ, როცა საკვერცხეების მიერ გამომუშავებული ორი სქესობრივი ჰორმონის ესტროგენისა და პროჟესტერონის დონე კლებულობს და კვერცხუჯრედების რეგულარული მომწიფების პროცესი ირღვევა. ეს, ჩვეულებრივ, 42-დან 55 წლამდე ასაკში ხდება.

მენოპაუზა, როგორც წესი, თანდათანობით იწყება. ქალთა უმრავლესობა მენსტრუალური ციკლის სრულ შეწყვეტამდე რამდენიმე წლით ადრე ამჩნევს, რომ მენსტრუალური ციკლი და მენსტრუაცია არარეგულარული ხდება. შესაძლოა მენსტრუალური სისხლდენა რამდენიმე თვით საერთოდ შეწყდეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ განახლდეს.

მენოპაუზის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც ბოლო მენსტრუაციიდან უკვე ერთი წელია გასული.

თუ მენოპაუზა 40 წლის ასაკამდე იწყება, მას ნაადრევს უწოდებენ და ის ჩვეულებრივ, მკურნალობას საჭიროებს. მენოპაუზის ნაადრევი დადგომის მიზეზი უცნობია, თუმცა გარკვეულ როლს ზოგიერთი ფაქტორიც თამაშობს, მაგალითად: მემკვიდრეობა, მწეველობა და სხვა. დადგენილია, რომ მწეველ ქალებს მენოპაუზა საშუალოდ ორი წლით ადრე ეწყებათ;

მენოპაუზა ითვლება დაგვიანებულად, თუ ის 55 წლის ასაკზე გვიან იწყება. ქალი ამ შემთხვევაშიც საჭიროებს ყურადღებას და ექიმის მეთვალყურეობას, რადგან მათ აქვთ ძუძუს სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი.

საკვერცხეების და/ან საშვილოსნოს ქირურგიული ამოკვეთა მენოპაუზის მყისიერ დადგომას იწვევს.

რა ნიშნები აქვს მენოპაუზას?

მენოპაუზის ნიშნები აღმოცენებას ქალის სასქესო ჰორმონების კლება განაპირობებს.

მენოპაუზის მიმდინარეობა ყველა ქალისათვის ინდივიდუალურია: ზოგს არანაირი სიმპტომი, გარდა მენსტრუალური ციკლის შეწყვეტისა არ აღენიშნება. ქალთა უმრავლესობას კი კლიმაქსისათვის დამახასიათებელი ბევრი ჩივილი აქვს.

ჩივილების უმეტესობა დროთა განმავლობაში სუსტდება და ქრება, ასეთებია:

სხეულის პერიოდული წამოხურება (ეგრეთ წოდებული “ალები"), ღამით ოფლიანობა, ადვილად დაღლილობა;

ემოციური ფონის ცვლილებები: გუნება-განწყობილებისა და სექსუალური ინტერესების დაქვეითება, ადვილად გაღიზიანებადობა;

ძილის დარღვევა (უძილობა);

კანისა და თმის გამოშრობა;

შესაძლებელია სახესა და სხეულზე თმის მოჭარბებული ზრდა;

უსიამოვნო შეგრძნებები (დისკომფორტი) და, ხანდახან, ტკივილი სახსრებში;

თავის ტკივილი;

გულის "ფრიალი" _ სწრაფი და/ან არარეგულარული გულისცემა;

კანის და გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი

ემოციური ლაბილობა:

რიგი ნიშნებისა შეიძლება უფრო გახანგრძლივდეს:

საშოს ლორწოვანის სიმშრალე, ქავილი, ინფექციები, ტკივილი სქესობრივი კავშირისას;

შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომები _ შარდის შეკავების უნარის შესუსტება (სიცილის, ხველის, ცემინებისას და სხვა), ხშირია საშარდე გზების ინფექციებიც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჩივილების სიძლიერეც ფრიად განსხვავებულია და ძირითადად დამოკიდებულია ქალის პიროვნულ თვისებებზე (ხასიათზე) და მის საარსებო გარემოზე.

კვლევებით გამოვლინდა, რომ ქალებს რომლებსაც ჰყავთ ოჯახები და ახლო მეგობრები და/ან მთელი დატვირთვით მუშაობენ, მენოპაუზის სიმპტომებიც შედარებით ნაკლებად აწუხებთ. ამასთან, თვით ქალის დამოკიდებულება კლიმაქსის, როგორც მოვლენისადმი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მის მიმდინარეობაზე.

ბევრი ქალი მენოპაუზას აღიქვამს როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, ზოგიერთი კი თვლის, რომ ეს ტრაგედიაა, რადგან კარგავს ქალის ფუნქციას. ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან მენოპაუზა ქალის მხოლოდ შვილოსნობის უნარის და არა ყველა ქალური თვისების კარგვაა.

