რა უნდა იცოდეთ ბავშვისათვის
პირველადი სამედიცინო დახმარების
აღმოსაჩენად

თქვენ, რა თქმა უნდა, ზრუნავთ შვილის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ჯანმრთელობის გაუთვალისწინებელი გაუარესებისაგან დაცული არავინაა, ამიტომ სასურველია იცოდეთ, როგორ მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში და როგორ გაუწიოთ პირველი დახმარება თქვენს შვილს.

პირველადი დახმარების მიზანია:

ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა;

ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება;

გამოჯანმრთელებისათვის ხელშეწყობა.

რა არის პირველადი დახმარება?

ეს არის ექიმის მოსვლამდე დახმარების სწრაფად და სწორად გაწევა ბავშვისთვის, რომლის ჯანმრთელობას უეცრად საფრთხე დაემუქრა. მისი შემდგომი ბედი ხშირად თქვენს სწორ ქმედებაზეა დამოკიდებული. პირველადი დახმარების ცოდნით შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა.

სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფის (შენარჩუნების) მთავარი პრინციპები

ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების – სუნთქვის და გულის მუშაობის შენარჩუნების ღონისძიებების დროულ დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ უპირველესად საჭიროა შევაფასოთ ბავშვის მდგომარეობა. თუ იგი არ სუნთქავს და არ ესინჯება პულსი, გირჩევთ დაუყოვნებლივ გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური, მის მოსვლამდე კი თვითონ ჩაუტაროთ ხელოვნური სუნთქვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - გულის არაპირდაპირი მასაჟი.

ხელოვნური სუნთქვის ტექნიკა

  1. ხელოვნური სუნთქვის დაწყებამდე გულაღმა დააწვინეთ ბავშვი მყარ და სწორ ზედაპირზე - იატაკზე ან მაგიდაზე. ეჭვი თუ გაქვთ კისრის მალების დაზიანებაზე, არ შეიძლება დაზარალებულის თავის მოძრაობა;

  2. თუ ხედავთ, რომ ბავშვის პირის ღრუ თავისუფალი არ არის, ბავშვი გადმოაბრუნეთ გვერდზე,საჩვენებელ თითზე დახვეული მარლით გაუსუფთავეთ პირის ღრუ ამონაღები მასისა და/ან უცხო სხეულებისაგან;

  3. ბავშვს გაუთავისუფლეთ სასუნთქი გზები: შუბლზე ხელის ზეწოლით თავი უკან გადაუწიეთ, მეორე ხელით ფრთხილად წამოუწიეთ ნიკაპი; ხერხემლის ტრავმის დროს სასუნთქი გზების გახსნა ხდება თავის უკან გადაწევის გარეშე: მოათავსეთ ორივე ხელის ცერა თითები ბავშვის ნიკაპზე , ხოლო საჩვენებელი თითები ქვედა ყბის კუთხეებში და ქვედაყბა წამოწიეთ წინ და მაღლა მიმართულებით (სურ.1). ამ ხერხით ჰაერი თავისუფლად და მეტი რაოდენობით შევა სასუნთქ გზებში;

  4. შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა ბავშვი: დაიხარეთ ბავშვის პირთან, დააკვირდით მის გულმკერდის მოძრაობას, მოუსმინეთ სუნთქვას, შეიგრძენით ჰაერის ნაკადი ლოყაზე. სუნთქვის შემოწმებაზე უნდა დაიხარჯოს მხოლოდ 5 წამი;

  5. თუ ბავშვი არ სუნთქავს, უნდა გააკეთოთ ორი საკონტროლო ჩაბერვა პირში;

  6. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში თქვენი ტუჩებით ჰერმეტულად დაფარეთ მისი პირი და ცხვირი (სურ.2). ერთი წლის ზემოთ ბავშვებში შუბლზე მოთავსებული ხელის ცერითა და საჩვენებელი თითით დაახშეთ ცხვირის ნესტოები (სურ.3); თუ სასუნთქი გზების გახსნა ხდება კისრის მალების ტრავმის დროს ქვედაყბის წამოწევის გზით, ცხვირის ნესტოები `დახურეთ~ თქვენი ლოყის ზეწოლით;

  7. შეისუნთქეთ ჰაერი, მჭიდროდ მოათავსეთ თქვენი ტუჩები ბავშვის ტუჩების ირგვლივ და ორჯერ ჩაბერეთ. თითოეული ჩაბერვის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 2 წამი, ჩაბერვებს შორის ინტერვალი კი – 4 წამი (ეს დრო საჭიროა, რომ ჰაერი დაზარალებულის სასუნთქი გზებიდან გამოიდევნოს) დააკვირდით, მოძრაობს თუ არა ჩაბერვისას ბავშვის გულმკერდი;

  8. თუ გულმკერდის მოძრაობა არ შეინიშნება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ სასუნთქ გზებში უცხო სხეულია, რომელიც ჰაერის ნაკადს არ ატარებს და, პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა ჩავატაროთ სასუნთქი გზების უცხო სხეულისაგან განმათავისუფლებელი მანევრი (იხ. პირველი დახმარება გადაცდენის დროს);

  9. თუ გულმკერდი მოძრაობს, შეუმოწმეთ პულსი კისრის გვერდით ზედაპირზე (ჩვილ ბავშვებს მხრის შიგნითა ზედაპირზე (სურ.4)). თუ პულსი არ ისინჯება, ხელოვნური სუნთქვის პარალელურად დაიწყეთ გულის არაპირდაპირი მასაჟი (იხ. გულის არაპირდაპირი მასაჟის ტექნიკა);

  10. თუ პულსი არის, განაგრძეთ 1 ჩაბერვა ყოველ 3 წამში. თან დააკვირდით გულმკერდის მოძრაობას. განაგრძეთ ხელოვნური სუნთქვა _ 20 ჩაბერვა 1 წუთში (ჩვილებში და ახალშობილებში 30 ჩაბერვა 1 წუთში), სანამ ბავშვი სუნთქვას არ დაიწყებს;

  11. შეამოწმეთ პულსი და სუნთქვა ყოველ 2 წუთში. თუ ბავშვს ესინჯება პულსი და სუნთქავს, განაგრძეთ დაკვირვება და დაელოდეთ ექიმს.

გულის არაპირდაპირი მასაჟის ტექნიკა

გულის არაპირდაპირი მასაჟის დროს ბავშვი უნდა იწვეს მყარ და სწორ ზედაპირზე. გულის არაპირდაპირი მასაჟის მეთოდი სხვადასხვა ასაკის ბავშვებში რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან.

  1. ა) წლამდე ასაკის ბავშვებში წარმოსახვით გაავლეთ ხაზი ბავშვის ძუძუსთავებზე. ორი თითი დაადეთ ამ ხაზის ოდნავ ქვემოთ, გულმკერდის შუა ხაზზე (მკერდის ძვალზე და არა ნეკნებზე); თითები მოათავსეთ გულმკერდის ზედაპირის პერპენდი-კულარულად (900C-იანი კუთხით) (სურ.5) და გულმკერდს ისე დააწექით, რომ 1,5-2,5 სმ-ით ჩაიზნიქოს; თითები გულმკერდის ზედაპირს არ მოაცილოთ, ისე მოადუნეთ.

    ბ) 1-8 წლის ბავშვებში ხელისგულის ფუძე დაადეთ მკერდის ძვალზე (სურ.6) და გულმკერდს ისე დააწექით, რომ ყოველ ჯერზე 2,5-4 სმ-ით ჩაიზნიქოს; ხელისგული ისე მოადუნეთ, რომ გულმკერდის ზედაპირს არ მოაცილოთ;

  2. გაიმეორეთ რიტმულად 5 ზეწოლა გულმკერდზე და 1 ჩაბერვა (ახალშობილებში 3 ზეწოლა და 1 ჩაბერვა) - 10-ჯერ. ერთ სრულ ციკლზე (5 ზეწოლა და 1 ჩაბერვა) დახარჯეთ არაუმეტეს 6 წამისა, ჯამში ციკლზე ერთი წუთი;

  3. ყოველი ერთი წუთის შემდეგ შეამოწმეთ დაიწყო თუ არა მოძრაობა გულმკერდმა – აღდგა თუ არა სუნთქვა და არის თუ არა პულსი საძილე არტერიაზე (კისრის ზედა გვერდით ზედაპირზე ქვედა ყბის კუთხის ქვემოთ) (სურ.7). შემოწმებისათვის გაქვთ მაქსიმუმ 5-6 წამი;

  4. თუ პულსი არ აღდგა, გაიმეორეთ 2 და 3 პუნქტები პულსის აღდგენამდე ან ექიმის მოსვლამდე; პულსის აღდგენის შემთხვევაში განაგრძეთ ხელოვნური სუნთქვა: თითო ჩაბერვა ყოველ 3 წამში, ყოველი 20 ჩაბერვის შემდეგ შეამოწმეთ პულსი საძილე არტერიაზე.

