აცრების სახელმძღვანელო მშობლებისათვის |
ჯანმრთელობის დაცვის ორი ფაქტორი, რომელიც უაღრესად ეს სახელმძღვანელო გათვალისწინებულია მშობლებისათვის. მასში არის ინფორმაცია ყველა იმ გეგმიური აცრის შესახებ, რომელიც უტარდება ჩვილებს და უმცროსი ასაკის ბავშვებს ინფექციური დაავადებებისაგან თავის ასარიდებლად. ამავე დროს, იგი აღწერს ამ დაავადებებს და განმარტავს რატომ არის საჭირო მათგან ბავშვების დაცვა. იმუნიზაცია - ფაქტები რა არის იმუნიზაცია? იმუნიზაცია არის ინფექციური დაავადებებისგან ორგანიზმის დაცვის საშუალება ვაქცინის შეყვანის (აცრის) გზით. რატომ გვესაჭიროება იმუნიზაცია?
ჩვენს ორგანიზმს გააჩნია ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი ბუნებრივი დაცვითი სისტემა. მას იმუნური სისტემა ეწოდება. იგი წარმოშობს ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს და გვიცავენ მათთგან. მიუხედავად ამისა, არსებობს ინფექციური დაავადებები, რომლებსაც ბავშვის ორგანიზმი ბუნებრივი გზით ადვილად ვერ უმკლავდება. მათი გართულებები სიცოცხლისათვის საშიშია. ამ დაავადებების და მათი გართულებების თავიდან ასაცილებლად ტარდება იმუნიზაცია (იმუნიტეტის გაძლიერება აცრების გზით). იმუნიზაციის მიზანია თქვენი ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერება იმდენად, რომ მისი ორგანიზმი წარმატებით შეებრძოლოს ინფექციას - დაიცვას ბავშვის ორგანიზმი ინფექციისაგან ან, თუ მაინც მოხდა დაავადება, თავიდან ააცილოს ინფექციური დაავადებების საშიში გართულებები. იმუნიზაცია ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური გზაა თქვენი ბავშვის საშიში დაავადებებისაგან დასაცავად! როდის უნდა ავცრა ჩემი ბავშვი? ბავშვის პირველი იმუნიზაცია ტარდება სამშობიაროშივე, სადაც კეთდება ტუბერკულოზისა და ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა. სხვა აცრები ტარდება იმუნიზაციის გეგმის მიხედვით (იხილეთ იმუნიზაციის ცხრილი – პროფილაქტიკური აცრების ენოვრული კალენდარი - ამ ბროშურის ბოლო გვერდზე). როგორ გავიგებ, რომ ჩემს ბავშვს უწევს აცრა? თქვენი ექიმი ან მედდა შეგატყობინებთ, თუ როდის უნდა მიიყვანოთ ბავშვი ასაცრელად. ჯანდაცვის ცენტრში აცრები ტარდება სპეციალურ ამცრელ კაბინეტებში, უფასოდ. თუ რაიმე მიზეზით ვერ მიდიხართ კლინიკაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას. მთავარია, თქვენს ბავშვს დროულად ჩაუტარდეს საჭირო აცრა. ეს თქვენი ბავშვის დაავადების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს. გარდა ამისა, ვაქცინაციის ვადები იმგვარადაა დაგეგმილი, რომ გართულებების რისკიც მცირე იყოს. რა ხდება სამედიცინო პერსონალთან შეხვედრისას? სამედიცინო პერსონალი გიპასუხებთ იმუნიზაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე. ბავშვებში აცრა ტარდება ინექციის (ნემსის) სახით ან ენაზე დაწვეთების გზით. რა აინტერესებთ მშობლებს იმუნიზაციის შესახებ? როგორ მოქმედებს აცრა? ვაქცინები იმუნობიოლოგიური პრეპარატებია, რომლებიც შეიცავენ ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის ან ვირუსის ცოცხალ ან დახოცილ ფორმებს ან იმ ნივთიერების მცირე ნაწილს, რომელსაც ბაქტერია ან ვირუსი გამოიმუშავებს (ანატოქსინს). ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ორგანიზმში გარედან ხელოვნურად შეყვანილ, იმუნური რეაქციის გამომწვევ, ამ ფაქტორებს ანტიგენები ეწოდება. ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას გამოიმუშავოს ანტისხეულები - ნივთიერება, რომლებიც ებრძვის ინფექციას. თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებისაგან. იმ შემთხვევაში თუ სრული დაცვა არ მოხდება და ბავშვი მაინც დაავადდება, ინფექციის მიმდინარეობა იქნება მსუბუქი, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების გარეშე. ვაქცინების წარმატებით გამოყენების შედეგად მსოფლიოში გაქრა ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, ზოგიერთ ქვეყანაში პოლიომიელიტი და დიფტერიაც კი. რა საჭიროა აცრები იმ ინფექციების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში აღარ გვხვდება? მსოფლიოში ყოველწლიურად ინფექციური დაავადებებისაგან 14 მილიონი ადამიანი იღუპება. მათგან ნახევარზე მეტი 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია. სიკვდილის ბევრი შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა აცრით. ვინაიდან დღეს ბევრი მოგზაურობს საზღვარგარეთ, არის საშიშროება, რომ მოგზაურები შემოიტანენ იმ დაავადებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში აღარ გვხვდება (მაგალითად პოლიომიელიტი). პირველ რიგში დაავადდებიან ისინი, ვინც არ არის აცრილი და ამდენად თქვენს აუცრელ ბავშვს ყველაზე დიდი საშიშროება ემუქრება. დიფტერია დიდი ხნის განმავლობაში თითქმის აღარ გვხვდებოდა საქართველოში, მაგრამ არასწორი და არამასიური იმუნიზაციის გამო 1995 წელს დიფტერიის “აფეთქება" – დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. იმუნიზაცია იცავს არა მარტო თქვენს ბავშვს, იგი იცავს თქვენს ოჯახს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა მძიმე მიზეზის გამო ვერ აიცრნენ. გახსოვდეთ, რომ ბავშვის აცრა არასოდესაა ძალიან დაგვიანებული! მაშინაც კი, თუ თქვენმა ბავშვმა გამოტოვა გეგმიური აცრა და გასცდა იმ ასაკს, რომელიც საუკეთესო იყო აცრისათვის, არ გაქვთ საკმარისი მიზეზი აცრის გასაუქმებლად და მაინც უნდა მიმართოთ სამედიცინო პერსონალს ბავშვის იმუნიზაციის ჩატარების თაობაზე. არის კი ვაქცინა უსაფრთხო?
სანამ ვაქცინა ლიცენზირებას მიიღებს გამოყენების უსაფრთხოებაზე, ის საგანგებოდ და ხანგრძლივად მოწმდება. ლიცენზირების შემდეგაც კი ვაქცინის ყველა გვერდითი რეაქცია დაკვირვების ქვეშაა და აღირიცხება. ყველა წამალს შეუძლია გვერდითი არასასურველი რეაქციების და გართულებების გამოწვევა – ამ თვალსაზრისით ვაქცინები ყველაზე უსაფრთხო პრეპარატების რიგშია. მთელი მსოფლიოს გამოცდილება ადასტურებს, რომ იმუნიზაცია თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ყველაზე საიმედო გზაა: აცრის შემდგომი გართულებების რისკი იმდენად უმნიშვნელოა ინფექციური დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტიანობა უდავოა. მე მაწუხებს, რომ ჩემს ბავშვს შეეშინდება ინექციის თქვენმა ბავშვმა შეიძლება იტიროს რამდენიმე წუთი, მაგრამ მალევე დაწყნარდება. ბევრი ბავშვი ამ პროცედურას საერთოდ არ უშინდება. როგორ იქნება ჩემი ბავშვი პროცედურის შემდეგ? ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა განუვითარდეს შემდეგი რეაქციები: სიწითლე, შესიება და მტკივნეულობა ჩხვლეტის ადგილზე (რაც თავისთავად გაივლის) ან შეუძლოდ ყოფნა, ჭირვეულობა, ცხელება. ყველაფერი ცხელების შესახებ იმუნიზაციის შემდეგ, ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ცხელება. ჩვეულებრივ, იგი ზომიერია, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს. ცხელებად ითვლება ტემპერატურის მომატება 37,5 გრადუსს ზემოთ. ცხელებაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ბავშვის სახის კანი შეხებით ცხელია, გაწითლებულია. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ გაუზომოთ მას ტემპერატურა. როგორ ვუმკურნალოთ ცხელებას? 1. გააგრილეთ ბავშვი შემდეგნაირად: ნუ ჩააცმევთ ბევრს და ნუ შეახვევთ თბილად; დაალევინეთ გრილი სითხეები (წყალი, კომპოტი, ღია ფერის ჩაი, ა.შ.) დიდი რაოდენობით.
