სექსუალური ჯანმრთელობა

საინფორმაციო ბროშურა მშობლებისათვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაზღვრებით სექსუალური ჯანმრთელობა არის სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ფიზიკური, ემოციური, ფსიქიკური სიჯანსაღე და სოციალური კეთილდღეობა, რაც არ ნიშნავს მხოლოდ დაავადების ან ფუნქციის დარღვევის არარსებობას. სექსუალური სიჯანსაღე განაპირობებს დადებით დამოკიდებულებას სექსუალურობისა და სექსუალური ურთიერთობებისადმი და შესაძლებლობას გქონდეთ სასიამოვნო და უსაფრთხო სექსუალური გამოცდილება, ძალადობისა და ჩაგვრის გარეშე.

მამაკაცის სექსუალური ჯანმრთელობის ფორმირება ხდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. სქესობრივი მომწიფების ასაკში (13-19 წელი) მოზარდები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გარემოს მიმართ და მათ სწორ აღზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

სქესობრივი აღზრდა ორგანული ნაწილია იმისა, რასაც ზოგადად “აღზრდას" ვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, მოზარდს ავუხსნათ, რომ სქესობრივი ცხოვრება ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია და გარკვეულ ასაკში იწყება. ბავშვებს ასაკის შესაბამისი გარკვეული ინფორმაცია მარტივად და გასაგებად უნდა მივაწოდოთ და მათი კითხვები უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ, რადგან ისინი, პასუხს ჩვენგან თუ ვერ მიიღებენ, მას სხვაგან დაუწყებენ ძებნას და იპოვიან კიდეც, ოღონდ გაცილებით მახინჯი ფორმით.

არის მოსაზრება, რომ სქესობრივი სფეროს შესახებ ცოდნას ადამიანი ინსტიქტურად ფლობს. ბევრი განათლებული პიროვნება, მათ შორის ექიმებიც, ამბობს: “ჩვენთვის არავის არაფერი უსწავლებია, მაგრამ ყველაფერი ვიცით~. იქნებ მართლა არ არის საჭირო მოზარდებისათვის ინფორმაციის მიწოდება სქესობრივი სფეროს შესახებ? სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ ინფორმაციის დროულად მიწოდებას, რადგანაც სექსოლოგიურ პაციენტთა დიდ ნაწილს პრობლემები სწორედ შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის ან მცდარი ინფორმაციის გამო უჩნდება.

საიდან იღებს ადამიანი ინფორმაციას სქესობრივი სფეროს შესახებ?

ჩვეულებრივ, ინფორმაციის მთავარი წყაროა თანატოლები, ქუჩა, რადიო, ტელევიზია, გაზეთები და პოპულარული ლიტერატურა, ყველაზე ნაკლებად კი - მშობლები, პედაგოგები და ამ სფეროს სპეციალისტები. საუკეთესო გამოსავალი მშობლების, სკოლამდელი და სკოლის ასაკის პედაგოგების, პედიატრების ამ კუთხით მომზადებაა, რათა მათ შეძლონ სქესობრივი აღზრდის სწორად წარმართვა და პრობლემური შემთხვევების დროული გამოვლენა.

ადამიანის ბიოლოგიური სქესი განისაზღვრება სასქესო ქრომოსომებით (მემკვიდრული/გენეტიკური თვისებების გადამცემი უჯრედული ელემენტებით), სასქესო ჰორმონებით, შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოების ანატომიური აგებულებით და მეორადი სასქესო ნიშნებით (ხმის დაბალი ტემბრი; თმიანობა სახეზე, ბოქვენზე, იღლიის ფოსოებში; სასქესო ასოს და სათესლე ჯირკვლების ზომებში მომატება და ა.შ.). ეს ბიოლოგიური ფაქტორები მჭიდრო კავშირშია ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებთან, რომელთა მოქმედება იწყება დაბადებისთანავე და გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

სექსუალურობის ფორმირების ასაკობრივი დინამიკა

ადამიანის სექსუალური ფუნქცია განპირო-ბებულია ასაკით. სექსუალური გამოვლინებების დიდი ნაწილი სქესობრივ მომწიფებამდე არ ვლინდება, შემდგომ, გარდატეხის პერიოდში, აქტიურდება და შვილოსნობის (რეპროდუქციული) პერიოდის გავლის შემდეგ თანდათანობით ქვეითდება.

ჯანმრთელი მამაკაცების ასაკობრივი სექსუალური გამოვლინებების მთელი დიაპაზონი შეიძლება დავყოთ ოთხ პერიოდად:

  • პუბერტატული, ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდი
  • გარდამავალი პერიოდი
  • მომწიფებული სექსუალობის და
  • ინვოლუციური პერიოდი, ანუ სექსუალური ფუნქციების დაქვეითების ხანა, განპირობებული ხანდაზმულობით.