8 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში

  1. მოათავსეთ თქვენი ხელისგულის ფუძე ბავშვის მკერდის ძვალზე მისი ბოლოდან 2,5 სმ-ით ზემოთ, მეორე ხელით დააწექით ზემოდან ისე, რომ თქვენი თითები ბავშვის მკერდს არ ეხებოდეს. ზეწოლისას ხელები იდაყვის სახსარში არ უნდა მოიხაროს (სურ.8);
  2. დაიხარეთ ოდნავ ქვემოთ და 10 წამის განმავლობაში 15-ჯერ დააწექით ისე, რომ მკერდის ძვალი 4-5 სმ-ით ჩაიზნიქოს. ზეწოლის შემდეგ ხელები მოუშვით, მაგრამ არ ძვალი 4-5 სმ-ით ჩაიზნიქოს. ზეწოლის შემდეგ ხელები მოუშვით, მაგრამ არ შეცვალოთ მათი მდებარეობა;
  3. ჩაატარეთ 15 ზეწოლისა და 2 ჩაბერვის (15+2+15+2+...) ოთხი ციკლი, რის შემდეგაც შეამოწმეთ აღდგა თუ არა პულსი საძილე არტერიაზე. პულსაციის გასინჯვაზე არ უნდა დაიხარჯოს 3-5 წამზე მეტი;
  4. თუ პულსი არ ისინჯება, გააგრძელეთ 2 და 3 პუნქტი პულსის აღდგენამდე ან ექიმის მოსვლამდე; პულსის აღდგენის შემთხვევაში განაგრძეთ ხელოვნური სუნთქვა სიხშირით 10-12 ჩაბერვა წუთში. ყოველი 20 ჩაბერვის შემდეგ შეამოწმეთ პულსი 2 წუთში ერთხელ.

გადაუდებელი დახმარება უცხო სხეულის ან საკვების გადაცდენისას სასუნთქ გზებში

თუ ფიქრობთ, რომ სასუნთქ გზებში უცხო სხეულია, რომელიც ჰაერის ნაკადს არ ატარებს, ექიმის მოსვლამდე უნდა შეეცადოთ გაათავისუფლოთ სასუნთქი გზები უცხო სხეულისაგან.

თუ დაზარალებული ჩვილი ბავშვია:

  1. პირქვე დაიწვინეთ წინამხარზე (ხელზე) ისე, რომ თავი სხეულზე დაბლა ჰქონდეს;

  2. მეორე გაშლილი ხელის ფუძე 4-5-ჯერ საშუალო ძალით დაჰკარით ბეჭებს შორის – ქვემოდან შიგნით და ზევით მიმართულებით (სურ.9);

  3. გადმოაბრუნეთ ბავშვი გულაღმა (თავით ისევ ქვემოთ) და ორი თითით ბავშვის მკერდის ძვალზე ჩაატარეთ ბიძგისებური მოძრაობა 5-ჯერ ისე, რომ მკერდის ძვალი 1,5-2,5 სმ-ით ჩაიზნიქოს (სურ.10);

  4. გაუღეთ პირი, თითით დაიჭირეთ ენა და ქვედა ყბა და ზემოთ წამოუწიეთ. თუ პირში უცხო სხეული ამოგდებული აქვს, ფრთხილად მოაცილეთ (სურ.11);

  5. თუ ბავშვი არ სუნთქავს, 2-ჯერ ჩაბერეთ;

  6. თუ სასუნთქი გზები ისევ დახშულია (ჩაბერვისას გულმკერდი არ მოძრაობს), განაგრძეთ ზურგზე დარტყმა და გულმკერდის შეკუმშვა, სანამ მოხდება უცხო სხეულის ამოხველება და ბავშვს აღუდგება სუნთქვა.

მოზრდილ ბავშვებში

გამოიყენებაუცხო სხეულის მოცილების ე.წ. ჰეიმლიხის მანევრი -გულმკერდის ძვლის ქვევით, კუჭის მიდამოში ვაწარმოებთ რამდენიმე მკვეთრ ბიძგს (სურ.12), რაც იწვევს ფილტვის რეფლექსურ შეკუმშვას და უცხო სხეული ჰაერის ნაკადით ამოიტყორცნება პირის ღრუში, რის შემდეგაც ის ამოღებული უნდა იქნას პირის ღრუდან

პირველი დახმარება სისხლდენის დროს

  • შეაჩერეთ სისხლდენა სისხლმდენ ადგილზე ხელის უშუალო ზეწოლით _ხელის ქვეშ დაიდეთ სტერილური საფენი, სუფთა მარლა ან ბინტი და ისე დააწექით. თუ ხელთ არცერთი არ გაქვთ, მაშინ ნებისმიერი სუფთა ნაჭერი - თუნდაც ტანსაცმლის მონახევი;
  • თუ სისხლდენა არ შეწყდა და ნაჭერი სისხლით გაიჟღინთა, ნაჭერი დაამატეთ და ზეწოლა განაგრძეთ;
  • თუ სისხლდენა კიდურიდანაა, კიდური ააწევინეთ ზევით – გულის დონის ზემოთ;
  • დაურეკეთ ექიმს/სასწრაფოს;
  • არ გამოიყენოთ ლახტი, რადგან ჭრილობის უბნისათვის სისხლის მიწოდების შეწყვეტა ქსოვილების სიკვდილს/ნეკროზს იწვევს. რაც არ უნდა ძლიერი იყოს სისხლდენა, მისი შეჩერება ზეწოლითაც შეიძლება;
  • საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ დამწოლი ნახვევი -სისხლმდენ ადგილზე დააფინეთ სუფთა მარლა, შემდეგ დაადეთ ბამბის მჭიდროდ შეკუმშული ქულა ან რაიმე ნაჭერი და ზევიდან ბინტით მჭიდროდ გადაახვიეთ.

ჭრილობის დამუშავება

ჭრილობის სწორი დამუშავება თავიდან აგაცილებთ შემდგომ გართულებებს და თითქმის 3-ჯერ დააჩქარებს შეხორცების პროცესს.

თუ ჭრილობა სისხლმდენია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა შეაჩეროთ სისხლდენა (იხ. პირველი დახმარება სისხლდენის დროს), შემდეგ, ჭრილობა უნდა ჩამობანოთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით ან საპნიანი წყლით. კანი ჭრილობის გარშემო უნდა გაუსუფთავოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით (სპირტით, წყალბადის ზეჟანგით). დააფინეთ სტერილური საფენი და გადაახვიეთ ბინტით. შეიძლება ჭრილობა თავისთავად სერიოზულად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც მიმართეთ ექიმს, მითუმეტეს, თუ დაზიანება მოხდა მიწით დასვრილი ან ჟანგიანი მახვილი საგნით, რადგან ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება იმუნიზაცია ტეტანუსის პროფილაქტიკის მიზნით. იმუნიზაცია კეთდება მნიშვნელოვანი (ღრმა და დაბინძურებული) ჭრილობების დროს, თუ უკანასკნელი აცრის შემდეგ 5 წელზე მეტია გასული.

ნაკლებად მნიშვნელოვანი ჭრილობების დროს იმუნიზაცია საჭიროა, თუ ტეტანუსზე უკანასკნელი აცრის შემდეგ გასულია 10 წელზე მეტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ტეტანუსზე იმუნიზაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა/ქირურგმა. ექიმი, აგრეთვე, დაგარიგებთ თუ როგორ მოუაროთ ჭრილობას ქირურგიული დამუშავების შემდეგ.

გაითვალისწინეთ:
ჭრილობა არ ჩამობანოთ სუფთა წყლით, მითუმეტეს სპირტით ან იოდით.

ჭრილობაზე არ დააყაროთ არანაირი ფხვნილი, აგრეთვე არ შეიძლება არანაირი მალამოს დადება.

არ შეიძლება უშუალოდ ჭრილობაზე ბამბის დაფენა.

დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს

სისხლდენა ცხვირიდან შეიძლება დაიწყოს ცხვირის ლორწოვანის მექანიკური დაზიანების დროს ხელით ან სხვა საგნით, რესპირატორული ინფექციების დროს, სიცივის და, განსაკუთრებით, მშრალი ჰავის პირობებში (მათ შორის, გათბობით ბინის ზედმეტად გამოშრობის შედეგად). სისხლდენას, რომელიც ცხვირში უცხო სხეულის მოხვედრის შედეგად გამოიწვევა, დროის გასვლის შემდეგ, შეიძლება, თან ახლდეს უჩვეულო სუნის და გამონადენის გაჩენა.

