რ ა ქ ი ტ ი |
რა არის რაქიტი? რაქიტი ბავშვთა დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მზიანი, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი ქვეყანაა და თითქოს მოსახლეობა D ვიტამინის ნაკლებობას არ უნდა განიცდიდეს, მაგრამ რაქიტი მაინც ფართოდაა გავრცელებული. რატომ არის საჭირო ბავშვისთვის D ვიტამინი? D ვიტამინი აძლიერებს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვას სისხლსა და შემდეგ ძვლებში. ძვლისათვის კალციუმი ისეთივე საშენი მასალაა, როგორც აგური სახლისათვის. ამიტომ არის საჭირო D ვიტამინითა და კალციუმით მდიდარი საკვების მიღება. რა იწვევს ვიტამინის ნაკლებობას?
მზის სხივების ნაკლებობა, რადგანაც მზის სხივები ხელს უწყობს ბავშვის კანში D ვიტამინის წარმოქმნას; კუჭ-ნაწლავის აშლილობით მიმდინარე დაავადებები, რომლის დროსაც აღინიშნება ნაწლავიდან კალციუმის შეწოვის დარღვევა.
ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები; ძუძუზე მყოფი ბავშვები, რომელთა დედები არ იკვებებიან ვიტამინებით, ცილებით და ცხიმებით მდიდარი საკვებით და ხანგრძლივად არ იმყოფებიან სუფთა ჰაერზე; ბავშვები, რომლებიც იზრდებიან აკვანში, რადგან აკვანში ბავშვის უმოძრაო და უჰაერო მდგომარეობა ხელს უწყობს ძვლებში რაქიტული ცვლილებების განვითარებას.
როგორ დავიცვათ ბავშვი რაქიტისაგან?
მეძუძური დედა უნდა იკვებებოდეს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი, კალორიული საკვებით; ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები უნდა იკვებებოდნენ ადაპტირებული (დედის რძის შემადგენლობასთან მიახლოებული, ვიტამინებით გამდიდრებული) ნარევებით ან მაწვნით. მეძუძური დედები და 1 წელს გადაცილებული ბავშვები უნდა იკვებებოდნენ შემდეგი საკვები პროდუქტებით:
ხაჭოთი, მაწვნით, ყველით, კვერცხით, საქონლის და ქათმის ხორცით, თევზით, ხილით (ვაშლით, ალუჩით, ალუბლით, კივით, ატმით, გარგარით, კენკროვნებით), ბოსტნეულით (კარტოფილით, კომბოსტოთი, გოგრით, სტაფილოთი, ჭარხლით, მწვანილით). როგორ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჯანსაღი რომ გაიზარდოს ? ძუძუთი კვების შემთხვევაში: თუ ბავშვის წონა შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს (აუცილებელია წონის კონტროლი პედიატრის ზედამხედველობის ქვეშ), 4-6 თვემდე იგი უნდა იკვებებოდეს მხოლოდ დედის რძით; 4 თვიდან საკვებ რაციონს უნდა დავუმატოთ ხილის: ვაშლის, ალუბლის, ბროწეულის, აგრეთვე კენკროვნების (მოცხარის, ჟოლოს) წვენი; 4,5 თვიდან უნდა მივცეთ გახეხილი ცოცხალი ხილი: ვაშლი, ატამი, გარგარი; 4,5 - 5,5 თვიდან - ბოსტნეულის ფაფა მომზადებული კარტოფილის, სტაფილოს, კომბოსტოს, ჭარხლის, ხახვისა და მწვანილისაგან. 6 თვიდან ბურღულეულის - წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის, შვრიის ფაფები უნდა მივცეთ მონაცვლეობით (ფაფას შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი კარაქი); 6,5 თვიდან - ხაჭო (კვირაში 2-3-ჯერ); 7 თვიდან - მაგრად მოხარშული ნახევარი კვერცხის გული დღეგამოშვებით (ვიწყებთ კვერცხის გულის მერვედი ნაწილით და თანდათან ვზრდით), მაწონი, ქათმის თეთრი ხორცი და ღვიძლი (კვირაში 1-ხელ); 8 თვიდან ბავშვს ეძლევა ძვლის ნახარშზე დამზადებული სუფი (კვირაში 1-2 ჯერ), საქონლის მოხარშული, გატარებული ხორცი. 9 თვიდან ვაძლევთ საქონლის გატარებული ხორცით მომზადებულ გუფთას, მოხარშულ თევზს კვირაში 1-2-ჯერ, ნამცხვარს ("პეჩენიას")
4 თვემდე ეძლევა ადაპტირებული (ხელოვნური კვებისათვის რეკომენდირებული) ნარევები ან მაწონი;
3 კვირის ასაკიდან ვუმატებთ ალუბლის, ვაშლის, მოცხარის, ჟოლოს, ბროწეულის წვენს;
1,5 თვის ასაკიდან - გახეხილ ცოცხალ ხილს: ვაშლს, ატამს, გარგარს;
4 თვიდან ბოსტნეულის ფაფას (კარტოფილს, სტაფილოს, კომბოსტოს, ჭარხალს, ხახვს, მწვანილს ერთად);
4,5 თვიდან ბურღულეულის - წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის, შვრიის ფაფებს, მონაცვლეობით (ფაფას შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი კარაქი);
დღეგამოშვებით, ვაძლევთ მოხარშული კვერცხის გულის ნახევარს (ვიწყებთ კვერცხის გულის მერვედი ნაწილით და ვამატებთ თანდათანობით);
5 თვიდან ვაძლევთ ბოსტნეულის სუფ-ფაფას, ქათმის თეთრ ხორცს და ღვიძლს (კვირაში 1-ხელ), ხაჭოს (კვირაში 2-3-ჯერ);
7 თვიდან - ძვლის ნახარშზე დამზადებულ სუფს (კვირაში 1-2-ჯერ);
8 თვიდან - საქონლის მოხარშულ, გატარებულ ხორცს;
9 თვიდან – საქონლის ხორცისაგან მომზადებულ გუფთას, მოხარშულ თევზს კვირაში 1-2 - ჯერ, ნამცხვარს ("პეჩენიას");
დღენაკლ ბავშვებს, 3 თვის ასაკიდან, დღეგამოშვებით, უნდა მიეცეს მაგრად მოხარშული კვერცხის გული (ვიწყებთ კვერცხის გულის მერვედი ნაწილით).
ხელოვნურ კვებაზე მყოფი 1 წლამდე ასაკის ბავშვის კვების სქემა
ზემოთ მოცემული კვების სქემები შემუშავებულია შესაბამის ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში არსებული მონაცემების მიხედვით.
რაქიტის პირველივე ნიშნების შემჩნევისთანავე დედამ უნდა მიმართოს ექიმ-პედიატრს, რათა ბავშვს თავიდან ააცილოს მოსალოდნელი გართულებები.
დაუშვებელია რაქიტის მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე. D ვიტამინის არასწორმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება და
სხვა საშიში გართულებები.
ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.
|