|
მამაკაცის ჯანმრთელობის პრობლემებზე როცა ვსაუბრობთ, პირველ რიგში ვგულისხმობთ უშვილობას და სექსუალურობის ამა თუ იმ გამოვლინებასთან დაკავშირებულ დარღვევებს.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სექსუალურ პრობლემებსა და უშვილობას ერთმანეთთან აიგივებენ, მათ შორის ურთიერთკავშირი უმნიშვნელოა. უამრავი მამაკაცი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს სრულფასოვანი სექსუალური ურთიერთობები საპირისპირო სქესის პარტნიორთან, მოკლებულია განაყოფიერების უნარს. ასევე მამაკაცს, რომელსაც აქვს განაყოფიერების უნარი, შეიძლება სერიოზული პრობლემები ჰქონდეს სქესობრივი აქტის განხორციელების თვალსაზრისით.
ასე, რომ უშვილობა და სექსუალური დარღვევები ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნებებია.
როდის ისმება უშვილობის დიაგნოზი?
თუ ქალის და მამაკაცის დაუცველ რეგულარულ სქესობრივ ურთიერთობას 1 წლის მანძილზე არ მოჰყვა ჩასახვა, ამ წყვილმა უნდა მიმართოს ექიმს: გინეკოლოგს, ანდროლოგს, რეპროდუქტოლოგს.
უშვილობის დიაგნოზის დასასმელად ან გამოსარიცხავად აუცილებელია როგორც ქალის, ისე მამაკაცის გამოკვლევა.
წყვილის უშვილობის შემთხვევაში, ჩვენში, როგორც წესი, აქცენტი მთლიანად ქალზე გადააქვთ, თუმცა ცნობილია, რომ შემთხვევათა 1/3_ში მიზეზი ქალია, 1/3-ში _ მამაკაცი, ხოლო 1/3-ში ორივე პარტნიორის მიზეზითა გამოწვეული, საიდანაც დიდი ნაწილი (უშვილობის შემთხვევების 20 %) აუხსნელი რჩება. ანუ ქალიც და მამაკაციც თანაბრად არიან “დამნაშავე".
ექიმს, რომელიც იკვლევს და მკურნალობს მამაკაცის უშვილობას, ანდროლოგი ჰქვია
მამაკაცის უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს:
- სათესლე ჯირკვლების ვენების გაგანიერება_ ვარიკოცელე
- სათესლე სითხის _ სპერმის და სასქესო უჯრედების _ სპერმატოზოიდების გამომუშავების დარღვევა
- გენეტიკური განწყობა (უშვილობის ხშირი შემთხვევები ახლო ნათესავებში)
- ხანდაზმულობა
- სათესლე სადინარების გადაკეტვა ოპერაციის მეშვეობით
- უშვილობის გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება შემთხვევათა 20 %-ში.
“უმიზეზო უშვილობის" ერთ-ერთ გამომწვევად სავარაუდოდ მიიჩნევენ ფსიქოემოციურ დატვირთვას. უნდა აღინიშნოს, რომ წყვილის შვილოსნობის უნარზე არსებით გავლენას ახდენს მუდმივი სტრესი და დაძაბულობა, გამოწვეული თვით უშვილობით. ასეთ შემთხვევებში თითქოს მანკიერი წრე იკვრება: უშვილობა იწვევს სტრესს და სტრესი კი იწვევს შვილოსნობის უნარის დაქვეითებას როგორც ქალში, ისე მამაკაცში. ზევით აღვნიშნეთ, რომ ერთი წლის “უშედეგო" სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა ექიმს უნდა მიაკითხოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უშვილობის დიაგნოზის დასასმელად საჭირო დროა გასული. ექიმის კონსულტაცია სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ დროულად ჩატარებული კვლევა დაეხმაროს წყვილს სწორად წარმართოს ურთიერთობა, თავიდან აიცილოს შვილის ყოლის გახანგრძლივებული მოლოდინით გამოწვეული ნერვიულობა და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტაროს მკურნალობა.
მამაკაცის შვილოსნობას ძირითადად განსაზღვრავს სიცოცხლისუნარიანი, მოძრავი სასქესო უჯრედების _ სპერმატოზოიდების გამომუშავების უნარი. ამ უჯრედებს გამოიმუშავებს მამაკაცის სათესლე ჯირკვალი. სპერმატოზოიდები გარეთ გამოიყოფა სათესლე სითხესთან: სპერმასთან ერთად, რომელსაც მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალი, ანუ პროსტატა გამოიმუშავებს.