2. ექიმი ან ექთანი დაგარიგებენ ცხელების დროს რა დოზით მისცეთ პატარას პარაცეტამოლის სიროფი (ცხელების მკურნალობა ასპირინით ბავშვებში რეკომენდირებული არ არის!). წინასწარ ყურადღებით წაიკითხეთ წამლის ინსტრუქცია და მიეცით ასაკის შესაფერისი დოზა. შეიძლება წამლის განმეორება დაგჭირდეთ 4-6 საათში. დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, თუ: ბავშვის ტემპერატურა 39 გრადუსი ან უფრო მეტია განუვითარდა კრუნჩხვა ან დაკარგა გონება. თუ სამედიცინო პერსონალი არ მუშაობს, დაუკავშირდით გადაუდებელი დახმარების სამსახურს (სასწრაფოს) ან თავად წაიყვანეთ ბავშვი უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში. თუ ჩემი ბავშვი ალერგიულია, შეიძლება თუ არა მისი აცრა? ასთმა, ეგზემა, ჭინჭრის ციება და სხვა ალერგიული გამოვლინებები, ძირითადად, არ არის გეგმიური აცრის უკუჩვენება. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, ამ თემაზე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. შეიძლება თუ არა ბავშვი ალერგიული იყოს ვაქცინის მიმართ? ძალიან იშვიათად შეიძლება ბავშვს აცრიდან მოკლე დროში დაემართოს ალერგიული რეაქცია. ეს შეიძლება იყოს გამონაყარი ან ქავილი სხეულის ერთ ნაწილზე ან მთელ სხეულზე. სამედიცინო პერსონალი, რომელიც ასრულებს აცრის მანიპულაციებს, აღმოგიჩენთ დახმარებას. კიდევ უფრო იშვიათად იმუნიზაციიდან რამოდენიმე წუთში ბავშვს შეიძლება გამოუვლინდეს ანაფილაქსიური რეაქცია _ ძლიერი და მყისიერი ალერგიული რეაქცია, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ყურადღებას და დახმარებას! უკანასკნელმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი აცრილი ბავშვიდან მხოლოდ ერთს შეიძლება განუვითარდეს ასეთი რეაქცია. ამცრელი კაბინეტი აღჭურვილია ყველა საჭირო მედიკამენტით, ხოლო აცრის შემსრულებელი პერსონალი მომზადებულია იმისათვის, რომ უმკურნალოს ანაფილაქსურ რეაქციას. გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში ბავშვი სრულად განიკურნება. არსებობს რაიმე მიზეზი, რომ ჩემს ბავშვს აცრა არ ჩაუტარდეს? სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, ძალიან ცოტა კატეგორიული მიზეზი არსებობს, რის გამოც ბავშვს აცრა არ უტარდება. აცრა არ უტარდება ბავშვს, რომელსაც: ჰქონდა დადასტურებული ანაფილაქსური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე; აქვს ალერგიული რეაქცია ნეომიცინზე, სტრეპტომიცინზე ან პოლიმიქსინ ბ-ზე (იმ ანტიბიოტიკებზე, რომლებიც შედის ვაქცინების შემადგენლობაში); აღენიშნება თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი (აივ ინფექცია და/ან შიდსი), ან დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი ონკოლოგიური დაავადების ან გადანერგილი ორგანოს შემდგომი მკურნალობის გამო (ამ შემთხვევებში არ კეთდება ის ვაქცინები, რომლებიც დასუსტებულ ცოცხალ ვირუსებს შეიცავენ, მაგალითად წითელა/წითურა/ყბაყურას აცრა); დასმული აქვს პროგრესირებადი სისტემური და ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოზი არ შეიძლება არასრულწლოვანი ორსულის აცრა ცოცხალი ვაქცინით! როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი აცრის დღეს ავადაა? ცხელების შემთხვევაში აცრა გადაიდება მანამდე, სანამ ტემპერატურა ნორმას არ დაუბრუნდება. იმუნიზაცია შეიძლება ჩატარდეს “უბრალო გაციების" ან სხვა ნაკლებად სერიოზული ავადმყოფობის დროსაც კი. იმ შემთხვევებში, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ხშირი სისხლდენები ცხვირიდან ან/და გულყრა (კრუნჩხვა), აცრის ჩატარებამდე, დამატებითი კონსულტაციისათვის მიმართეთ ბავშვის ექიმს. 5 წლამდე ასაკის ბავშვისათვის გულყრის უხშირესი მიზეზი ცხელებაა (38.5 გრადუსი და მეტი). სიცოცხლის პირველ 6 თვეში ეს იშვიათია. ზოგჯერ აცრასაც შეიძლება მოჰყვეს კრუნჩხვის გამომწვევი ცხელება. აცრის შემდეგ განვითარებული გულყრის გამო მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის და მასთან ერთად დაგეგმეთ ბავშვის შემდგომი გამოკვლევის და მომავალი აცრების გეგმა. თუ სამედიცინო პერსონალს ვერ უკავშირდებით, მიაკითხეთ მიმღებ ან ინტენსიური დახმარების განყოფილებას უახლოეს საავადმყოფოში. რატომ სჭირდება ჩემს ბავშვს ერთი და იგივე ინფექციის წინაღმდეგ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ერთზე მეტი აცრა?