თუ ბავშვს ხშირად ემართება სისხლდენა ცხვირიდან, კონკრეტული მიზეზის დასადგენად აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის სისხლდენისადმი საერთო მიდრეკილება, აგრეთვე სისხლის და სხვა ქრონიკული დაავადებებიც, მაგრამ ამ დროს სისხლდენა და სისხლჩაქცევები სხეულის სხვა არეებშიც გვხვდება.

ცხვირიდან სისხლდენის დროს:

  • უმჯობესია ბავშვი იყოს ჯდომით მდგომარეობაში, რომ ნაკლები სისხლი გადაყლაპოს;
  • გაუსუფთავეთ ბავშვს ცხვირი სისხლის კოლტებისაგან;
  • დაახრევინეთ თავი ოდნავ წინ და დააჭირეთ ცხვირის ძვლოვან და რბილ ნაწილებს საჩვენებელი და ცერა თითები და ჩამოსწიეთ ნიკაპისაკენ მინიმუმ 10 წთ-ს განმავლობაში (სურ.13);
  • თუ სისხლდენა ისევ გაგრძელდა, ზეწოლა განაგრძეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად არსებობს სხვა, აღმოსავლური წერტილოვანი მასაჟის მეთოდიც: ბავშვს თავი უნდა გადავაწევინოთ ოდნავ უკან და კისრისა და თავის ქალის შეერთების ადგილას არსებულ ფოსოში (ჩაღრმავებაში) მივაჭიროთ ცერა თითი რამოდენიმე წუთით.

თუ სისხლდენა მაინც არ წყდება, გამოიძახეთ ექიმი.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი წაიქცა

  • არასოდეს აიყვანოთ ბავშვი წაქცევისთანავე. რამდენიმე წამის განმავლობაში დააკვირდით; თუ ტირის და ხელ-ფეხს ენერგიულად იქნევს, სერიოზული დაზიანებები, სავარაუდოდ, არ აქვს. ასეთ შემთხვევაში ბავშვი აიყვანეთ და დაამშვიდეთ;
  • თუ ბავშვი უგონოდაა ან გაგიჩნდათ ეჭვი, რომ მოტეხილი აქვს ხელი, ფეხი ან კისერი, სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი. ეცადეთ, ბავშვი არ გაანძრიოთ. თუ თქვენ უნდა წაიყვანოთ ბავშვი ექიმთან, მაშინ აუცილებელია კიდურის ან კისრის იმობილიზაცია _ უძრავ მდგომარეობაში გაჩერება. Kამისათვის შეიძლება გამოიყენოთ მუყაო, დაკეცილი გაზეთები ან ჟურნალები. (სურ14); ·
  • თუ არის მტკივნეულობა კისრის არეში, თუ იგი დაჭიმულია და/ან მგრძნობელობა/მოძრაობის უნარი დაქვეითებულია კიდურებში, ეცადეთ არ გაანძრიოთ ბავშვი, დააწვინეთ ან გადააცურეთ მყარ ზედაპირზე თავის გაუნძრევლად. მოათავსეთ ბავშვი ფიცარზე თავის სწორი პოზიციით. თავის ორივე მხარეს სივრცეები ამოავსეთ მაგ, პირსახოცებით. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ბავშვის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადასაყვანად;
  • თუ დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ მაინც ეჭვი გეპარებათ, რომ მიღებული აქვს კისრის ტრავმა, მოიქეცით ისე, როგორც კისრის ტრავმის შემთხვევაში;
  • თუ ბავშვს კისრის და სხვა სახის სერიოზული დაზიანება/მოტეხილობა არა აქვს, მაგრამ მაინც ხმამაღლა ტირის, დაუთვალიერეთ თავი - ხომ არ აქვს გარეგანი სისხლჩაქცევა, გახეთქილი კანი და სხვა სახის თვალით შესამჩნევი დაზიანება. მიეცით თამაშისა და მოსვენების საშუალება, მაგრამ მასზე დაკვირვება განაგრძეთ;
  • თუ ბავშვს აღენიშნება ძილიანობა, ღებინება, მოდუნება, მიმართეთ სასწრაფო დახმარებას. თუ მადა და ქცევა ჩვეულებრივი აქვს, ნუ აღელდებით.

სახის ტრავმა

ტრავმა შეიძლება იყოს სახის არეში, თვალების, ცხვირის და პირის არეების ჩათვლით.

რა ვეძიოთ
თვალის დაზიანება ხშირია. თუ მხედველობა ნორმალურია, ტრავმა სერიოზული არ ყოფილა. თვალის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს თვალის ზედაპირზე ნაკაწრით. პატარა ზომის ბლაგვი იარაღით მიყენებულმა ტრავმამ შეიძლება განაპირობოს თვალში სისხლჩაქცევა და მხედველობის დაკარგვა.

დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი, თუ სახის არეში ტრავმის შედეგად:

  • მხედველობა დაიკარგა ან გაუარესდა;
  • თვალის წინა ნაწილში სისხლია;
  • დაზიანებულია მუდმივი კბილი;
  • გაძნელებულია სუნთქვა ერთი ან ორივე ნესტოთი;
  • სისხლდენა ცხვირიდან გრძელდება 10 წუთზე მეტხანს, მიუხედავად ცხვირის ნესტოებზე ზეწოლის/ ხელის მოჭერისა.

უნდა მიმართოთ ექიმს მაშინაც, თუ

  • თვალი მტკივნეულია;
  • დაზიანებულია მოსაცვლელი კბილი;
  • ცხვირის ფორმა შეცვლილია;
  • ბავშვი წაიქცა პირში ფანქრით;
  • თუ ტრავმის მიზეზები უცნობია.
თუ დაზიანებულია თვალი, შეამოწმეთ მხედველობა. თუ იგი ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგულია ან თუ არის თვალის ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ დახმარებისათვის ექიმს, ექიმის მოსვლამდე კი უფრო მეტი დაზიანებისაგან დასაცავად სუფთა ქსოვილის დახმარებით დაახუჭინეთ თვალი და დააფიქსირეთ (სურ.15).

ცხვირიდან სისხლდენა, როგორც წესი, ნელდება ხელის ცხვირზე მოჭერისას. მოუჭირეთ და დასწიეთ ნიკაპისაკენ, გეჭიროთ 10 წუთი.

თუ ჭრილობა პირის ღრუშია, ავლებინეთ სუფთა სითხეები (შესაძლებელია სოდიანი ხსნარი) 12 საათის განმავლობაში. ამ დროსKკარგია პირში ყინულის გაჩერება.

პირის ღრუს და კბილების ტრავმა

ტრავმები პირის მიდამოში უფრო ხშირად არ არის ძალიან დიდი, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა გაისინჯოს, რათა არ შექმნას პრობლემები მოგვიანებით. პირის ღრუში და ენაზე მცირე ზომის ტრავმები თვითონ ხორცდება, თუ დიდია _ უნდა გაიკეროს. თუ ბავშვმა დაიზიანა პირის ღრუ, როდესაც პირში ჰქონდა ფანქარი ან ჯოხი, ეს სერიოზულია, ვინაიდან შეიძლება ამ დროს ღრმა ქსოვილები დაზიანებულიყო.

კბილები არაიშვიათად ზიანდება სპორტულ შეჯიბრში, ავარიის, ჩხუბის დროს. უნდა დადგინდეს, დაზიანებული კბილი მოსაცვლელია თუ მუდმივი. ტრავმის შემდეგ კბილი შეიძლება მოირყეს, გახდეს უფრო მგრძნობიარე ტემპერატურების მიმართ, გატყდეს, გაიბზაროს, ამოვარდეს, გადაადგილდეს. შეიძლება დაიწყოს სისხლდენა კბილიდან. თუ კბილი მუდმივია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მიმართეთ ექიმს მაშინაც, თუ კბილი მოსაცვლელია.

თუ კბილი მოირყა, გაამაგრეთ იგი თავის ადგილზე და გეჭიროთ 10 წუთი. თუ მუდმივი კბილი ამოვარდა, მოკიდეთ ხელი მის გვირგვინს და გარეცხეთ წყლით საგულდაგულოდ. ჩასვით კბილი თავის ბუდეში რაც შეიძლება სწრაფად. თუ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, შეინახეთ კბილი თქვენი ან ბავშვის ენის ქვეშ ნერწყვში დასასველებლად ან შეინახეთ იგი ოთახის ტემპერატურის რძეში, სანამ მიხვალთ ექიმთან. იმისათვის, რომ კბილი წარმატებით იქნას ჩანერგილი თავის ადგილზე, ეს უნდა მოხდეს მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.