პროსტატა მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ და გარს ეხვევა შარდსადენს. ის გამოიმუშავებს სპერმას, რომელიც წარმოადგენს საარსებო და საკვებ გარემოს სასქესო უჯრედებისათვის _ სპერმატოზოიდებისათვის.
მამაკაცის უშვილობაზე ეჭვის შემთხვევაში პირველ რიგში სპერმას იკვლევენ.
სპერმის ანალიზის შედეგად აფასებენ სპერმაში ცოცხალი სპერმატოზოიდების რიცხვს და მათ თვისებებს, მაგალითად, მოძრაობის, გადაადგილების და სიცოცხლის უნარს. თუ სპერმაში სპერმატოზოიდების რიცხვი ნორმასთან შედარებით მცირეა, ამას ოლიგოსპერმიას უწოდებენ (არსებობს სხვადასხვა ხარისხის ოლიგოსპერმია). თუ სპერმაში საერთოდ არაა სპერმატოზოიდები, ამას აზოოსპერმიას უწოდებენ.
რა იწვევს სპერმატოზოიდების გამომუშავების დარღვევას და შესაბამისად უშვილობას?
ამის მიზეზები ბოლომდე დღესაც არაა ცნობილი ითვლება, რომ არსებით გავლენას ახდენს თანამედროვე ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ფაქტორები:
- თამბაქოს ჭარბი წევა _ იწვევს სპერმატოზოიდების რიცხვის შემცირებას, მათი სიცოცხლის და მოძრაობის უნარის შეზღუდვას
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
- ნარკოტიკების მოხმარება
- მცირე ფიზიკური აქტივობა (ანუ ჰიპოდინამია)
- ჭარბი კვება და წონა
- სათესლე ჯირკვლების გადახურება, რაც შეიძლება გამოიწვიოს: საუნით ხშირად სარგებლობამ, ხანგრძლივად ჯდომამ (სამუშაო მაგიდასთან, საჭესთან, ველოსიპედზე...)
- და სხვა.
გარემო
გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ზოგიერთ დაავადებას, მაგალითად:
- ჰიპოგონადიზმი: იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა და ნიშნავს იმ ერთ-ერთი მთავარი ჰორმონის ნაკლებობას, რომელიც განაპირობებს მამაკაცის სასქესო ჰორმონის _ ტესტოსტერონის და სხვა რეპროდუქციული ჰორმონების გამომუშავებას.
- ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავება თავისივე სპერმატოზოიდების მიმართ, რაც ნორმალური იმუნიტეტის დარღვევის შედეგია და იწვევს სპერმატოზოიდების დაზიანებას.
- სათესლე ჯირკვლის ანთება, ანუ, ორქიტი: ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის ანთება, რასაც ძირითადად ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია იწვევს. ამ ინფექციებს შორის ორქიტის მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება: ბავშვთა ასაკში _ ყბაყურას ვირუსი და სქესობრივი მომწიფების და სიმწიფის ასაკში _ სქესობრივად გადამდები ინფექციები: ქლამიდიაზი, გონორეა და სხვა.
- კრიპტორქიზმი: სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში არარსებობა (უფრო დეტალურად ამ დაავადების შესახებ იხილეთ ბროშურაში: სექსუალური ჯანმრთელობა)
- ვარიკოცელე: სათესლე ჯირკვლის ვენის ვარიკოზული გაგანიერება (ვლინდება უშვილო მამაკაცთა 35 პროცენტში), გავრცელებული დაავადებაა, გვხვდება მამაკაცთა 8-20%-ში, უფრო ხშირია ახალგაზრდებში. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გამოვლინდება მხოლოდ სათესლე პარკის რომელიმე ნახევრის გადიდებით. შეიძლება იყოს უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილი სათესლე პარკში, რაც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს. დაავადება შეიძლება გართულდეს გაგანიერებული ვენების ანთებით. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებულ მამაკაცთა უმრავლესობა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, დაავადება თანდათან პროგრესირებს და იწვევს სათესლე ჯირკვლის ფუნქციის და შვილოსნობის უნარის დაქვეითებას.