ბავშვის ორგანიზმში იმუნიტეტის შესაქმნელად ზოგიერთი აცრის ერთხელ შესრულება არ არის საკმარისი. მაგ., დიფტერია/ყივანახველა./ტეტანუსის აცრა უნდა შესრულდეს 4-ჯერ, რათა ბავშვი სრულად იყოს დაცული. ჩემი ბავშვი ნაადრევად დაიბადა. როდის უნდა გაუკეთდეთ ასეთ ბავშვებს პირველი აცრა? ნაადრევად დაბადებულები ინფექციის დიდი საშიშროების ქვეშ იმყოფებიან. თუ ახალშობილის დაბადების წონა 1500 გრამზე ნაკლებია, მას ვაქცინაცია არ უტარდება სანამ ნორმალურ წონას არ მიაღწევს. 1500 გრამზე მეტი წონის ახალშობილებს ვაქცინაცია უტარდებათ მიღებული სქემის მიხედვით. არსებობს თუ არა აცრის გარდა ინფექციებისაგან დაცვის სხვა საშუალებები? აცრის გარდა, ბავშვის იმუნიზაციის სხვა გამოცდილი ეფექტური საშუალება არ არსებობს. აცრისაგან თავის არიდებას მხოლოდ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეიძლება ედოს საფუძვლად. აცრები პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით საქართველოში აცრები ტარდება შემდეგი ვაქცინებით: ბცჟ-(DPT)-ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ; დყტ (OPV) _ დიფტერია/ყივანახველა/ტეტანუსის ვაქცინა; ოპვ (OPV) _ პოლიომიელიტის; “ბ" (B) ჰეპატიტის; წწყ-(MMR)–წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინა. ქვემოთ აღწერილია ბავშვთა ინფექციები და შესაბამისი აცრები, რომელთა ჩატარება აუცილებელია საქართველოში მოქმედი აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით. ბცჟ (BCG) ვაქცინა _ დაცვა ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ რა არის ტუბერკულოზი? ეს არის დაავადება, რომელიც უპირატესად ფილტვებს აზიანებს, მაგრამ შეიძლება ნებისმიერი ორგანო დააზიანოს. ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია გარემოში ვრცელდება ჰაერით. დაავადების რისკი უფრო მაღალია ბავშვებში და მოხუცებში. ტუბერკულოზი უმეტესად უვითარდებათ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ტუბერკულოზი თითქმის აღარც გვხვდება, თუმცა მსოფლიოში ტუბერკულოზისაგან ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იღუპება. მე-20 საუკუნის 80-იან წლებიდან საქართველოში შეიმჩნევა ტუბერკულოზით ავადობის ზრდა. უკანასკნელი მონაცემებით ყოველწლიურად რეგისტრირდება დაახლოებით 6 000 პაციენტი, რომელთაც უტარდებათ ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპია. ბცჟ-ტუბერკულოზის ვაქცინა შედგება დასუსტებული ცოცხალი ბაქტერიებისაგან. აცრა სასურველი და ეფექტურია დაბადებიდან პირველივე დღეებში, მაგრამ შეიძლება გაკეთდეს მოგვიანებითაც (12 თვის ასაკამდე). იმუნიზაციის შემდეგ ინექციის ადგილზე უნდა განვითარდეს მცირე ზომის ბუშტუკი (ვეზიკულა). ამ ადგილზე აცრიდან 1-1,5 თვის შემდეგ რჩება დაახლოებით 5მმ ზომის ნაწიბური, რაც იმის დასტურია, რომ ბავშვი ეფექტურად არის აცრილი. “ბ" ჰეპატიტის ვაქცინა (Hეპ B)_ ბავშვების დაცვა ჰეპატიტი “ბ"-საგან რა არის “ბ" ჰეპატიტი?
“ბ" ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც იწვევს ჰეპატიტის გამომწვევ რამოდენიმე ვირუსთაგან ერთ-ერთი. დაავადება ვრცელდება სისხლის გზით. მუცლადყოფნის დროს ჰეპატიტი “ბ" ბავშვს გადაეცემა დედის სისხლით. ორსული დედისაგან მიღებული ჰეპატიტი ბავშვს დაბადებისთანავე არ განუვითარდება, მაგრამ დიდია შესაძლებელობა დაავადება გამოვლინდეს მოგვიანებით და მძიმე ფორმებში, ამიტომ ორსულ ქალებს ტესტი “ბ" ჰეპატიტზე უნდა გაუკეთდეთ მშობიარობამდე პერიოდში. თუ ქალი დაავადებულია ამ ვირუსით ან ვირუსმტარებელია, ბავშვს ეს აცრა აუცილებლად დაბადებისთანავე უნდა ჩაუტარდეს. თუ ბავშვი აცრილია, მისი დედის რძით კვებაც უსაფრთხოა. “ბ" ჰეპატიტის (Hეპ B) ვაქცინა შეიცავს ერთ ანტიგენს და არ იცავს ორგანიზმს სხვა ტიპის ვირუსული ჰეპატიტისაგან. ეს აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისათვის, რომელთა დედებს აქვთ ჰეპატიტი “ბ". ვაქცინის პირველი დოზა კეთდება დაბადებიდან 12-24 საათში. მეორე დოზა – 2 თვის ასაკში. მესამე დოზა – 4 თვის ასაკში. ბ ჰეპატიტის იმუნიზაციის შემდეგ გვერდითი რეაქციები ძალიან ზომიერია. დაახლოებით, შემთხვევათა 5%-ში აცრის ადგილას რამდენიმე დღე შეიძლება აღენიშნებოდეს სიწითლე ან მსუბუქი შესიება. დყტ ვაქცინა - იცავს ბავშვს სამი ინფექციისაგან: დიფტერიის, ყივანახველასა და ტეტანუსისაგან. რა არის დიფტერია?