პირველი დახმარება დამწვრობის დროს

დამწვრობის მიზეზი შეიძლება იყოს ელექტროდენი, ცხელი საგნები, ცხელი წყალი ან სხვა სითხეები, ცეცხლი, ქიმიკატები, მზე.

რაც უფრო დიდია დამწვრობით დაზიანებული სხეულის ზედაპირის ფართობი, მით უფრო სერიოზულია დამწვრობა, აგრეთვე, მნიშვნელოვანია, თუ სხეულის რომელი უბანია დაზიანებული და რა მიზეზით მოხდა იგი.

ექიმმა უნდა დაადგინოს სხეულის რა ფართობია დამწვარი. თუ დამწვარია 10%-ზე მეტი, ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

საერთოდ, უფროს ბავშვებში და მოზრდილებში ზედა კიდური სხეულის ფართის 9%-ია, ქვედა – 18%, მკერდი და ზურგი ცალ-ცალკე – 18%, თავი და კისერი ცალ-ცალკე - 9%.

I ხარისხის დამწვრობა იწვევს მხოლოდ სიწითლეს. ის, როგორც წესი, არ იწვევს გართულებებს და შეიძლება სახლის პირობებში განიკურნოს, თუმცა თუ დამწვრობა მოიცავს სხეულის 5%-ზე მეტ ფართობს, საჭიროა ექიმთან მისვლა.

ექიმი გამოიძახეთ დაუყოვნებლივ, თუ:

  • სიწითლესთან ერთად კანზე არის სითხიანი ბუშტუკები (II ხარისხის დამწვრობა);
  • არის უბნები, სადაც დაზიანებულია კანის ღრმა შრეები - მისი ზედაპირი მკვრივი და მოყავისფროა (III ხარისხის დამწვრობა - ასეთ უბნებზე, ხშირად, მგრძნობელობა გამქრალია. ასეთი დამწვრობა ტოვებს ნაწიბურებს და, საერთოდ, საჭიროებს კანის გადანერგვას).
  • არის დამწვრობა კიდურების, თავის, თვალების, ყურების ან სასქესო ორგანოების მიდამოში;
  • ბავშვი სუნთქავს სწრაფად, ქოშინებს;
  • დამწვრობა მოხდა ხანძრის პირობებში, ჩაკეტილ სივრცეში;
  • დამწვრობის მიზეზია ელექტროდენი;
  • დამწვრობა გამოიწვია მჟავეებმა ან ტუტეებმა;

დამწვრობის დროს უნდა დადგინდეს, საჭიროა თუ არა ტეტანუსზე იმუნიზაცია, რასაც ექიმი გადაწყვეტს.

ექიმის მოსვლამდე:

  • დაზარალებულს სასწრაფოდ გახადეთ ტანსაცმელი;
  • დაზიანებული ზედაპირი 5-10 წთ-ით შეუშვირეთ გამდინარე წყლის ჭავლს. არ გამოიყენოთ მალამო, ფხვნილი ან ცხიმი;
  • ნუ გახეთქავთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილ ბუშტუკებს;
  • დაფარეთ ჭრილობა სტერილური საფენით ან რომელიმე არამწებავი სუფთა ქსოვილის ნაჭრით;
  • როდესაც დამწვრობა ახალია, ცივი საფენი, მაგალითად, ნაჭრის ტომსიკაში ჩაწყობილი ყინულის ნატეხები ტკივილს ამცირებს - გამოიყენეთ ცივი საფენი 15 წთ-ის განმავლობაში.
  • მიეცით ტკივილგამაყუჩებელი (მაგ, პარაცეტამოლი);
  • დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხეები.

თუ დამწვრობა მოხდა ქიმიური საშუალებებით;

  • თუ ბავშვს კანზე ან თვალებზე რომელიმე ქიმიური ნივთიერება მოხვდა, სასწრაფოდ ჩამობანეთ დიდი რაოდენობით წყლით: მიიყვანეთ ბავშვი შხაპთან და 30 წთ-ის განმავლობაში ბანეთ თვალები წყლის მუდმივი ნაზი ნაკადით;
  • მოაცილეთ დაბინძურებული ქსოვილი - თუ ქსოვილი ეკვრის დამწვრობის ადგილს, ადვილად მოსაშორებლად, დაასველეთ იგი თბილი წყლით. ნახვევის გამოცვლის დროსაც, კარგად გაასუფთავეთ დაზიანებული არე თბილი წყლითა და საპნით.
  • ფისით დამწვრობისას მოაშორეთ ფისი მცენარეული ზეთით;
  • დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან კლინიკას.

დამწვრობის თავიდან აცილების უპირველესი პირობაა სიფრთხილე:

  • მოარიდეთ ბავშვები ბუხარს, გამაცხელებელ საშუალებებს, უთოს და სხვა ცხელ საგნებს;
  • დამალეთ ასანთი და აალებადი ქიმიური სითხეები;
  • რამდენადაც შესაძლებელია შეამცირეთ წყლის გამაცხელებლის ტემპერატურა;
  • პატარა ბავშვებისათვის, მოათავსეთ სპეციალური ინდიკატორები ან გზის გადამღობი საშუალებები დამწვრობისათვის სახიფათო არეებში;
  • იცოდეთ სახლიდან ხანძრის შემთხვევაში თავის დაღწევის გეგმა და მარშრუტი.

დახმარება კოლაფსის - გულისწასვლის დროს

ბავშვებში ხშირია ე.წ. გულისწასვლა, რომელიც დაკავშირებულია ემოციურ ფაქტორებთან, ალერგიულ რეაქციებთან, შიმშილთან. ამ დროს ბავშვი ფერმკრთალია, პულსი აჩქარებულია, მაგრამ სუსტია, ცნობიერება დაკარგულია. არ დაიბნეთ! გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ექიმის მოსვლამდე:

  • დააწვინეთ ბავშვი სწორ ზედაპირზე თავით ოდნავ ქვევით - ტანის დონეზე უფრო დაბლა;
  • თბილად დააფარეთ (სურ.16);
  • ხელები და ფეხები ზევით აუწიეთ (ასეთი მდებარეობა ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლით უკეთ მომარაგებას.)

ნაკბენის მოვლა

ცხოველის ნაკბენი

გააფრთხილეთ თქვენი ბავშვები, ნუ ითამაშებენ უცხო ცხოველებთან და ნუ მიუახლოვებენ სახეს. ასწავლეთ ბავშვებს ნაცნობ ცხოველებსაც კი წყნარად ეთამაშონ და ნუ დააფრთხობენ მათ შეძახილებითა და მოულოდნელი მოძრაობებით. ნუ დატოვებთ ბავშვებს მარტო უცნობ ძაღლებთან და სხვა პოტენციურად საშიშ ცხოველებთან.

ცოფის მიზეზი შეიძლება გახდეს გარეული ძაღლის, კატის, მელიის, კოიოტის, სინდიოფალას, ღამურას კბენა. ცოფზე უნდა ვიფიქროთ, თუ შინაური ცხოველი იყო ავად, ან თუ ცხოველის აგრესია არ იყო ძალით გამოწვეული. მღრღნელები (თაგვი, ვირთხა, ციყვი, კურდღელი და სხვ.) ჩვეულებრივად, არ არიან ცოფის გადამტანები.

ცხოველის ნაკბენის შემთხვევაში, მათ შორის იმ სიტუაციებშიც, როცა დანამდვილებით არ იცით შეიძლება თუ არა ყოფილიყო ამა თუ იმ ცხოველის ნაკბენი ცოფის გამომწვევი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამსახურს (მაგ. თქვენს ექიმს, სანიტარულ ეპიდემიურ სადგურებს, ჯანდაცვის საქალაქო/რაიონულ განყოფილებებს). თუ არსებობს ეჭვი ცოფზე, შეეცადეთ ცხოველი ამყოფოთ იზოლაციაში დაკვირვების ქვეშ მინიმუმ ათი დღე.

    ექიმს უნდა მივმართოთ დაუყონებლივ, თუ
  • ცხოველი შეიძლება იყოს ცოფის მატარებელი;
  • ჭრილობას ესაჭიროება გაკერვა;
  • ცხოველი ავადაა ან კბენა არ იყო ცხოველის გაღიზიანებით გამოწვეული;
  • ნაკბენი სახეზე ან კიდურებზეა, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ გამოიყურებოდეს ის;
  • ნაკბენმა ღრმა, მიმდებარე ქსოვილები ძალიან დააზიანა, იყო მნიშვნელოვანი სისხლდენა.