მენოპაუზის დროს სქესობრივი ურთიერთობა არ იზღუდება. უბრალოდ, თუ აქტის დროს ან შემდეგ აღინიშნება ტკივილი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საშოს ლორწოვანის სიმშრალით, მიაკითხეთ ექიმს.

მენოპაუზა და დაავადებების რისკი

მენოპაუზის დროს ქალის სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითება გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და შეიძლება გამოიწვიოს:

ძვლების გამოფიტვა: ძვლები შესაძლოა გახდეს მყიფე და ადვილად მტვრევადი: ამ მდგომარეობას ოსტეოპოროზი ეწოდება (იხილეთ დაწვრილებით “გენეზისის" ბროშურაში: “ოსტეოპოროზი")

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები:

  • ათეროსკლეროზი (სისხლძარღვების კედლებში ცხიმოვანი მასის დაგროვება), რასაც საფუძვლად უდევს სისხლში ქოლესტეროლის (ცხიმოვანი ნივთიერე-ბის) შემცველობის მატება;
  • გულის იშემიური დაავადებები: სტენოკარდია, ინფარქტი;
  • გულისცემის რითმის დარღვევა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადება;

სხეულის წონის მომატება, რაც თავის მხრივ, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს ზრდის;

მენჯის ფუძის კუნთების სისუსტე: მენჯის კუნთები და სახსრები სუსტდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს:

  • საშვილოსნოს დაწევა და იშვიათ შემთხვევებში _ საშვილოსნოს გამოვარდნა (პროლაფსი) საშოში;
  • შარდის შეკავების უნარის დაქვეითება, რის ფონზეც ხშირად ვითარდება საშარდე გზების, შარდის ბუშტისა და შარდსადენის ინფექციები.

მენოპაუზის მკურნალობა

ცხოვრების ჯანსაღი წესი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს მენოპაუზის დროს არსებულ სიმპტომებსა და დაავადებების განვითარების რისკს. მკურნალობა დამოკიდებულია მენოპაუზის მიმდინარეობაზე:

დიეტა: ძირითადი საკვები ნივთიერებების და მინერალური მარილების შევსება.

სასარგებლოა:

კალციუმით მდიდარი საკვები: მენოპაუზის პერიოდში ქალის ორგანიზმს ყოველდღიურად 1500მგ კალციუმი ესაჭიროება. კალციუმს შეიცავს რძე და რძის პროდუქტები (მაგალითად: 200 მლ რძე, მაწონი და იოგურტი საშუალოდ დაახლოებითY300მგ ჩა-ს შეიცავს, ყველი _ 300-500 მგ-ს), თევზეული (მაგალითად: სარდინი, სკუმბრია_ 350 მგ-ს), კვერცხი, ნუში, ნიახური, ოხრახუში, ხახვი, გარგრის ჩირი, შოკოლადი და სხვა;

დიდი რაოდენობით მცენარეული ბოჭკოს და ცილის შემცველი პროდუქტები: უმი ხილი და ბოსტნეული, ჩენჩოიანი მარცვლეული: შვრია (ჰერკულესი), წიწიბურა, ხორბალი, პარკოსნები: ბარდა, ლობიო და მუხუდო;

D ვიტამინი აუცილებელია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის. მას მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ზღვის და ოკეანის ცხიმიანი თევზები (ორაგული, ზუთხისებრნი, სკუმბრია), კვერცხი, ღვიძლი;

სასარგებლოა ისეთი საკვებიც, რომელიც მდიდარია ქალის ჰორმონის _ ესტროგენის მსგავსი ქიმიური ნივთიერებებით (ფიტოესტროგენებით). ასეთებია: სოიოს პროდუქტები, თეთრი ჭარხალი, ოხრახუში, კამა;

მოერიდეთ ცხოველური (ნაჯერი) ცხიმების მიღებას, რომლებიც ხორცსა და კარაქშია – ცხიმებიდან უმჯობესია მიიღოთ ზეითუნის ზეთი.

ვარჯიში

გახსოვდეთ, რომ მენოპაუზის პერიოდში უნდა შეინარჩუნოთ საკმარისი ფიზიკური აქტივობა, რაც მისი გვიანი შედეგების და გართულებების (ოსტეოპოროზის და გულსისხლძარღვთა დაავადებების) პროფილაქტიკაა და ამავე დროს ჭარბი წონის დაგროვებას უშლის ხელს. სასარგებლოა:

სუფთა ჰაერზე სეირნობა: სიარული 45-60 წუთის განმავლობაში კვირაში სამჯერ მაინც;

ცურვა;

აერობიკის მსგავსი ვარჯიშები, ცეკვა და სხვა.