დიფტერია ძალიან საშიში დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია. იგი გადაეცემა ჰაერის გზით, სასუნთქი გზების მეშვეობით. დიფტერია იწყება ყელის ტკივილით და სწრაფად შეიძლება გართულდეს სუნთქვის გაძნელებით. მას შეუძლია გულისა და ნერვული სისტემის დაზიანება და მძიმე შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიც. რა არის ტეტანუსი? ტეტანუსი სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა. ტეტანუსის გამოწვევი ბაქტერიები (სპორების ფორმით) მრავალი წლის განმავლობაში ძლებენ ნიადაგში. ტეტანუსით დაავადება ხდება მიწიდან და ნაგვის ლპობითი მასებიდან დაზიანებული კანის გზით - ღია ჭრილობის, დამწვრობის და დაზიანებული ჭიპლარის (არაჰიგიენურ პირობებში მშობიარობისას) – სპორების ორგანიზმში შეჭრის შედეგად. დაავადება იწვევს კუნთების ძლიერ ტკივილს, აზიანებს მათ და შეუძლია სუნთქვითი და საყლაპავი კუნთების დამბლის გამოწვევა. ტეტანუსის გამომწვევი იჭრება ნერვულ სისტემაში და ხშირად იწვევს ორგანიზმის სიკვდილს. რა არის ყივანახველა? ეს არის ბაქტერიით გამოწვეული სასუნთქი გზების დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია გახანგრძლივებული და შემაწუხებელი ხველა, რაც ხელს უშლის ნორმალურ სუნთქვას და შეიძლება გაგრძელდეს 4-10 კვირამდე. მოზრდილი ბავშვებისათვის იგი ძალიან საშიში არ არის, მაგრამ 1 წლამდე ასაკის ბავშვი მისგან შეიძლება დაიღუპოს კიდეც. დყტ ვაქცინა დამზადებულია დიფტერიისა და ტეტანუსის ანატოქსინისა და ყივანახველას დახოცილი მიკრობებისაგან. Aბავშვი ამ დაავადებებზე უნდა აიცრას 2, 3 და 4 თვის, შემდეგ 18 თვის ასაკში. ბოლო წლებში, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში გამოიყენება კომბინირებული, 4 ან 5 ვაქცინის შემცველი, პრეპარატი, რომელშიც დამატებით პოლიომიელიტის და ზოგჯერ, ჰემოფილუს ინფლუენსას (გრიპის ნაირსახეობის) ვაქცინებიც შედის. არსებობს დიფტერიისა და ტეტანუსის ანტიტოქსინები (შრატები), სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს ბავშვს, თუ ის უკვე დაავადდა დიფტერიის ან ტეტანუსის ინფექციით. აუცილებელია დიფტერიისა და ყივანახველას დროული ამოცნობა ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად. ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის გაკეთება აუცილებელია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც დაიზიანებენ კანს, აქვთ დაბინძურებული ჭრილობა და, ამავდროულად, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ არიან აცრილი ტეტანუსზე. შრატი კეთდება იმ შემთხვევებშიც, თუ არ არის საკმარისი ინფორმაცია ბავშვისთვის შესაბამისი აცრების ჩატარების შესახებ. დყტ - ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგშეიძლება გამოვლინდეს გვერდითი რეაქციები: ბავშვი შეიძლება შეუძლოდ გრძნობდეს თავს ინექციიდან 48 საათის განმავლობაში; ბავშვს შეიძლება მოემატოს ტემპერატურა; ინექციის ადგილი შეიძლება უმნიშვნელოდ შესივდეს, რაც გაქრება რამდენიმე დღეში. თუ თქვენ ჩათვლით, რომ თქვენს ბავშვს სხვა რეაქციებიც გამოუვლინდა და თქვენ ეს გაწუხებთ, დაუკავშირდით ექიმს. ოპვ ვაქცინა (OPV) - დაცვა პოლიომიელიტისაგან რა არის პოლიომიელიტი?
პოლიომიელიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც, ძირითადად, ვრცელდება დაბინძურებული საჭმლის და წყლის საშუალებით, თუმცა შეიძლება გავრცელდეს ჰაერის გზითაც. მისი გამომწვევი ვირუსი იჭრება ზურგის ტვინის ნერვულ უჯრედებში და იწვევს მამოძრავებელი კუნთების დამბლას. მკერდის კუნთებისა და თავის ტვინის დაზიანების შემთხვევაში, ორგანიზმი შეიძლება დაიღუპოს. ოპვ ვაქცინა, რომელიც საქართველოში გამოიყენება, არის თხევადი ვაქცინა. იგი შედგება პოლიომიელიტის დასუსტებული ვირუსებისაგან და მდგრადად იცავს ბავშვის ორგანიზმს პოლიომიელიტისაგან. უცხოეთის ბევრ ქვეყანაში გამოიყენება პოლიომიელიტის ახალი ვაქცინა, რომელშიც ინაქტივირებული (დახოცილი) ვირუსები შედის. ვაქცინის ეს ფორმა შედარებით უფრო სუსტ იმუნიტეტს ანვითარებს, ვიდრე ცოცხალი ვაქცინა, მაგრამ ნაკლები არასასურველი გვერდითი მოვლენები აქვს (არ იწვევს აცრის შემგომ იშვიათ გართულებას – მსუბუქი ფორმის პოლიომიელიტს). გამოსადეგია იმ ქვეყნებისათვის, სადაც პოლიომიელიტის დაავადების საშიშროება არ არსებობს ან მინიმალურია. პოლიომიელიტის აცრა ტარდება 2, 3 და 4 თვის, შემდეგ 18 თვის და 5 წლის ასაკში. იმუნიზაციის შემდეგB შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი რეაქციები: აცრის შემდეგ ბავშვებს შეიძლება აღენიშნებოდეს თავის ტკივილი, დიარეა (ფაღარათი) ან კუნთების ტკივილი. ერთი მილიონი აცრილი ბავშვიდან 2-დან 4 შემთხვევაში, ცოცხალი ვაქცინით იმუნიზაციის შედეგად, შეიძლება აცრის შემდეგ გამოიხატოს მამოძრავებელი კუნთების დაზიანება (მწვავე დუნე დამბლა). წწყ ვაქცინა (MMR) - დაცვა წითელას, წითურასა და ყბაყურასაგან რა არის წითელა? ამ დაავადებას იწვევს ძლიერი ვირუსი. წითელა ცნობილ ინფექციურ დაავადებათაგან ერთ-ერთი ყველაზე გადამდებია. ვრცელდება ჰაერით, ხველება და ცემინება ვირუსს ძალიან დიდ მანძილზე ავრცელებს. დაავადების დიდი გადამდებიანობის გამო დიდი რისკია, რომ თქვენი ბავშვი ავად გახდეს, განსაკუთრებით თუ ის აცრილი არ არის. წითელა მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, სასუნთქი გზების და თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით და ახასიათებს წითელი ფერის, კანის ზედაპირიდან ამოწეული გამონაყარი. Gგამოყრა იწყება სახისა და კისრის არედან და 5-6 დღის განმავლობაში ვრცელდება სხეულზე და კიდურებზე. გართულებები აღენიშნება ყოველი 15-დან ერთ ბავშვს. Yმძიმე გართულებები შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ანთების (პნევმონიის) და თავის ტვინის ანთების (ენცეფალიტი) სახით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები შეიძლება დამთავრდეს სიკვდილითაც. რა არის წითურა? ეს ვირუსით გამოწვეული დაავადებაა. ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს და შეუმჩნევლადაც კი შეიძლება ჩაიაროს. მისთვის დამახასიათებელია ხანმოკლე გამონაყარი, კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება. წითურა ძალიან საშიშია ნაყოფისათვის მუცლადყოფნის პერიოდში: ორსულობის პირველ სამ თვეში წითურა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს 10-დან 9 ნაყოფს. ორსული შეიძლება დაავადდეს ოჯახის წევრებისა და ახლობლებისაგან. ყალიბდება ეგრეთ წოდებული თანდაყოლილი წითურას სინდრომი. თანდაყოლილი წითურით დაავადებული ბავშვისათვის დამახასიათებელია ტრიადა: კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა), სიყრუე და გულის მანკი. რა არის ყბაყურა? ეს არის გადამდები ინფექცია, ვრცელდება ვირუსის საშუალებით ჰაერ-წვეთოვანი გზით. ახასიათებს ცხელება, თავის ტკივილი და სანერწყვე და ლიმფური ჯირკვლების შეშუპება (ყურების წინ და ქვემოთ) კისრის ერთ ან ორივე მხარეს. ყბაყურას ვირუსი ხშირად იწვევს სათესლე ჯირკვლების ან საკვერცხეების მტკივნეულ შესიებას და ანთებას. ავადობა გრძელდება 7-10 დღეს. ყბაყურა იშვიათად შეიძლება გართულდეს სიყრუით, ვირუსული მენინგიტით (თავის ტვინის გარსების/ქერქის ანთებით) და ენცეფალიტით. წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინა არის შესუსტებული ცოცხალი ვირუსების შემცველი კომბინირებული მასალა, რომელიც გამოიმუშავებს მაღალ იმუნიტეტს. ვაქცინა შეიყვანება ინექციის სახით კუნთებში. პირველად აცრა კეთდება ერთი წლის ასაკში, როდესაც დედისაგან თანდაყოლილი იმუნიტეტი იწყებს გაქრობას. მეორე ინექცია კეთდება 5-6 წლის ასაკში. როგორია წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინის გვერდითი რეაქციები? ვაქცინის შემადგენლობაში შემავალი სამი სხვადასხვა ვირუსი მოქმედებას (იმუნიტეტის გამომუშავებას) სხვადასხვა დროს იწყებს. მათ შეუძლიათ პირველი დოზის შემდეგ არასასურველი გვერდითი რეაქციების გამოწვევა. მეორე დოზის შემდეგ გვერდითი რეაქციები უფრო იშვიათი და უფრო მსუბუქია.