თუ ექიმისათვის მაშინვე არ მიგიმართავთ, რადგან დარწმუნებული იყავით ცხოველის საიმედობაში, მაინც მიმართეთ, თუ

  • ჭრილობა არის წითელი, მკვრივი, შეშუპებული, ჩირქმდენი;
  • ბავშვს აქვს ცხელება;
  • ამოეწურა ტეტანუსის იმუნიზაციის ვადა.

რისი გაკეთება შეგიძლიათ

ნაკბენი ადგილი კარგად უნდა გაწმინდოთ. თუ ჭრილობიდან სისხლი სდის, შეწყვიტეთ იგი ზეწოლით. თუ სისხლდენა არ არის, მობანეთ ზედაპირი საპნითა და წყლით მინიმუმ 5 წუთი. შეამოწმეთ ტეტანუსის იმუნიზაციის მდგომარეობა და დარწმუნდით მის ქმედითობაში. თუ არის ცოფის საშიშროება, მაგრამ ცხოველის ავადმყოფობის მდგომარეობა უცნობია, შეეცადეთ, რომ ცხოველი დაიჭირონ და ამყოფონ იზოლაციაში 10 დღე.

მწერის ნაკბენი

მწერებთან და მათ ნაკბენებთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად წელიწადის თბილ პერიოდს უკავშირდება.

მწერის ნაკბენით ადამიანზე გადადის ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ლეიშმანიოზი, მალარია. გარდა ამისა, უბრალო კბენის შედეგად შესაძლოა ბავშვს სხვადასხვა სირთულის ალერგიული რეაქცია განუვითარდეს, რომელთა სიმძიმე დამოკიდებულია არა მარტო მწერის სახეობაზე, არამედ თავად ბავშვის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა აქტიური ბრძოლა დაავადების გადამტან მწერებთან (ღია წყალსაცავების, გუბურების, მიტოვებული შენობების, გამოქვაბულებისა და ცხოველთა სოროების დამუშავება სპეციალური ნივთიერებებით – ინსექტიციდებით). აგრეთვე, მწერების გააქტიურების სეზონზე, განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ იმ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებთაც ალერგიული რეაქციები ადრეც ჰქონიათ. მათ აუცილებლად უნდა ეცვათ ტანსაცმელი, რომელიც მთლიანად დაფარავს სხეულს, განსაკუთრებით საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ. არსებობს მწერების დამაფრთხობელი სპეციალური საშუალებები _ რეპელენტები, კანზე წასასმელი დამცავი კრემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია დაკბენის თავიდან აცილება.

თუ მწერმა მაინც უკბინა:

  • და ნაკბენში ნესტარია ჩარჩენილი, რაიმე ბრტყელი სწორი საგნით ამოიღეთ ისე, რომ არ დააწვეთ მაგრად;
  • ნაკბენი დაამუშავეთ ცივი წყლითა და ტამპონით - ეს ტკივილს შეამცირებს (სურ.17);
  • ექიმთან შეთანხმებით გამოიყენეთ ადგილობრივი მოქმედების ანტიალერგიული მალამო, რომელიც ქავილისა და წვის შეგრძნებას შეამცირებს, შესიებას დააცხრობს.

პირველადი დახმარება მოწამვლისას

მოწამვლა შეიძლება განვითარდეს შხამიანი ნივთიერებების კუჭ-ნაწლავში მოხვედრით ან მომწამლავი აირების შესუნთქვით.

შეინახეთ წამლები და ქიმიური საშუალებები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილებში !

გაზებით მოწამვლისას:

  • სანამ ექიმი მოვა, ბავშვი დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. საჭიროების შემთხვევაში დაიწყეთ ხელოვნური სუნთქვა (იხილეთ ზემოთ);

თუ მოწამვლა მედიკამენტით არის გამოწვეული:

  • სასწრაფოდ დარეკეთ ექიმთან და შეატყობინეთ წამლის სახელწოდება. წამლის კოლოფი არ გადააგდოთ. ექიმის ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედეთ: მიეცით ბავშვს წყალი, რძე ან გამოიწვიეთ ღებინება;
  • ღებინება შეიძლება გამოიწვიოთ ენის ძირზე ზეწოლით (ყოველთვის არ ამართლებს) ან 1-2 სუფრის კოვზი მარილიანი ხსნარის მიცემით (მზადდება 2_4 ჩაის კოვზი სუფრის მარილის გახსნით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში); ასეთი ხსნარის მიღება გამოიწვევს პილორუსის - კუჭის გასავლის სპაზმს და ხელს შეუშლის შხამის გადასვლას ნაწლავებში;

მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, არ გამოიწვიოთ ღებინება, თუ:

  • ბავშვი უგონოდაა ან კრუნჩხვა აღენიშნება;
  • დალეული აქვს ძლიერი მჟავა ან ტუტე;
  • დალეული აქვს ნავთობის პროდუქტი: ნავთი, ბენზინი, სკიპიდარი, ავეჯის საწმენდი;

ასეთ შემთხვევაში ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეთ კლინიკაში;

ყველანაირი მოწამვლის დროს კარგია პირველ ნახევარ საათში 25-50გ (0,25-იანი 10-20 აბი) წყალში გახსნილი გააქტიურებული ნახშირის დალევა 1 :

როგორ მოვიქცეთ მუცლის ტკივილის დროს

მუცლის უეცარი ტკივილი ხშირად გამოწვეულია ისეთი მიზეზებით, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს სამედიცინო ჩარევის გარეშეც. ზოგჯერ კი, ეს მიზეზები შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს და საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

დედის მოვალეობაა, შეეცადოს განსაზღვროს ტკივილის ადგილმდებარეობა, ინტენსიობა. შეაფასოს ტკივილის თანმხლები მოვლენები (ტემპერატურა, პირღებინება, ფაღარათი ან შეკრულობა)

მოერიდეთ თვითმკურნალობას, რატა არ გაამწვიოთ ან არ წაშალოთ მწვავე ქირურგიული დაავადების სურათი.

დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი, თუ:

  • ძლიერი ტკივილი გრძელდება 6 საათზე მეტხანს;
  • მუცელი ხელის შეხებით დაჭიმულია;
  • ტკივილი იყო ზომიერი და უფრო გაძლიერდა;
  • პირღებინება არის ყავის ნახარშის ფერი ან განავალი კუპრისფერი;
  • იყო ტრამვა მუცლის არეში;
  • სუნთქვა ხშირია და ზერელე;
  • ბავშვის ცნობიერება შეცვლილია და სახის გამომეტყველება ძალიან შეწუხებული.

თუ მუცლის ტკივილს ახლავს ტემპერატურის მომატება, ღებინება, ფაღარათი, ექიმის მოსვლამდე:

  • ბავშვს ასვით სითხე პატარ-პატარა ულუფებით ან ჩაის კოვზით;
  • დაუწიეთ ტემპერატურა ფიზიკური მეთოდებით, მაგალითად, სხეულის გრილი წყლით დასველებით.

არ დაალევინოთ ტკივილგამაყუჩებელი, არ გაუკეთოთ ოყნა ექიმთან შეთანხმების გარეშე !

მუცლის ტკივილის ერთ-ერთი სახეა ე.წ. ნაწლავური კოლიკა, რომელიც ხშირია ბავშვებში 2 კვირიდან 4 თვემდე. კოლიკის მიზეზია ნაწლავებში ზედმეტი გაზის დაგროვება. სავარაუდოა, რომ კოლიკა უფრო ხშირად ემართება ადვილად აგზნებად ბავშვებს. კოლიკა არ არის სახიფათო და გაივლის ბავშვის ზრდასთან ერთად.

  • ნაწლავური კოლიკის თავიდან ასაცილებლად, ყოველი კვების შემდეგ ჩვილი გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, სანამ ჰაერს არ ამოაქარვებს;
  • კოლიკის დროს ძალიან კარგად მოქმედებს წელს ქვემოთ თბილი წყლის აბაზანა.

თუ ბავშვს ხშირად აღენიშნება ნაწლავური კოლიკა, მიმართეთ ექიმს. იგი შეგირჩევთ სათანადო წამალს, რომელიც ბავშვს დაეხმარება აირების გამოყოფასა და საკვების მონელების პროცესში.

მონელების პროცესის დარღვევას უკავშირდება შეკრულობით გამოწვეული მუცლის ტკივილი. ტკივილი და დისკომფორტი თან ახლავს მკვრივ განავლოვან მასებს, უფრო ხშირად კი _ ნახეთქს სწორ ნაწლავში. ასეთ შემთხვევაში განავალში, შეიძლება, შერეული იყოს ღია ალისფერი სისხლი.