- პროსტატიტი: წინამდებარე ჯირკვლის _ პროსტატის ანთება, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით:
- მწვავე პროსტატიტი გამოწვეული ბაქტერიული ინფექციით. იწყება უეცრად, ვლინდება ცხელებით, შემცივნებით, ტკივილით წელის და შორისის მიდამოში, ტკივილი მოშარდვისას. ამ ჩივილებით მამაკაცმა აუცილებლად დაუყოვნებლად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან დროული ანტიბაქტერიული მკურნალობა ეფექ-ტურია.
- ქრონიკული პროსტატიტი, შეიძლება იყოს ბაქტერიული ან სხვა წარმოშობის, მაგალითად, შეგუბებითი. მისი სიმპტომები შეიძლება არ იყოს ძალიან შემაწუხებელი, მაგრამ გრძელდება დიდხანს და უმჯობესია დროულად მიმართოთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და სამკურნალოდ.
წინამდებარე ჯირკვლის პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება:
- ხანგძლივი სექსუალური აბსტინენციები (თავშეკავებები)
- სექსუალური ფრუსტრაციები (სექსუალუ-რი აღგზნება დაკმაყოფილების გარეშე)
- სქესობრივი აქტის ხელოვნური გახანგრძლივება
- გადაჭარბებული სექსუალური აქტივობა
- სექსუალური ურთიერთობები ალკოჰოლის და ნარკოტიკების ზემოქმედების ფონზე და ა.შ.
წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების პროფილაქტიკაში მთელ რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად განსაკუთრებული როლი ენიჭება სტაბილურ და რეგულარულ სექსუალურ ურთიერთობებს.
- პროსტატის ადენომა ანუ მისი ზომებში მომატება უხშირესად ვითარდება ხანდაზმულ მამაკაცებში, ვლინდება შარდვის გაძნელებით და გახშირებით. მკურნალობა დამოკი-დებულია ადენომას ხარისხზე და შეიძლება იყოს მედიკამენტოზური ან ქირურგიული. უნდა აღინიშნოს, რომ დროული და სწორი მკურნალობა კარგ შედეგებს იძლევა.
- პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო): არც თუ ხშირად შეხვედრადი დაავადებაა. თავიდან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მოგვიანებით ვლინდება შარდვის გაძნელებით და გახშირებით. მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა კარგ შედეგებს იძლევა. ამიტომ სიმსივნის პროფილაქტიკის ყველაზე საიმედო მეთოდია ექიმის კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევა წელიწადში ერთხელ.
- სათესლე ჯირკვლის კიბო შეადგენს მამაკაცებში განვითარებული სიმსივნეების
მხოლოდ 1%-ს. ვითარდება უფრო ხშირად 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდებში. უხშირესად ზიანდება ერთი სათესლე. სიმსივნის რისკ-ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
- კრიპტორქიზმი (სათესლე პარკში ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი)
- სათესლის კიბო ახლო ნათესავებში
- სათესლე ჯირკვლის ტრავმა
სიმპტომები: ადრეულ სტადიაზე სათესლის კიბო უსიმპტომოდ მიდის. მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს:
- სათესლე ჯირკვალში მცირე უმტკივნეულო სიმსივნე
- სათესლე პარკის ზომების მომატება
- დისკომფორტი ან ტკივილი სათესლე პარკში
- ტკივილი მცირე მენჯში
- სარძევე ჯირკვლის და დვრილების შეშუპება.
სათესლე ჯირკვლის კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკაა სათესლეების რეგულარული თვითგასინჯვა. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა საშუალებას იძლევა პაციენტმა ჯანმრთელობა ათეულობით წლით შეინარჩუნოს.
შეიძლება თუ არა უშვილობის მკურნალობა?
მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა გამოვასწოროთ უშვილობის გამომწვევი მიზეზები. ამისათვის საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს: ოჯახის ექიმს და შემდეგ უროლოგს ან ანდროლოგს.
თუ უშვილობის მკურნალობა უშედეგოა, არსებობს შესაძლებლობა, მიმართოთ ეგრეთ წოდებულ “ხელოვნურ (ინ ვიტრო, ანუ სხეულს გარეთ) განაყოფიერებას". ეს მეთოდი ბევრ ოჯახს უხსნის უშვილობის პრობლემას.
ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების
თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.
|