იმუნიზაციიდან 6-10 დღეში ზოგიერთ ბავშვს ემართება ცხელება (10-ბავშვიდან ერთს), ზოგიერთს წითელას მაგვარად გამოაყრის (20 ბავშვიდან ერთს). ეს რეაქციები განპირობებულია წითელას ვირუსის მოქმედებით 1000-დან ერთ ბავშვს შეიძლება დაემართოს გულყრა, რომელსაც ახასიათებენ, როგორც “ფებრილურს" ანუ “ცხელებითს". თუმცა, თუ აუცრელი ბავშვი დაავადდა წითელას ინფექციით, მას 5-ჯერ მეტი შანსი აქვს იმისა, რომ გულყრა დაემართოს იშვიათად, იმუნიზაციიდან დაახლოებით 3 თვეში, ბავშვს შეიძლება გამოეხატოს ყბაყურას მსგავსი სინდრომი (ცხელება და ლიმფური ჯირკვლების შესიება). ეს განპირობებულია ვაქცინის ყბაყურის ნაწილის მოქმედების დაწყებით ძალიან იშვიათად, ვაქცინაციიდან 6 კვირაში, ბავშვებს უჩნდებათ წვრილი გამონაყარი - ეს ვაქცინის წითელას ან წითურას კომპონენტების მოქმედების გამოვლინებაა მილიონიდან ერთზე ნაკლებ შემთხვევაში ვითარდება აცრის შემდგომი ენცეფალიტი (ტვინის ანთება) და ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ამის მიზეზი აცრაა. თუ ბავშვი აუცრელია, წითელას და ყბაყურას ინფექციებით დაავადებისას ენცეფალიტის განვითარების რისკი გაცილებით მაღალია. ხშირი შეკითხვები წითელა/ყბაყურა/წითურას ვაქცინასთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა წითელა/ყბაყურა/წითურას აცრა გაუკეთდეს ბავშვს, რომელსაც აქვს ალერგია კვერცხზე? წწყ ვაქცინა მზადდება ქათმის ემბრიონის უჯრედებიდან მიღებულ კულტურაზე. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ვაქცინა არ უკეთდება იმ ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია კვერცხზე, თუმცა, უმეტეს ქვეყნებში, ეს ვაქცინა ასეთ ბავშვებსაც უკეთდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საკითხს დამოუკიდებლად ნუ გადაწყვეტთ და აცრის ჩატარებამდე გაესაუბრეთ სამედიცინო პერსონალს.
არსებობს თუ არა რაიმე მიზეზი, რომლის გამოც ბავშვს ეს აცრა არ უნდა ჩაუტარდეს? რადგან ეს ვაქცინა სამ ცოცხალ ვირუსს შეიცავს, ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი ან დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი ონკოლოგიური დაავადების ან გადანერგილი ორგანოს მკურნალობის გამო, ვაქცინა არ უნდა გაუკეთდეთ (იხილეთ ვაქცინაციის უკუჩვენებები ზემოთ). გაგვიგია, რომ წწყ ვაქცინას გარკვეული კავშირი აქვს აუტიზმთან. რამდენად მართალია ეს? ბოლო წლებში გამოქვეყნდა ინფორმაცია მმრ ვაქცინის კავშირზე აუტიზმთან (ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხების ფორმა). ამან ბევრ მშობელს ბევრ ქვეყანაში გადაადებინა ან საერთოდ უარი ათქმევინა აცრაზე. მრავალი ქვეყნის გამოცდილმა ექსპერტებმა ვერ იპოვეს ამ კავშირის არსებობა. პირიქით, ბევრი ფაქტი ასეთი კავშირის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს. წწყ აცრა ყველაზე უსაფრთხო გზაა თქვენი ბავშვის დასაცავად წითელას, ყბაყურასა და წითურას ინფექციებისაგან. B სად შემიძლია დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აცრების (იმუნიზაციის) შესახებ? აცრების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას თქვენი ბავშვის ექიმისაგან მიიღებთ. საშიში ინფექციები, რომლებიც საქართველოში არ იცრება და რა უნდა იცოდეს მშობელმა მათ შესახებ. არ გამოგეპაროთ მენინგიტი და სეპტიცემია! უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად დიდ ბრიტანეთში) ბავშვები იცრებიან ისეთ საშიშ დაავადებებზე, როგორიცაა მენინგიტი და სეპტიცემია. ამ ორივე დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მენინგოკოკია. მენინგიტი ტვინის გარსის ანთებაა, ხოლო სეპტიცემია “სისხლის მოწამვლაა". სეპტიცემია ბევრმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ მენინგოკოკი აღწერილი წითელი