აპენდიციტი იწვევს მწვავე, ძლიერ ტკივილს, რომელიც იწყება მუცლის შუაში და გადაინაცვლებს მარჯვნივ და ქვემოთ. მუცელი მტკივნეულია შეხებით, ტკივილი ხშირად უფრო ძლიერდება, როდესაც მასზე დაჭერილ ხელს უცბად ავუშვებთ. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დიაგნოზის დადგენა ძნელია. ცხელება პირღებინებით, გულისრევით და უმადობით შედარებით აადვილებს დიაგნოზის დადგენას.

გამოიძახეთ ექიმი, თუ:

  • ნაწლავის მოქმედება მტკივნეულია;
  • განავალში სისხლია;
  • ნაწლავთა მოქმედება არ ყოფილა 5 დღე.
გაითვალისწინეთ!
  • ბავშვის რაციონი მდიდარი უნდა იყოს ხილით და ბოსტნეულით, აუცილებელია მიიღოს სითხე (განსაკუთრებით სუფების სახით), კარგია შავი ქლიავისა და ლეღვის ჩირის ნახარში;
  • ბროწეული, მოხარშული კარტოფილი, მოხარშული სტაფილო, ბრინჯი შემკვრელია;
  • ნუ გამოიყენებთ ოყნასა და სანთლებს ექიმთან შეთანხმების გარეშე.

მოვლითი ხასიათის ტკივილი ჭიპის ირგვლივ ახასიათებს ჭიებით ინვაზიას. მუცლის ტკივილის გარდა ამ დროს არის სხვა სიმპტომებიც _ გულისრევა, უმადობა, კბილების კრაჭუნი, გაძლიერებული ნერწყვდენა, პერიოდულად თავის ტკივილი. ამ ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს, რომელიც მოგცემთ შესაბამის დანიშნულებას.

რა უნდა ვიცოდეთ პირღებინების დროს

ღებინება, უხშირესად, დაკავშირებულია გასტროენტერიტთან (კუჭ-ნაწლავის ანთებასთან) ან მოწამვლებთან. ხშირად პირღებინება შეუღლებულია ხოლმე გულისრევასთან, ცხელებასთან, ფაღარათთან. ზოგჯერ მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება დიეტით.

პირღებინება შიძლება იყოს მწვანე, სისხლიანი, ყავის ნახარშის მაგვარი. პირღებინება შეიძლება დაკავშირებული იყოს ყურის, სანაღვლე და საშარდე გზების, ნერვული სისტემის ინფექციასთან - ამ დროს ფაღარათი Aარ არის გამოხატული.

აცეტილსალიცილის მჟავით (შეიცავს ასპირინი, უფსარინ-უფსა, ციტრამონი, თრომბოასპირინი...) მოწამვლას შეიძლება მოყვეს სისხლიანი პირღებინება.

ღებინება შეიძლება დაიწყოს თავის ტრამვის მიღებისთანავე და შექმნას პრობლემა, თუ დიდხანს გაგრძელდა; მუცლის ტრავმისა და უცხო სხეულის გადაყლაპვისას დაწყებული პირღებინება გამავლობის დარღვევაზე მიუთითებს.

ღებინების შემთხვევაში ბავშვი საწოლში მოათავსეთ გვერდზე, არავითარ შემთხვევაში პირაღმა, რადგანაც შესაძლებელია ნაღებინები მასების მოხვედრა სასუნთქ გზებში, რაც მოხრჩობას - ასპირაციას გამოიწვევს.

პატარა ბავშვები ზოგჯერ ამოიღებენ ხოლმე საკმაო რაოდენობითAმასებს ჭამიდან 30-45 წუთში. Eეს, ხშირად, კუჭსა და საყლაპავს შორის კუნთოვანი რგოლის სისუსტის შედეგია, მას ხალაზია ეწოდება და მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს. საჭმლის ამობრუნება, შეიძლება, არასწორი კვებითაც იყოს გამოწვეული. ხალაზიანი ახალშობილისათვის მნიშვნელოვანია კვების სწორი ტექნიკის დაცვა. ბავშვი უნდა კვებოთ ვერტიკალურ პოზიციაში და ამ პოზიციაში დატოვოთ კვების მერეც 30-45 წუთის განმავლობაში. კვებეთ ბავშვი პატარა ულუფებით, ხშირ-ხშირად.

ექიმი უნდა გამოვიძახოთ დაუყოვნებლივ, თუ

  • პირღებინება სისხლიანია;
  • ტკივილი მუცელში გრძელდება 2 საათზე მეტ ხანს და/ან ძლიერდება;
  • იყო მუცლისა და თავის ტრავმა;
  • მოწამვლის დროს;
  • ბავშვი აგზნებულია ან მოდუნებულია;
  • აკარგული აქვს ბევრი სითხე – შემცირებულია შარდვა (მშრალი საფენები), გამომშრალია ლორწოვანი გარსები - ენა, თვალები, არის ძილიანობა, ჩქარი სუნთქვა.

რამოდენიმე საათში, თუ

  • ღებინება გრძელდება 24 საათზე მეტხანს;
  • არის პირღებინება უფაღარათოდ;
  • ბავშვი სხვა მიზეზით იღებს მედიკამენტებს, რომელთაც შეიძლება გამოეწვიათ ღებინება;
  • შარდვა მტკივნეული, გახშირებული და სისხლიანია;
  • აღენიშნება ყურის ტკივილი.

რისი გაკეთება შეგიძლიათ

ბავშვი მოარიდეთ მაგარ საჭმელს 6-8 საათი. კარგი შედეგი აქვს მცირე ულუფებით კვებას, სასარგებლოა სითხეები (სურ.18), სითხის შემცველობის აღმდგენი მარილოვანი ხსნარების მიცემა (მაგ. რეჰიდრონი) – ოთახის ტემპერატურის გაზგაცლილი სოდიანი წყალი ან ბორჯომი. ნელ-ნელა მოუმატეთ სითხის რაოდენობა 6-8 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, თუ ღებინება აღარ არის, ფრთხილად გააფართოვეთ დიეტა `კრეკერებით~, წმინდა სუფით, გამომშრალი პურით.

თავის ტკივილი

5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს იშვიათად აქვთ თავის ტკივილი უმიზეზოდ.

რა ვეძიოთ

პატარებში თავის ტკივილი შეიძლება თან ახლდეს ინფექციებს. ამ დროს ხშირია კუნთების ტკივილი. კისრის კუნთების დაჭიმულობა შეიძლება მიუთითებდეს ტვინის გარსის ანთებაზე (მენინგიტზე).

უფრო მოზრდილ ბავშვებში და მოზრდილებში სტრესი და დაძაბულობა თავის ტკივილის და კისრის კუნთების სპაზმის სავარაუდო მიზეზებია. ამ შემთხვევაში, ტკივილი ძლიერდება დღის ბოლოს და არის მოჭერითი, მუდმივი, პულსირებადი და ცალმხრივი ხასიათის. ტკივილი, თუ იგი უეცრად იწყება და თან ერთვის გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, თვალის პრობლემები - სავარაუდოდ `შაკიკია~.

თავის ტკივილს შეიძლება წინ უსწრებდეს თავის ტრავმა, გულყრა. თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია არასრული წვის წყაროდან (გაუმართავი გამათბობელი ბინაში, მანქანაში და სხვა); თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს აგრეთვე ცუდი მხედველობა.

თავის ტკივილის დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ ექიმი/სასწრაფო დახმარება, თუ

  • ტკივილი ძლიერი და მუდმივი ხასიათისაა;
  • კისრის კუნთები დაჭიმულია;
  • ბავშვის ქცევა შეცვლილია: აგზნებულია ან მოდუნებული;
  • გუგები არათანაბარია;
  • არის რიგი პრობლემებისა – გონების დაბინდვა, მეტყველების გაძნელება, მხედველობის გაუარესება, პირღებინება, წონასწორობის დაკარგვა;
  • მიღებული აქვს თავის ტრავმა;
  • ბავშვი 5 წელზე ნაკლებისაა.

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ:

  • მუდმივი ტკივილი გრძელდება 48-72 საათზე მეტხანს;
  • სიცხის გარდა სხვა სიმპტომები არ არის;
  • ტკივილი აღვიძებს ბავშვს ან გრძელდება 24 საათზე მეტხანს.

ყურის ტკივილი

ყურის ტკივილი ბავშვებში ხშირია და მას იწვევს ყურის არხის - ევსტაქის მილისა და შუა ყურის ინფექცია.

რესპირატორული ინფექციების დროს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო ძნელდება ცხვირიდან გამონადენის გამოსვლა და ნესტოების ბუნებრივი გასუფთავება, რის შედეგადაც გროვდება სითხე და ინფექცია, ევსტაქის მილის (ცხვირხახას აკავშირებს შუა ყურთან) გავლით, ადვილად ხვდება შუა ყურში.