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ჩჰთ)

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია არის ქალის სასქესო ჰორმონების (ესტროგენისა და პროგესტერონის) შემცველობის ხელოვნურად შევსება მენოპაუზის სიმპტომების შემცირების მიზნით.

ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია, როგორც წესი, გარკვეული დროით აღადგენს მენსტრუალურ ციკლს და, ამავე დროს ამცირებს, ჩივილებს.

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს გარკვეული გამოკვლევების შემდეგ. სამკურნალო პრეპარატების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

ჩვეულებრივ ნიშნავენ ორივე ჰორმონის კომბინაციას, რადგან მხოლოდ ესტროგენის მიღება საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილის (ენდომეტრიუმის) და სარძევე ჯირკვლების სისმსივნის განვითარების რისკს ზრდის.

ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიაზე მყოფ ქალებს, როგორც წესი, ესაჭიროება მეან-გინეკოლოგის რეგულარული მეთვალყურეობა.

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის დადებითი შედეგებია:

კლიმაქსის სიმპტომების: წამოხურების (ალების), ღამის ოფლიანობისა და საშოს ლორწოვანის (ვაგინალური) სიმშრალის შემცირება ან მოხსნა;

ოსტეოპოროზის განვითარების რისკის შემცირება;

გუნება-განწყობილების ცვალებადობის შემცირება;

სახსრებში დისკომფორტის და ტკივილის შემცირება ან მოხსნა.

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის უარყოფითი შედეგებია:

მკერდის გამკვრივება და ტკივილი;

კიდურების და ქუთუთოების შეშუპება, რაც ორგანიზმში წყლის შეკავებითაა გამოწვეული;

სხეულის წონის მატება;

დეპრესია და გაღიზიანებადობა.

ამ სიმპტომების გაჩენისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჩანაცვლებით ჰორმონული თერაპია გარკვეულ რისკთანაცაა დაკავშირებული:

მისი ხანგრძლივად ჩატარება უმნიშვნელოდ ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიაზე მყოფი ქალებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გინეკოლოგის და სასურველია მამოლოგის (სარძევე ჯირკვლების სპეციალისტის) რეგულერული კონსულტაციები და მათი რჩევისამებრ საჭირო გამოკვლევების ჩატარება, მაგალითად: სარძევე ჯირკვლების ექოსკანირება, მამოგრაფია;

ჩჰთ არაა მიზანშეწონილი იმ ქალებისთვის, რომელთაც ახლო წარსულში (უახლოესი 5 წელი) დაესვათ ძუძუს კიბოს დიაგნოზი (ან ეს დიაგნოზი გარკვევის პროცესშია);

ხანგრძლივი ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის ფონზე იზრდება, აგრეთვე, კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის რისკი, რამაც, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს;

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიისათვის გამოიყენება ჰორმონის შემცველი აბები და სხეულზე დასაწებებელი (ადჰეზიური) ფირფიტები.

საშოს ლორწოვანის სიმშრალისას და ქავილისას კარგია ესტროგენის შემცველი ისეთი საშუალებები, როგორებიცაა საშოს (ვაგინალური) საცხები და საშოს ბურთულები. ისინი საშოს ლორწოვანზე ადგილობრივად მოქმედებს და ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.

მენოპაუზის დამატებითი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები:

გულისხმობს კომპლექსურ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს (არატრადიციული მეთოდების ჩათვლით). სასურველია, (მაგრამ არა აუცილებელი!) ისეთი პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებებისათვის მიმართვა, როგორიცაა:

ზოგადი ვარჯიში,

რელაქსაცია და კარგი განწყობის შექმნა (მაგალითად: მუსიკის ქვეშ დასვენება, მოდუნება);

არომათერაპია (სურნელოვანი ზეთებით და სხვა ნივთიერებებით მკურნალობა);

არსებობს ისეთი დამხმარე მეთოდები, როგორიცაა:

გამაჯანსაღებელი ზოგადი მასაჟი;

აკუპუნქტურა;

იოგა;

რეფლექსოთერაპია და ა.შ.

ზემოჩამოთვლილმა ღონისძიებებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი შვება მოუტანოს ბევრ ქალს.

მენოპაუზა თქვენი ცხოვრების გარდაუვალი პერიოდია, მაგრამ მისი მიმდინარეობა გარკვეულწილად თქვენზეა დამოკიდებული. გახსოვდეთ, რომ ექიმის დახმარებით შესაძლოა თავიდან აიცილოთ მენოპაუზის უმეტესი უსიამოვნო გამოვლინებები (სიმპტომები).

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2003 The GENESIS Association