ლაქების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევია. ამ ვაქცინის შემოღების შემდეგ დიდ ბრიტანეთში მენინგოკოკური დაავადებების რიცხვი 95%-ით შემცირდა. საქართველოში ეს აცრა ჯერ შემოღებული არ არის, მაგრამ აუცილებელია მშობელმა შეძლოს ეჭვის მიტანა ამ დაავადებებზე, რომ დროულად მიმართოს ექიმს ბავშვის გადასარჩენად. მენინგიტის (თავის ტვინის ქერქის ანთება) ადრეული სიმპტომები: ცხელება, აგზნება, მოუსვენრობა, საჭმელზე უარის თქმა, ახასიათებს გაციებასაც და გრიპსაც. ბავშვი მენინგიტითა და სეპტიცემიით რამდენიმე საათში შეიძლება ძალიან დამძიმდეს და დაიღუპოს კიდეც. ჩვილ ბავშვებში მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ნიშნებს: მაღალი ხმით კვნესას, ძლიერ ტირილს და ჭირვეულობას (ძირითადად თავის ტკივილის გამო); საკვებზე და სითხის მიღებაზე უარის თქმას; კანის სიფერმკრთალეს და მოწითალო-მოიისფრო წინწკლებს ან ჩაქცევებს კანზე. წითელ ლაქებს კანზე, რომელიც არ ფერმკრთალდება ხელის დაჭერით. უფრო მოზრდილ ბავშვებში მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ნიშნებს: გამაგრებული აქვს კისერი (შეამოწმეთ, შეუძლია თუ არა ბავშვს მიწვდეს თავის მუხლებს შუბლით); გაბრუებული და მიძინებულია; ძალიან სტკივა თავი; არ სიამოვნებს სინათლე; წითელი ლაქები კანზე არ ქრება ხელის დაჭერით. თუ ბავშვს უვლინდება დასახელებული ნიშნები, დაუყონებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების სამსახური ან სასწრაფოდ მიიყვანეთ ბავშვი უახლოეს საავადმყოფოში. რჩევები სამოგზაუროდ ან სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წამსვლელი ბავშვებისათვის თუ ბავშვი მიემგზავრება საზღვარგარეთ, გაარკვიეთ, რა დამატებითი აცრებია საჭირო ამა თუ იმ ქვეყანაში გამგზავრებისას: სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხა ინფექციებია გავრცელებული და, შესაბამისად, შესაძლებელია, უკვე ჩატარებული აცრების გარდა ბავშვს დამატებითი აცრებიც დასჭირდეს. სამოგზაურო აცრების უმრავლესობის ჩასატარებლად დაახლოებით 4 კვირაა საჭირო. იმის დასადგენად, თუ სად და როგორ უნდა ჩაიტაროთ სამოგზაურო აცრები, მიმართეთ ბავშვის ექიმს. ტროპიკულ ქვეყნებში ჯანმრთელობისათვის საშიში და ხშირად გავრცელებული დაავადებაა მალარია, თუმცა, ბოლო დროს ის საქართველოს ზოგიერთ რეგიონშიც დაფიქსირდა. მალარიის საწინააღმდეგო აცრა ჯერ-ჯერობით არ არსებობს, მაგრამ თქვენი ექიმი დაგარიგებთ, როგორ მიიღოთ მალარიის წამლები ამ ინფექციისაგან თავის დასაცავად. რადგან ანტიმალარიული წამლები არ უზრუნველყოფენ მალარიისაგან სრულ დაცვას და მათი ბავშვებისათვის მიცემა არ არის მარტივი, ამიტომ მოარიდეთ ბავშვი კოღოს კბენას მალარიის გავრცელების ზონებში:
გაითვალისწინეთ, რომ კოღოს აქტიურობის პერიოდი მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე გრძელდება; ფანჯრებზე და კარებებზე დაამაგრეთ მწერსაწინააღმდეგო ბადე, რომელიც შეიძლება გაიჟღინთოს მწერსაწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებით; ოთახის მწერებისგან გასაწმენდად გამოიყენეთ კოღოს საწინააღმდეგო საშუალებები (აეროზოლები, ფირფიტები, ა.შ.); თუ შენობას ვერ იცავთ, ბავშვი დააძინეთ მწერსაწინააღმდეგო ბადის ქვეშ; საღამოობით ბავშვს ჩააცვით გრძელსახელოიანი და გრძელტოტიანი ღია ფერის ტანსაცმელი (კოღოებს არ უყვართ სინათლე და არ ეტანებიან ღია ფერის ტანსაცმელს), რომელიც სასურველია გაიჟღინთოს ინსექტიციდით _ მწერსაწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებით. იმედია, ეს ბროშურა დაგეხმარათ პასუხი გაგეცათ იმ კითხვებზე, რომლებიც იმუნიზაციასთან – აცრებთან დაკავშირებით გქონდათ. ნებისმიერი დამატებითი კითხვის წარმოშობის შემთხვევაში მიმართეთ ბავშვის ექიმს! პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით. |