ჩვილ ბავშვებში ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს აგრეთვე გადაცდენილი საკვები, რომელიც ევსტაქის მილის გზით შესაძლოა მოხვდეს შუა ყურში. რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია _ არ კვებოთ ბავშვი ბოთლიდან მწოლიარე მდგომარეობაში.

ყურის ტკივილის დროს ბავშვი აგზნებულია და ტირის. თუ ბავშვი პატარაა და ვერ ამბობს რა აწუხებს, ის დაიწყებს ყურზე ხელის ხშირ შეხებას, შესაძლოა გაუწითლდეს გარეთა სასმენი ხვრელი, ხვრელის საზღვართან ხელის დაჭერისას კი ბავშვი ტირილს იწყებს.

  • თუ ბავშვს აქვს ტემპერატურა, სიცხის დასაწევად და ტკივილის დასაყუეჩბლად მიეცით იბუპროფენი (ნუროფენი, იბუფენი, იბუპრენი);
  • ყური შეუხვიეთ თბილად;
  • თუ ყურიდან გამონადენი არა აქვს, ჩააწვეთეთ ტკივილგამაყუჩებელი წვეთები (სურ.19);
  • მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ თავისუფალი სუნთქვა ცხვირით.

ყურის ანთებას თუ არ ვუმკურნალეთ, ჩირქმა შეიძლება დაფის აპკის მთლიანობა დაარღვიოს და, იშვიათად, ანთებითი პროცესის უმკურნალოდ დატოვების შემთხვევაში, ბავშვმა შეიძლება სმენა დაკარგოს.

ბავშვებში ყურის ტკივილი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფერული წნევის უეცარმა ცვლილებებმა: მთიდან დაშვება, თვითმფრინავის დაშვება და ა.შ. ამ დროს საჭიროა პირის დახურვა, ცხვირის ნესტოებზე ხელის მოჭერა, რომ გარედან ჰაერი არ შევიდეს და ნერწყვის გადაყლაპვა. პატარებისათვის გამოდგება სპეციალური საღეჭი ან ბოთლის საწოვარა.

სხეულის ტემპერატურის მომატება - სიცხე ანუ ჰიპერთერმია

სხეულის ტემპერატურის მომატება ბავშვთა დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია.

ტემპერატურის მომატების ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა. თუმცა ტემპერატურის მომატება შეიძლება განაპირობოს ზედმეტად თბილად ჩაცმამ, შიშმა და სტრესმა, გადაჭარბებულმა ვარჯიშმა, გარემოს სიცხემ. კბილების ამოჭრა ტემპერატურის მნიშვნელოვან მომატებას არ იწვევს. იმუნიზაციამ, მაგალითად დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსზე, შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის მომატება იმუნიზაციიდან 48 საათის განმავლობაში.

სიცხე ინფექციის მხოლოდ ერთი სიმპტომია. ბავშვს შეიძლება იმავდროულად ჰქონდეს სურდო, ყელის ტკივილი, ყურის ტკივილი, ხველა, ღებინება ან ფაღარათი. ცხელებიანი ბავშვი ხშირად ჭირვეულია ან მივარდნილი, აქვს გაწითლებული სახე, აჩქარებული გულისცემა და სუნთქვა. ზოგიერთი ბავშვი ბოდავს. ეს სიმპტომები უნდა გამოსწორდეს ტემპერატურის დაქვეითებისას. თუ ასე არ მოხდა, ბავშვი უნდა ნახოს ექიმმა.
მაღალი ტემპერატურის დროს ზოგიერთ ბავშვს ემართება გულყრა - კრუნჩხვა (იხ. დახმარება გულყრის დროს).

უნდა გახსოვდეთ, რომ საკვების მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, აგრეთვე ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს სხეულის ტემპერატურა შეიძლება იყოს სუბფებრილური - 370C-37,50C.

გამოიძახეთ ექიმი დაუყოვნებლივ თუ:

  • ბავშვი 3 თვეზე პატარა ასაკისაა;
  • ავლენს ცვლილებებს ქცევაში, გადაჭარბებული აგზნებადობა ან ძილიანობა;
  • გამოიყურება უფრო ცუდად, ვიდრე მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით ტემპერატურის დაქვეითების შემდეგ;
  • გამოხატულია კისრის კუნთების დაჭიმულობა, აქვს თავის ტკივილი, გულყრები, ღებინება;
  • კანზე აქვს წითელი წერტილოვანი გამონაყარი;
  • დაკარგა დიდი რაოდენობით სითხე (აქვს შემცირებული შარდვა, კანი და ლორწოვანი გარსები მშრალია).

ტემპერატურის გაზომვის ტექნიკა

ჩვილ ბავშვებში ტემპერატურის გაზომვის წინ თერმომეტრი დაბერტყეთ, წაუსვით ვაზელინი, ცივი კრემი ან დაასველეთ ცივი წყლით, შეუყვანეთ სწორ ნაწლავში და გააჩერეთ 3 წუთი.

მოზრდილი ბავშვისათვის პირის ღრუში ტემპერატურის გასასინჯად ჩაუდეთ თერმომეტრი ენის ქვეშ 3 წუთი, თუ მას 15 წუთი არაფერი დაულევია. იღლიაში ტემპერატურის გასასინჯად მოათავსეთ იგი იქ მშრალად 4-6 წუთი.

ბავშვს `სიცხე~ აქვს, როცა ტემპერატურა 37,50C -ზე მეტია სწორ ნაწლავში ან 37,00C-37,20C -ზე მეტი – იღლიაში. ე.ი. იღლიაში ტემპერატურა 0,50C -ით ნაკლებია, ვიდრე სწორ ნაწლავში.

ტემპერატურა იღლიაში 380C-ზე ქვემოთ არ მოითხოვს მკურნალობას, რადგან ტემპერატურა არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია, აძლიერებს იმუნურ პასუხს. მაგრამ სიცხის დამწევს ვაძლევთ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ გულის თანდაყოლილი მანკი, ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი მოშლა, კრუნჩხვის ეპიზოდები ან ბავშვი საერთოდ ცუდად იტანს ტემპერატურის მომატებას (აგზნებულია ან მოდუნებულია, არაკონტაქტურია).

მკურნალობა: ბავშვს მიეცით დიდი რაოდენობით სითხეები. საჭმელი არ დააძალოთ, მაგრამ შიმშილიც არ შეიძლება. სიცხის დამწევად იხმარება პარაცეტამოლი და იბუპროფენი ასაკობრივი დოზირებით.

ასპირინი ბავშვებში არ ინიშნება!

არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე!

თუ სიცხეს თან ახლავს ღებინებაც, იხმარეთ პარაცეტამოლი სანთლის სახით (მოქმედებას იწყებს 20-30 წუთის შემდეგ).

თუ ტემპერატურა 39,50C-ზე მეტია და პარაცეტამოლით არ იკლებს, მაშინ მიმართეთ გაგრილების ფიზიკურ მეთოდს: ბავშვს ტანი დაუსველეთ 30-320C წყალში დასველებული ღრუბლით ან ნაჭრით 5 წუთის განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ 4-5-ჯერ ყოველ ნახევარ საათში. მიეცით დასალევად დიდი რაოდენობით გრილი სითხეები.

თუ ტემპერატურა 40,5 - 420C-ია, მიზანშეწონილია ბავშვის აბაზანაში ჩასმა, სადაც წყლის საწყისი ტემპერატურა უნდა იყოს სხეულის ტემპერატურაზე ოდნავ დაბალი (400C-მდე) და ნელ-ნელა უნდა გაგრილდეს 370C-მდე. აბაზანაში ბავშვის ყოფნა უნდა გაგრძელდეს 10 წუთი. ამ დროს სითბოს გაცემა 3 -ჯერ მეტია, ვიდრე დაზელვით. კარგია, თუ აბაზანაში ჩაამატებთ 1 სუფრის კოვზ ვალერიანის ნაყენს (სურ.20).

გადახურება (სითბური და მზის დაკვრა)

გადახურების დროს სხეულის ტემპერატურა მაღალია, სახე წითელი, ბავშვს აქვს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება. გამოხატულია კანისა და ლორწოვანების სიმშრალე (ენა მშრალია), შეიძლება იყოს გონების დაკარგვა. მზის დაკვრის დროს არის მხედველობის დარღვევა, აჩქარებული მაჯისცემა და გახშირებული სუნთქვა.

ბავშვს უნდა ჩაუტარდეს გრილი წყლის აბაზანები, სხეულის გაგრილება “ვენტილატორით~, მოუთავსდეს ყინულის პაკეტები საზარდულის და იღლიის ფოსოებში. მზის დაკვრის დროს საჭიროა თავზე ცივ წყალში დასველებული პირსახოცის შემოხვევა, დიდი რაოდენობით ცივი სითხის დალევა.