პუბერტატულ პერიოდში (იღვიძებს სექსუალური ლტოლვა, ხდება პირველი ეაკულაცია (სპერმის დაღვრა), რაც ბიძგს აძლევს მასტურბაციების (ხელთცთუნება, სექსუალური თვითდაკმაყოფილება) დაწყებას. პუბერტატულ პერიოდში, უმრავლეს შემთხვევებში, მოზარდები სქესობრივ ცხოვრებას იწყებენ.

გარდამავალი პერიოდი ხასიათდება მოუწესრიგებელი, შემთხვევითი სექსუალური კავშირებით. მისთვის ტიპიურია ექსცესების (განმეორებითი სქესობრივი აქტების) მონაცვლეობა სხვადასხვა ხანგრძლივობის აბსტინენციებთან (სქესობრივ თავშეკავებასთან), რომელთა დროსაც ადგილი აქვს სექსუალური აქტივობის ჩანაცვლებით ფორმებს (მაგალითად მასტურბაცია). ეს პერიოდი მამაკაცთათვის უმრავლეს შემთხვევაში მთავრდება ქორწინებით, ან სტაბილური სქესობრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებით.

მომწიფებული სექსუალობა ხასიათდება სექსუალური აქტივობის ინდივიდუალური ფორმის ჩამოყალიბებით, რაც განსაზღვრულია სქესობრივი კონსტიტუციით, შეხედულებათა სისტემით და ცხოვრების პირობებით. სექსუალური აქტივობის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მუდმივი სექსუალური პარტნიორის არსებობა. ხშირად ხდება, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც არ ჰყავს მუდმივი პარტნიორი, შემთხვევითი სექსუალური ურთირთობებისას ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს, რათა “აინაზღაუროს" როგორც წარსული ისე მოსალოდნელი თავშეკავება.

ამ პერიოდში გამომუშავდება ე.წ. პირობითი ფიზიოლოგიური რიტმი, რაც გულისხმობს მუდმივ

სექსუალურ პარტნიორთან კვირაში საშუალოდ 2-3 სქესობრივ აქტს (კოიტუსს). ეს ითვლება საშუალო მაჩვენებლად, თუმცა, არ გამორიცხავს მამაკაცის მიერ კვირაში გაცილებით მეტი ან ნაკლები აქტის ჩატარების შესაძლებლობას.

ინვოლუციური პერიოდისათვის დამა-ხასიათებლია სექსუალური აქტივობის თანდათანობითი დაქვეითება და ამ სფეროს მიმართ ინტერესის შესუსტება (რაც შეიძლება, აგრეთვე, მოხდეს ადრეულ ასაკში სხვადასხვა დაავადების, მავნე ჩვევების ან/და ფსიქო-ემოციური სტრესის გამო). თუმცა, სექსუალური ურთიერთობების და განაყოფიერების უნარი მამაკაცს შეიძლება შენარჩუნებული ჰქონდეს ხანდაზმულ ასაკამდე.

ფსიქოსექსუალური განვითარება

ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარება ხდება ეტაპობრივად. ბავშვს ადრეული ასაკიდან ეწყება სექსუალურობის გარკვეული გამოვლინებები, რომლის შესახებ მშობელმაც უნდა იცოდეს, ბაღის აღმზრდელმაც და მასწავლებელმაც.

ბავშვები იბადებიან უკვე სექსუალურად მოტივირებულნი და მშობლები შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად აძლევენ მათ სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს, მშობლების დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სექსუალური ქცევის ფორმირებისათვის.

სქესობრივი თვითშეგნება (აუტოიდენტიფიკაცია) ეს არის ინდივიდუალური, პიროვნული შეგრძნება, საკუთარი თავის აღქმა ქალად ან მამაკაცად. ის ყალიბდება ადრეულ (დაახლოებით 3 წლის) ასაკში და მრავალმხრივ ზეგავლენას ახდენს მოზარდის ფსიქოსექსუალურ განვითარებაზე.

3-4 წლის ასაკიდან ყალიბდება ამა თუ იმ სქესისათვის შესაფერისი ქცევა, ანუ ბავშვი ირჩევს სქესის შესაფერის როლს. Mმოზარდის სქესობრივი მიდრეკილებების გარკვევა შეიძლება მის მიერ არჩეული თამაშებით და ტანსაცმლით. ვაჟები უფრო აგრესიული ტიპის თამაშებს ირჩევენ (ომობანა, ბურთი, მანქანები და ა.შ.), გოგონებისათვის კი დამახასიათებელია მშვიდი თამაშები (თოჯინები, სახლობანა, დედობანა და ა.შ.). ბავშვებს მოსწონთ, როცა უფროსებს ეხმარებიან, მაგრამ მნიშვნელოვანია რომელი სქესის (იდენტური თუ საწინააღმდეგო) მშობლის მიხმარება ანიჭებთ მათ სიამოვნებას. შეიძლება ვაჟი დედას ქალურ საქმეში ეხმარებოდეს, მაგრამ ამის გაკეთება სიამოვნებას არ უნდა ანიჭებდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიჭი უმეტესწილად გოგონებთან ერთად თამაშობს ან თამაშში გოგონას როლს ასრულებს. ასეთ ვაჟს მეტი შანსი აქვს, ქალური ქცევები ჩამოუყალიბდეს, შემდგომში კი ამან სქესობრივი როლის შეცვლა გამოიწვიოს.