როცა ტემპერატურა დაიწევს 38,50-მდე, ეს პროცედურები უნდა შეწყდეს.

დახმარება გულყრის (კრუნჩხვის) დროს

გულყრა ტვინის ფუნქციის გარდამავალი დარღვევაა, რომელიც გამოწვეულია მასში არსებული გაღიზიანების/აგზნების კერით. Gგულყრის ბევრი მიზეზი და სხვადასხვა ფორმა არსებობს. ბავშვებში, რომლებიც იღებენ კრუნჩხვის საწინააღმდეგო მკურნალობას, გულყრის განახლების უხშირესი მიზეზი მკურნალობის დროზე ადრე და უეცარი შეწვეტა ან წამლის არარეგულარული მიღებაა. ამიტომ, წამლის თვითნებური შეწყვეტა არ შეიძლება.

გულყრა, უმეტეს შემთხვევაში, ცხელების მიზეზით ვითარდება და მას ფებრილური გულყრა ეწოდება, ხშირია 6 თვიდან 6 წლამდე ასაკში და მოსალოდნელია ჯანმრთელ ბავშვების 2-დან 5%-ში. ფებრილური გულყრები თავისთავად გაივლის და არ არის სახიფათო შემდგომი ზრდა-განვითარებისათვის - ხანმოკლე ცხელებითი (ფებრილური) გულყრა თავის ტვინს არ აზიანებს. თუ ფებრილური გულყრა რამდენჯერმე გამეორდა, აუცილებლად მიმართეთ ნევროპათოლოგს.

გულყრის დროს ბავშვი ჭიმავს კიდურებს და ტანს (სურ.22), შემდეგ დუნდება, თვალებს ატრიალებს უკან და კარგავს ცნობიერებას. გულყრას ხშირად თან ახლავს უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. შეტევა გრძელდება 1-2 წუთი და თავისთავად ჩაივლის, ზოგჯერ, შეიძლება, გაგრძელდეს ან განმეორდეს. გულყრის შემდეგ ბავშვი გადადის ძილის მდგომარეობაში.

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლივ, თუ:

  • თუ გულყრა პირველია;
  • გულყრა გახანგრძლივდა 1-2 წუთზე დიდხანს;
  • სუნთქვა გაძნელებულია;
  • კანი, ტუჩები და ფრჩხილები გალურჯებულია;
  • ტემპერატურა მაღალია;
  • ბავშვს აქვს ღებინება, კისერი გამაგრებულია ან სტკივა თავი;
  • კანზე აქვს გამონაყარი, რომელიც თითის დაჭერით არ ფერმკრთალდება, ან ვარსკვლავისებური სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით დუნდულოებზე.

მიმართეთ ექიმს რამდენიმე საათში, თუ:

  • ბავშვს ჰქონდა გაშეშების, სახის, ენისა და პირის უჩვეულო მოძრაობის ეპიზოდი;
  • ბავშვს აქვს ცხელებითი გულყრა, გამოკვლეულია, ამჟამად ტემპერატურა მაღალია (36 საათზე მეტხანს) ან იქცევა უცნაურად, აღებინებს, ტკივა თავი, დაჭიმული აქვს კისერი ან აქვს გამონაყარი, რომელიც ხელის დაჭერით არ უფერულდება.

რისი გაკეთება შეგიძლიათ გულყრის დროს?

  • გულყრის დროს შეამოწმეთ, შეუძლია თუ არა ბავშვს ნორმალური სუნთქვა, თავისუფალია თუ არა სასუნთქი გზები, გაუთავისუფლეთ პირი ნაღებინები მასისგან, დააკვირდით სუნთქავს თუ არა. თუ არ სუნთქავს ჩაუტარეთ იგივე დახმარება, როგორც სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისა და ხელოვნური სუნთქვის საჭიროების დროს;
  • დარწმუნდით, რომ ბავშვმა არ დაიზიანა თავი და კიდურები;
  • დააწვინეთ ბავშვი გვერდზე, საშუალოდ რბილ ზედაპირზე. საჩვენებელი და ცერა თითები მოსჭიდეთ ქვედა ყბის კუთხეებთან და ქვედა ყბა წინ წამოუწიეთ სასუნთქი გზების გამავლობის შესანარჩუნებლად და ჰაერის ნაკადის უკეთესად შესაღწევად. აუცილებელია უზრუნველყოთ ნორმალური სუნთქვა და სუფთა ჰაერი;
  • თუ პირი ღია აქვს, კბილებს შორის ჩაუდეთ რაიმე რბილი, მაგ. პირსახოცი;
  • თუ გულყრა განვითარდა ტემპერატურის ფონზე, მიეცით ტემპერატურის დამწევი საშუალება ასაკობრივი დოზით.

ბავშვი, რომელსაც გულყრები უმეორდება, უნდა მოარიდოთ მისთვის სახიფათო ვითარებებს – არ დატოვოთ უმეთვალყურეოდ აბაზანაში, არ იცურაოს მარტო, მოარიდეთ ველოსიპედს, ტურნიკზე ქანაობას, კლდეზე ცოცვას, ბასრ საგნებს.

აუცილებელია, ექიმის მიერ დადგინდეს გულყრის მიზეზი.

კრუპი

კრუპი არის ხორხის - სასუნთქი მილის ხმოვან იოგებთან მიმდებარე ადგილის ლორწოვანი გარსის ანთება, რასაც ახლავს ხმის ჩახლეჩვა, ‘მყეფავი" ხველა და სუნთქვის გაძნელება (განსაკუთრებით ჩასუნთქვისას). ხორხის ლორწოვანის შეშუპებამ და სპაზმმა შეიძლება გამოიწვიოს ზემო სასუნთქი გზების გადაკეტვა - ობსტრუქცია, რაც სიცოცხლისათვის სახიფათოა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დედამ სწორად შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა და ექიმის მოსვლამდე მიიღოს სათანადო ზომები.

ადრეულ ბავშვთა ასაკში ზედა სასუნთქი გზების და ხორხის ხშირი ობსტრუქცია განპირობებულია სასუნთქი ორგანოების ანატომო-ფიზიოლოგიური თავისებურებებით. ამიტომ კრუპი, როგორც წესი, 3 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ვითარდება.

კრუპი არსებობს ნამდვილი და ცრუ. ცრუ კრუპის უხშირესი მიზეზი ვირუსია, თუმცა მნიშვნელოვან როლს ალერგიული ფაქტორიც ასრულებს. ნამდვილი კრუპი კი ვითარდება დიფტერიის დროს.

ცრუ კრუპი ხშირად მწვავდება ღამით, 2-დან 6 სთ-მდე. ბავშვს ეწყება ხველა შეცვლილი ხმით, სუნთქვის გაძნელება მოხრჩობის შეგრძნებით, შეიძლება ჰქონდეს ტემპერატურაც.

რისი გაკეთება შეგიძლიათ კრუპის დროს?

  • პირველ რიგში საჭიროა ბავშვს მიაწოდოთ სუფთა დანოტივებული ჰაერი;
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს აუცილებელია, რათა მოხდეს ცრუ და დიფტერიული კრუპის დიფერენცირება, ამავე დროს თავიდან ავიცილოთ სასუნთქი გზის გადაკეტვა ხორხსარქველის შეშუპების გამო.

ექიმის მოსვლამდე:

  • კარგია ბავშვს ასუნთქოთ სოდიან-მარილიანი წყლის ორთქლი;
  • კარგად მოქმედებს ფეხების თბილი აბაზანა და მთელი ტანის აბაზანა 370C -დან თანდათან 400C -მდე მომატებული ტემპერატურის წყლით. აბაზანის მსგავსი შედეგის მისაღწევად, შეიძლება, თბილი ორთქლით გავსებულ სააბაზანო ოთახში ბავშვის გაჩერებაც;
  • კისრის ირგვლივ თბილი კომპრესის დადებამ, შესაძლებელია, მდგომარეობა შეუმსუბუქოს;
  • ასვით დიდი რაოდენობით თბილი სასმელი (ბორჯომი, რძე, ჩაი);
  • არ მისცეთ ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე;
  • თუ ბავშვი ალერგიულია, დაალევინეთ ანტიჰისტამინური - ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი.

გადაუდებელი შემთხვევების დროს გირჩევთ არ დაიბნეთ, რადგან ყოველი დაკარგული წუთი ბავშვის მდგომარეობას დაამძიმებს

როცა ამის საშუალება არსებობს, დაგეგმეთ საცხოვრებელი გარემო ისე, რომ ბავშვი მაქსიმალურად მოარიდოთ სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებს

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2009 The GENESIS Association