10-13 წლიდან მოზარდის ფსიქოსექსუალურ განვითარებაში იწყება მომდევნო ეტაპი – ის ირჩევს პარტნიორს, რომლის სქესი განსაზღვრავს მის ფსიქოსექსუალურ ორიენტაციას.

ვაჟს, რომელსაც მამასთან ერთად უყვარს ჩხირკედელაობა და ვაჟკაცური თამაშები იტაცებს, მამაკაცის ხასიათს ავლენს და ნაკლები შანსი აქვს ჰომოსექსუალური (იგივე სქესის მიმართ) ლტოლვა ჩამოუყალიბდეს. ხოლო ვისაც გოგონებთან თამაში უყვარს და ქალის აქსესუარებისკენ გაურბის თვალი, ჰომო-სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბების მეტი შანსი აქვს.

13-14 წლამდე სექსუალურობა ჩამოყალიბების სტადიაშია და თუნდაც არსებობდეს ჰომოსექსუალური ინტერესები, ეს ბავშვის საბოლოო ორიენტაციის მაჩვენებელი არ არის. ამ ასაკში ბავშვი შედარებით ადვილი “გამოსაძერწია". თუ მშობელმა და პედაგოგმა ეს იციან, ნაკლებ შეცდომას უშვებენ მოზარდთან ურთიერთობისას.

დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს და იმ გარემოს, სადაც მოზარდს უწევს ყოფნა. ბიჭს მამაკაცური ხასიათი მამის მიბაძვით უყალიბდება, გოგონას -დედის. იმ ვაჟებზე დაკვირვებით, რომელთაც საწინააღმდეგო სქესის ხასიათი და ქცევა უფრო აქვს გამოკვეთილი აღმოჩნდა, რომ მათი დიდი ნაწილი უმამოდ იზრდებოდა. თუ ოჯახში არ არის მამა, მაგრამ არის სხვა მამაკაცი (ბიძა, ბაბუა) ბიჭი ნაკლებად იჭრება საწინააღმდეგო სქესის როლში, იმ ოჯახში, სადაც საერთოდ არ ცხოვრობს მამაკაცი, ბიჭებს უფრო მეტი დეფიციტი უჩნდებათ ხასიათის ფორმირებისას. დედის ქცევაზეც ბევრია დამოკიდებული. საქართველოში, სამწუხაროდ, დიდია დანგრეულ ოჯახთა რიცხვი და თითქმის ყოველთვის “დამნაშავე" ქმარია, საკუთარი ინიციატივით ქალი ოჯახს იშვიათად ანგრევს, რადგან იგი სოციალურად ხშირად მამაკაცზეა დამოკიდებული. მამაკაცს, რომელმაც ოჯახი დატოვა, უარყოფითი, “დამნაშავე" ადამიანის სახელს არგებენ, ხშირად ქალი მას სამაგიეროს იმით უხდის, რომ შვილს არ აჩვენებს. საბოლოოდ კი გამოდის რომ დედა საკუთარ შვილს სჯის. ასეთი მოვლენები გავლენას ახდენს ბავშვის სექსუალური როლის არჩევაში. ვაჟისათვის მამა ხატია და მისი მიბაძვით უყალიბდება მამაკაცური ქცევა, უმამოდ დარჩენილ ბიჭებს მეტი შანსი აქვთ არასწორად აირჩიონ სექსუალური ორიენტაცია.

გოგონებში მსგავსი პრობლემები ბევრად უფრო იშვიათია, რადგან არც ისე ხშირია, როცა გოგონას მარტო მამა ზრდის ან ოჯახში ქალი არ ცხოვრობს.

ოჯახში დედის ან მამის არყოფნის დროს როლის სწორად არჩევის პრობლემა ცხადია ყველა ბავშვს არ უჩნდება.

მამაკაცის სექსუალობის გამოვლინებებია:
  • სექსუალური ლტოლვა, ანუ ლიბიდო
  • ერექცია, ანუ სასქესო ასოს ზომებში მომატება და გამაგრება
  • ეაკულაცია, ანუ სპერმის დაღვრა
  • ორგაზმი, ანუ სიამოვნება, რომელიც თან სდევს სპერმის დაღვრას
  • ფსიქოსექსუალური ორიენტაცია

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2009 The GENESIS Association